4 მაკაბელთა 6
- 1
მბრძანებლის შეგონებებზე ამ პასუხისათვის მცველებმა ძალით მიათრიეს ელეაზარი საწამებელ იარაღებთან.
- 2
ჯერ შესამოსელი შემოაძარცვეს მოხუცს, ყოველი სიკეთითა და ღვთისმოსაობით შემკობილს.
- 3
შემდეგ ყოველი მხრიდან დაუშინეს მას შოლტები.
- 4
ხოლო მის წინ მაცნე გაჰყვიროდა: დაემორჩილეთ მეფის ბრძანებებსო!
- 5
დიდსულოვანი და კეთილშობილი ელეაზარი კი, როგორც ჭეშმარიტი ელეაზარი, შეუძვრელი იყო, თითქოს სიზმარში ეწამებაო.
- 6
მოხუცს თვალები მაღლა, ზეცისკენ ჰქონდა აპყრობილი, მისი ხორცი კი შოლტებით იფლითებოდა, სისხლი ღვარად სდიოდა დასერილ ფერდებზე.
- 7
თუმცა მიწაზე ეგდო, რადგან სხეულს აღარ შეეძლო წამების ატანა, მისი გონება მტკიცე და შეურყეველი იყო.
- 8
ვიღაც სასტიკი ჯარისკაცი ფერდებში წიხლის ცემით წამოგდებდა ხოლმე ფეხზე, რომ ისევ ცემით მიწაზე დაეგდოთ.
- 9
მაგრამ მოთმინებით იტანდა ტკივილს და, ძალადობის არადჩამგდები, უძლებდა ტანჯვა-წამებას.
- 10
მოხუცმა ღირსეული ათლეტის მსგავსად, თუმცა ნაცემი იყო, სძლია თავის მტანჯველებს.
- 11
სახეზე ოფლმდინარი და სულთმობრძავი თავის მტანჯველებსაც კი აოცებდა სულის სიმტკიცით.
- 12
მაშინ, არ ვიცი, მისი ხანდაზმული ასაკის გამო შეიძრა სიბრალულით,
- 13
არ ვიცი, მისი ნაცნობი იყო და მისი თანაგრძნობა სურდა, თუ მისმა მოთმინებამ გააოცა, მეფის ერთი მხლებელთაგანი მივიდა მასთან და უთხრა:
- 14
რად იღუპავ ასე უგუნურად თავს, ელეაზარ?
- 15
ჩვენ ხომ შენ დიდებულ საჭმელს გთავაზობთ; დათანხმდი, იქნებ გასინჯო ღორის ხორცი და გადაირჩინე თავი.
- 16
ხოლო ელეაზარმა, თითქოს ამ რჩევამ უფრო გაამწარაო, წამოიყვირა:
- 17
ნუ ვიფიქრებთ, აბრაამის ძენო, ასე ცუდად, თითქოს აქ სულმოკლეობის გამო ჩვენთვის შეუფერებელი წარმოდგენა იყოს გამართული.
- 18
უგუნურება ის იქნებოდა, რომ ახლა შევცვლილიყავით, როცა ხანდაზმულობას მართალი ცხოვრებით მივაღწიეთ და აქამდე ღვთის დიდებას რჯულის თანახმად ვინახავდით,
- 19
და უღვთობის ნიმუშად მოვვლენოდით ახალგაზრდობას და უწმიდურთმჭამელობის მაგალითი შევქმნილიყავით.
- 20
სამარცხვინო იქნება, თუ მცირედი დროით სიცოცხლე გავიხანგრძლივეთ და ამ ხნის მანძილზე ქვეყანამ დაგვცინა სულმოკლეობის გამო,
- 21
და ჩვენმა მტარვალმაც კი შეგვიზიზღა, რომ ვერ დავიცავით ჩვენი ღვთიური რჯული.
- 22
დაე, ღირსეულად შევხვდეთ სიკვდილს ჩვენი რჯულისათვის, აბრაამის ძენო!
- 23
აბა, ნუღარ აყოვნებთ, მტარვალის მცველნო!
- 24
როცა დაინახეს, რომ იგი ასე მხნედ შეხვდა განსაცდელს და რომ მათმა სიბრალულმა არ შეცვალა, მცველებბა იგი კოცონთან მიიყვანეს.
- 25
რაღაც უკეთური მანქანებით აღგზნებულ ცეცხლში შეაგდეს და თან რაღაც საზიზღარი სითხე ჩააღვარეს ნესტოებში.
- 26
მან კი, თითქმის ძვლებამდე დამწვარმა, უკვე გონსაც რომ კარგავდა, ღვთის მიმართ აღაპყრო თვალები და თქვა:
- 27
შენ უწყი, ღმერთო, შემეძლო მეხსნა თავი, მაგრამ რჯულისთვის ვკვდები ცეცხლის მორევში.
- 28
შეიწყალე შენი ხალხი და საკმარისი იყოს მათთვის ჩვენი სასჯელი.
- 29
ჩემი სისხლით განწმიდე ისინი და მათი სულის სანაცვლოდ მიიბარე ჩემი სული.
- 30
ესა თქვა წმიდა კაცმა და წამებაში ღირსეულად დალია სული, გონებით დაითმინა რა სასიკვდილო წამებანი რჯულის გულისთვის.
- 31
ამგვარად, ეჭვი არ არის, რომ ვნებათა მბრძანებელია ღვთისმოსავი გონება.
- 32
რადგან ვნებებს რომ დაეძლია გონება, მაშინ მათ მბრძანებლობას დავადასტურებდით.
- 33
მაგრამ ახლა ვნებებზე რომ გაიმარჯვა გონებამ, ჯეროვნად მას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა.
- 34
მართებულიცაა, ვაღიაროთ ძლიერება გონებისა, რომელიც სძლევს, რა სასაცილოდაც უნდა მოგვეჩვენოს, გარედან თავსმოხვეულ ტანჯვას.
- 35
მე იმასაც ვმოწმობ, რომ მარტო ტანჯვას კი არ სძლევს გონება, არამედ სიამეთაც სძლევს იგი და მათ წინაშეც არ იხევს უკან.