4 მაკაბელთა 7
- 1
ჩინებულ მესაჭესავით ეპყრა ჩვენს მამას, ელეაზარს, გონების საჭე და მიჰყავდა ღვთისმოსავობის ხომალდი ვნებათა ზღვაში.
- 2
მტარვალის მუქარით ღელვილს და წამებათა მძლეველ ტალღებით გარემოცულს,
- 3
არსად მცდარი გეზით არ მიუმართავს ღვთისმოსავობის საჭე, ვიდრე უკვდავი გამარჯვების ნავსაყუდელს არ მიადგა.
- 4
მრავალგვარი საალყო მანქანებით გარსშემორტყმულ ქალაქს არ გადაუტანია იმდენი, რამდენიც ამ ყოვლაწმიდა კაცმა გადაიტანა, თუმცა მისი წმიდა სიცოცხლე ტანჯვა-წამების ალში იწვოდა, მან სძლია მოალყეებს ღვთისმოსავური გონების უარით.
- 5
გონების აზიდვით მაღალ მწვერვალზე თავი დააღწია მამა ელეაზარმა ვნებათა გიჟურ ტალღებს.
- 6
მღვდლობის ღირსო მღვდელო, არ წაგიბილწავს შენი წმიდა კბილები და არც ღვთისმოშიშობისთვის და სიწმიდისთვის განკრძალული შენი მუცელი არ შეგირყვნია უსურმაგის ჭამით.
- 7
ო, რჯულის თანხმიერო და ღვთიურო ცხოვრების ფილოსოფოსო!
- 8
ასეთი უნდა იყოს რჯულის მოქმედი, მისი დამცველი საკუთარი სისხლითა და კეთილშობილური ოფლით, თუნდაც ტანჯვაში სიკვდილი ელოდეს.
- 9
შენ, მამაო, ჭირთამძლეობის წყალობით განამტკიცე რჯულისადმი ჩვენი ერთგულება და არც სიწმიდე დაგიგმია, რომელსაც განადიდებდი; არამედ საქმითაც სარწმუნო ჰყავი ღვთაებრივი ფილოსოფიის სიტყვები.
- 10
ო, განსაცდელთა მძლეველო ბერიკაცო, ცეცხლზე უფრო გამძლე მოხუცო, ვნებათა დიდო მბრძანებელო, ელეაზარ!
- 11
როგორც მამა აარონმა სასაკმევლით ხელში გაარღვია ხალხის ბრბო და ცეცხლოვან ანგელოზზე გაიმარჯვა,
- 12
ასევე აარონის შთამომავალმა ელეაზარმა, ცეცხლში ჩაგდებულმა, არ შეიცვალა გონება.
- 13
რაოდენ საოცარია, რომ მოხუცის დაჩაჩანაკებული სხეული, დაუძლურებული ხორცი და მოდუნებული სახსრები განჭაბუკდნენ.
- 14
სულში გონების ძალით და ისაკისებრმა გონებამ მრავალთავიან საწამებელ მანქანაზე გაამარჯვებინა.
- 15
ო, ნეტარო სიბერევ და პატიოსანო ჭაღარავ, რჯულიერო სიცოცხლევ, რომელიც სიკვდილის ჭეშმარიტმა ბეჭედმა სრულყო!
- 16
რაკი ამ მოხუცმა კაცმა გაუძლო სასიკვდილო განსაცდელს ღვთისმოსაობის წყალობით, მაშ, ჭეშმარიტად ვნებათა მბრძანებელი ყოფილა ღვთისნიერი გონება.
- 17
იტყვიან: ყველას არ ძალუძს ვნებათა ძლევა, ყველას ხომ არ ახლავს გონიერი აზრიო.
- 18
მაგრამ მხოლოდ ისინი დასძლეგვნ ხორციელ ვნებებს, ვინც მთელი გულით შეითვისებენ ღვთისმოსაობას,
- 19
და იმის რწმენა ექნებათ, რომ ღმერთში კი არ დაიხოცებიან, არამედ ჩვენი მამამთავრების - აბრაამის, ისაკისა და იაკობის მსგავსად ღმერთში იცოცხლებენ.
- 20
ამიტომ ვერვინ ჩაგვითვლის წინააღმდეგობად, თუ ვისმე გონების სისუსტის გამო სძლევს ვნებები.
- 21
ვინც ფილოსოფოსთა წესებით ცხოვრობს, როგორც ფილოსოფოსი, და ღმერთი სწამს,
- 22
ვინც იცის, რომ ნეტარებაა ყოველგვარი ტანჯვის ღირსეულად დათმენა, განა არ დასძლევს იგი ვნებებს თავისი ღვთისმოსავობით?
- 23
რადგან მხოლოდ ბრძენი და მამაცი ადამიანია ვნებათა უფალი.