4 მაკაბელთა 5
- 1
თავმოყრილ ხალხს შორის ამაღლებულ ადგილას ჩამომჯდარმა, თავითფეხამდე შეიარაღებული ლაშქრით გარშემორტყმულმა მრძანებელმა ანტიოქოსმა
- 2
უბრძანა მცველებს, სათითაოდ გამოეყვანათ ებრაელები და იძულებით ეჭმევინებინათ მათთვის ღორისა და კერპთათვის შეწირულ ცხოველთა ხორცი.
- 3
და თუ ვინმე არ მიეკარებოდა უწმიდურ საჭმელს, ბორბალზე დაებათ და წამებით მოეკლათ.
- 4
გამოიყვანეს დიდძალი ხალხი და პირველთა შორის მეფეს მიჰგვარეს კაცი, სახელად ელეაზარი. იგი იყო სამღვდელო მოდგმიდან, რჯულის მეცნიერი ხანდაზმული და კარგად ცნობილი სამეფო კარზე ფილოსოფიაში განსწავლულობით. დააყენეს ელეაზარი მბრძანებლის წინ.
- 5
როცა დაინახა იგი ანტიოქოსმა, თქვა:
- 6
ვიდრე შენს წამებას შევუდგებოდი, მოხუცო, გირჩევ, შეჭამო ღორის ხორცი და ცოცხალი გადარჩები.
- 7
რადგან პატივს ვცემ შენს ასაკს და ჭაღარას, თუმცა ამდენი ხანია გამშვენებს ესენი, მაგრამ არა მგონია, ფილოსოფოსი იყო, რაკი იუდაელთა რჯულს მისდევ.
- 8
რატომ გეზიზღება ბუნებისგან ჩვენთვის მონიჭებული ამ ცხოველის საუკეთესო ხორცის ჭამა?
- 9
უგუნურებაა არ იგემო უსაყვედურო სიამოვნებანი და უსამართლობაა უკუაგდო ბუნების მომადლებული სიკეთენი.
- 10
მე ვფიქრობ, უდიდეს უგუნურებას ჩაიდენ, თუკი ამაო სიამაყით აღვსილი დაუპირისპირდები ჭეშმარიტებას და საკუთარი თავის საზიანოდ შეიზიზღებ ჩემს რჩევას.
- 11
ნუთუ არ გამოფხიზლდები თქვენი ბრიყვული ფილოსოფიისგან და არ გაფანტავ შენს ფუჭ აზრებს? როდის მოიხვეჭ შენი ასაკის შესაფერ გონებას და იფილოსოფოსებ თანახმად ჭეშმარიტებისა, რომელიც საკეთილდღეოა შენთვის?
- 12
დაინდე შენი სიბერე და დაემორჩილე ჩემს კაცთმოყვარულ რჩევას.
- 13
იცოდე: თუკი არსებობს რაიმე ძალა, რომელიც თვალყურს ადევნებს თქვენს რჯულს, ის მოგიტევებს შენ, იძულებით ჩადენილ ურჯულო საქმეს.
- 14
როცა ამგვარად არწმუნებდა მბრძანებელი ელეაზარს, ეჭამა აკრძალული ხორცი, მან სიტყვა ითხოვა.
- 15
ნებართვა რომ მიიღო, ესა თქვა საჯაროდ:
- 16
ჩვენთვის, ანტიოქოს, ღვთიური რჯულის თანახმად მცხოვრებთათვის, ყოველგვარ იძულებაზე ძლიერია ჩვენი რჯულისადმი მორჩილება.
- 17
ამიტომაც არასგზით არ დავუშვებთ რჯულის დარღვევას.
- 18
რომც არ იყოს ჩვენი რჯული ღვთიური, როგორც შენ გგონია, და ჩვენც შეცდომით მიგვაჩნდეს იგი ღვთიურად, მაშინაც კი უღირსეობა იქნებოდა ჩვენი მხრიდან ჩვენი ღვთისმოსავობის გაუქმება.
- 19
ნუ იფიქრებ, რომ მცირე ცოდვა დაგვეკისრება, უწმიდური ცხოველის ხორცს თუ შევჭამთ.
- 20
ერთია ურჯულოება - დიდი იქნება თუ მცირე,
- 21
რადგან ორივე შემთხვევაში ირღვევა რჯული.
- 22
შენ დასცინი ჩვენს ფილოსოფიას, თითქოს უგუნურად წარმართავდეს იგი ჩვენს ცხოვრებას;
- 23
მაგრამ ის გვასწავლის საღ აზროვნებას - ყოველგვარ სიამეთა და ვნებათაგან თავშეკავვბას, და გვამხნევებს, რომ ხალისით ავიტანოთ ყველანაირი გასაჭირი.
- 24
გვწვრთნის სამართლიანობაში, რათა ყოველ წეს-ჩვეულრბას ერთნაირად მივაგოთ პატივი, გვასწავლის მოწიწებას რომ მხოლოდ ცოცხალი ღვთის წინაშე გვქონდეს მისი შესაფერი მოწონება.
- 25
ამიტომაც არ ვჭამთ უწმიდურ ცხოველთა ხორცს, რადგან გვწამს, რომ ღვთისგან არის დაწესებული რჯული და ვიცით, რომ ჩვენს ბუნებას უთანაგრძნო სამყაროს შემოქმედმა, როცა რჯულს აწესებდა.
- 26
უფლება მოგვცა ის გვეჭამა, რაც უფრო შესაფერისია ჩვენი სიცოცხლისთვის, შეუფერებელი კი აგვიკრძალა.
- 27
მძლავრობაა შენი მხრით არა მარტო ის, რომ რჯულის დარღვევას გვაიძულებ, არამედ ისიც, რომ ასე დაცინვით შეგვაჭამო აკრძალული ხორცი, რაც ეგზომ საძულველია ჩვენთვის.
- 28
მაგრამ არ გაგაცინებ ჩემზე და
- 29
არც ჩემი მამა-პაპის წმიდა ფიცს დავარღვევ ჩვენი რჯულის დაცვის თაობაზე.
- 30
კიდევაც რომ დამთხარო თვალები და შიგნეულობა ამომიყარო,
- 31
მე არც ისეთი მოხუცი ვარ და არც ისეთი უძლური, რომ ღვთისმოსავობისთვის ვერ მოვიკრიბო გონება.
- 32
მაშ, გაამზადე ბორბლები და აღაგზნე ძლიერი ცეცხლი.
- 33
სანანებლად არ გავიხდი ჩემს სიბერეს, არ შევლახავ ჩემი თავის გამო მამაპაპეულ რჯულს.
- 34
არ გიღალატებ, რჯულო, რომელმაც გამწრთვენი მე; არ უარგყოფ, ძვირფასო დათმენავ!
- 35
არ შეგარცხვენ, ფილოსოფიურო აზრო, არ უგულებელგყოფ, საპატიო მღვდლობავ, არც შენ, რჯულის მეცნიერებავ!
- 36
ვერ წაბილწავ, მეფეო, მოხუცის ღვთისმოსავ ბაგეს, ვერც ჩემს რჯულიერ ხანგრძლივ სიცოცხლეს!
- 37
უმწიკვლო მიუვალ ჩემს მამა-პაპას, რადგან სიკვდილისაც არ შემშინებია შენს ხელში. ** **
- 38
შეგიძლია იმძლავრო უღვთოზე, მაგრამ ჩვენს ღვთისნიერ გონებაზე კი ვერ იბატონებ, ვერც სიტყვით, ვერც საქმით