4 მაკაბელთა 4
- 1
იყო ვინმე სიმონი, პოლიტიკური მეტოქე ონიასი, მშვენიერი და კეთილი კაცისა, რომელსაც მღვდელმთავრობა ეჭირა მთელი სიცოცხლე. რაკი მრავალგვარი ცილისწამებით მან ვერ მოახერხა სახელი გაეტეხა ონიასთვის ხალხის თვალში, გაიქცა სამშობლოდან მის საღალატოდ.
- 2
წავიდა აპოლონიოსთან - სირიის, ფინიკიის და კილიკიის განმგებელთან და უთხრა:
- 3
სამეფო ხელისუფლების ერთგული მოვსულვარ, რათა მოგახსენო, იერუსალიმის საგანძურებში დიდძალი კერძო ქონებაა შენახული, რომელიც არ არის ტაძრის საკუთრება, არამედ მეფე სელევკოსს ეკუთვნის.
- 4
როცა წვრილად გამოიკითხა ეს ამბავი აპოლონიოსმა, შეუქო სიმონს მეფისადმი ერთგულება, ეახლა სელევკოსს და მოახსენა საგანძურის ამბავი.
- 5
და მიიღო უფლება სასწრაფოდ წამოსულიყო ჩვენს სამშობლოზე დიდძალი ლაშქრით, წყეულ სიმონთან ერთად.
- 6
განაცხადა, რომ მეფის ბრძანების თანახმად არის მოსული, რათა საგანძურიდან კერძო პირთა ქონება წაიღოს.
- 7
ამ სიტყვამ აღაშფოთა ხალხი, ისინი შეეწინააღმდეგენ აპოლონიოსს; მათი აზრით, ეს გაძარცვა იქნებოდა იმათი, ვინც წმიდა საგანძურს მიაბარეს თავიანთი ქონება; და ისინი არასგზით არ დათმობდნენ მას.
- 8
მაშინ აპოლონიოსი მუქარით დაიძრა ტაძრისაკენ.
- 9
ხოლო მღვდლები ქალებთან და ბავშვებთან ერთად ტაძარში ევედრებოდნენ ღმერთს, რათა დაეფარა მას ხელყოფისგან ეს წმიდა ადგილი.
- 10
და როცა ჯარის თანხლებით ამოვიდა აპოლონიოსი განძის დასატაცებლად, გამოჩნდნენ ცით მომავალი, ცხენზე ამხედრებული ანგელოზები ელვარე იარაღით ხელში, დიდი შიშისა და ზარის მომგვრელნი.
- 11
მაშინ დაემხო ცოცხალ-მკვდარი აპოლონიოსი ტაძრის საერთო ეზოში, იწვდიდა ზეცისკენ ხელებს და აცრემლებული ევედრებოდა ებრაელებს, ელოცათ მისთვის ზეციური მხედრობის მოსალმობიერებლად.
- 12
ამბობდა, სიკვდილის ღირსი ცოდვა ჩავიდინე, და გადავრჩი, ამ კურთხეულ ადგილს მთელი ხალხის წინაშე განვადიდებო.
- 13
ამ სიტყვებით შეძრულმა ონია მღვდელმთავარმა თუმცა იჭვნეულად, მაგრამ მაინც ილოცა მისთვის, რათა სელევკოსი დარწმუნებულიყო, რომ აპოლონიოსი ადამიანურმა მუხანათობამ კი არ დაამხო, არამედ ღვთიურმა სამართალმა.
- 14
სასწაულით გადარჩენილი აპოლონიოსი უკან გამობრუნდა, მეფისთვის რომ მოეხსენებინა მომხდარი.
- 15
სელევკოს მეფე რომ გარდაიცვალა, ხელმწიფება მიიღო მისმა ძემ - ანტიოქოს ეპიფანემ, თავხედმა და სასტიკმა ადამიანმა.
- 16
მან გადააყენა მღვდელმთავრის თანამდებობიდან ონია და დანიშნა ონიას ძმა, იასონი.
- 17
რომელსაც მღვდელმთავრობის საფასურად ყოველწლიურად სამიათას ექვსას სამოცი ტალანტი უნდა ეძლია მისთვის.
- 18
ამგვარად, უბოძა მან იასონს მღვდელმთავრობა და ხალხის წინამძღოლობა.
- 19
ააცდინა იასონმა სწორ გზას ხალხი და ყოველგვარი ურჯულოებით განაგებდა საზოგადო საქმეებს.
- 20
არა მხოლოდ გიმნაზიონი აშენდა ჩვენი სამშობლოს მთაზე, არამედ სატაძრო სამსახურიც კი გაუქმდა.
- 21
გაუწყრა ხალხს ამის გამო ღვთიური სამართალი და ანტიოქოსი გამოალაშქრებინა მათზე.
- 22
რადგან, როცა პტოლემეოსს ეომებოდა ეგვიპტეში, გაიგო, რომ ხალხში ცრუ ხმები გავრცელდა, მოკვდაო ანტიოქოსი, და რომ მისი სიკვდილის ამბავი დიდი სიხარულით მიიღეს იერუსალიმელებმა. ამიტომაც მაშინვე გამოილაშქრა მათზე.
- 23
და როცა დაარბია ისინი, განკარგულება გასცა სიკვდილით დაესაჯათ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც მამა-პაპის რჯულის დამცველი აღმოჩნდებოდა.
- 24
მაგრამ ვერანაირი განკარგულებით ვერ აიძულა ხალხი მშობლიური რჯულისადმი მორჩილება დაერღვიათ; პირიქით, დარწმუნდა, რომ არაფრად მიიჩნევდნენ ისინი მეფის მუქარასა და სასჯელებს.
- 25
დედებს თავიანთი შვილების წინდაცვეთის გამო ჩვილებთან ერთად კლდიდან ისროდნენ, მაგრამ მაინც არ არღვევდნენ ამ რჯულს, თუმცა წინასწარ იცოდნენ, რა სასჯელიც მოელოდათ.
- 26
რაკი არად ჩააგდო ხალხმა მეფის განკარგულებანი, მან დაიფიცა, რომ თავისი ხელით იძულებით შეაჭმევდა თითოეულ მათგანს უსურმაგის ხორცს და იუდაელობას დააგმობინებდა.