4 მაკაბელთა 3
- 1
ეს კითხვა მეტად სასაცილოა, რადგან ცხადია, რომ გონება განაგებს არა თავის საკუთარ ვნებებს, არამედ მხოლოდ ხორციელთ.
- 2
კაცს არ შეუძლია ამოიკვეთოს ამგვარი სურვილი, მაგრამ გონებას მაინც ძალუძს სურვილისადმი დაუმორჩილებლობის უნარი მოგვანიჭოს.
- 3
კაცს არ შეუძლია ამოიკვეთოს სულიდან მრისხანება, მაგრამ მრისხანებაში შემწედ შეუძლია მოიხმოს გონება.
- 4
კაცს არ შეუძლია ამოკვეთოს უკეთური ზნე, მაგრამ გონებას თანამებრძოლად შეუძლია მოგვივლინოს ავი ზნისადმი ქედუხრელობა.
- 5
გონება ვნებათა აღმოფხვრელი კი არ არის, არამედ მათი წინაღმდგომია.
- 6
ყოველივე ზემოთთქმულს ნათლად ცხადყოფს ამბავი დავით მეფის წყურვილისა.
- 7
მთელი დღე უტევდა დავითი თავისი ერის მეომრებთან ერთად ფილისტიმელებს და ბევრი მათგანი გაწყვიტა.
- 8
საღამო რომ ჩამოწვა, გაოფლილი და ძლიერ დაქანცული შევიდა იგი სამეფო კარავში, რომელიც ჩვენი წინაპრების ჯარებით იყო გარშემორტყმული.
- 9
ყველანი უკვე ვახშმად ისხდნენ,
- 10
მეფე კი, რომელსაც შიმშილზე უფრო მეტად წყურვილი აწუხებდა, ირგვლივ უამრავ წყაროებს ზედაც არ უყურებდა, არ სურდა ამ წყაროთა წყლით მოეკლა წყურვილი.
- 11
მაგრამ მტრის წყაროთა მიმართ რაღაც გაუგებარმა სურვილმა ააღელვა და აღანთო იგი.
- 12
მაშინ მეფის სურვილისადმი მოწიწების გრძნობით შეპყრობილმა ორმა ახალგაზრდა წარჩინებულმა მეომარმა აისხა იარაღი, აიღო წყლის ჭურჭელი და მტრის სასაზღვრო სამანები გადალახა.
- 13
გუშაგთაგან შეუმჩნევლად შეაღწიეს კარიბჭეში და მტრის მთელი ბანაკი მოიარეს წყაროთა ძებნაში.
- 14
აღმოაჩინეს წყარო და მისი წყალი გაბედულად მიუტანეს მეფეს დასალევად.
- 15
მაგრამ წყურვილის ცეცხლით დატანჯულმა მეფემ, სულისთვის საშინელ საფრთხედ მიიჩნია ეს წყურვილი, ლამის სისხლის წყურვილის ტოლფასად.
- 16
და იგი სურვილს გონებით წინაღუდგა და ღმერთს შესწირა სასმელი.
- 17
რადგან გონებას ძალუძს სურვილთა დაძლევა და ვნებათა ალის ჩაქრობა.
- 18
ძალუძს უმძიმესი ხორციელი ტკივილების დაამება და გონების სიკეთის წყალობით ვნებათა ყველანაირი შეტევის უკუქცევა.
- 19
ახლა კი დრო დადგა, რათა სამაგალითოდ მოვიხსენიოთ გონებისმიერი თავდაოკების ამბავი.
- 20
ეს მოხდა მაშინ, როცა რჯულკეთილობისა და სწორი ქცევის წყალობით ჩვენს მამა-პაპას მშვიდობა ჰქონდა. როცა თვით აზიის მეფეს - სელევკოს ნიკანორს ფული ჰქონდა მათთვის გამოყოფილი ტაძრის სამსახურისთვის და მათ თვითმართველობასაც სცნობდა.
- 21
მაშინ იყო, რომ ზოგიერთებმა საერთო ერთსულოვნების წინააღმდეგ ჯანყი წამოიწყეს და მრავალგვარი უბედურობანი გამოიწვიეს.