4 მაკაბელთა 2
- 1
რატომ არის საკვირველი, თუ სულის ვნებებს სიკეთის წინაშე ძალა ეცლება.
- 2
განა გონიერი იოსები იმის გამო არ იმსახურებს ქებას, რომ გონებით ალაგმა განცხრომის ვნება?
- 3
რადგან მან ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ თანაყოფის შემძლემ, გონებით უვნებელყო გულისთქმათა ნესტარი.
- 4
და, როგორც ჩანს, არა მარტო განცხრომას, არამედ ყოველგვარ ვნებას სძლია გონებამ.
- 5
აკი გვაუწყებს რჯული: არ ისურვო შენი ახლობლის ცოლი, არც რაიმე ქონება შენი ახლობლისა.
- 6
მართლაც, როცა გვაუწყა რჯულმა - არ ისურვოო, უფრო მეტად დავრწმუნდით გონების ძალაში, რომ შეუძლია მას ვნებათა მართვა. ეს იმ ვნებებსაც ეხება, რომლებიც სამართლიანობას აბრკოლებენ.
- 7
რადგან როგორ შეიცვლის ზნეს მარტოდ მჭამელი, ან ღორმუცელა, ან ლოთი, თუკი გონება ნამდვილად ვნებათა უფალი არ არის?
- 8
ცხადია, რჯულის მიმდეკარი კაცი, რაგინდ ვერხლისმოყვარული არ უნდა იყოს იგი, იძულებული გახდება სარგებელის გარეშე გასცეს სესხი და შვიდეულთა დღესასწაულზე შეუმციროს კიდეც გადასახდელი თანხა.
- 9
მომჭირნეც რომ აღმოჩნდეს კაცი, რჯული გონების ძალით აიძულებს მას, ზედმეტი არც მოსავალი აიღოს, არც ვენახი გაკრიფოს პირწმინდად. სხვა ვნებების თაობაზეც ეს უნდა ვიცოდეთ: ვნებათა უფალია გონება.
- 10
რჯული მშობლების სიყვარულზეც მეტია, რადგან მათი გულისთვის ღირსებას არ ღალატობს კაცი.
- 11
ცოლის სიყვარულზეც უპირატესია, რადგან კაცი გაუკიცხავს არ სტოვებს რჯულის გამტეხ ცოლს.
- 12
შვილების სიყვარულზეც უფრო ძლიერია, რადგან კაცი სჯის შვილებს სიავისთვის.
- 13
მეგობართა ურთიერთობებსაც მართავს, რადგან კაცი კიცხავს მეგობარსაც, თუ ბოროტება ჩაიდინა.
- 14
უაზრობად ნუ მოგეჩვენებათ, რომ გონებას რჯულის ძალით მტრობის დაძლევაც კი შეუძლია. ხომ არ იჩეხება მტრის ხელით დარგული ხეებიც კი, არამედ იცავენ მტრის ქონებას განადგურებისგან და ფეხზე აყენებენ წაქცეულს.
- 15
ცხადია, რომ გონება აოკებს უძლიერეს ვნებებს: ძალაუფლების სიყვარულს, ცუდმედიდობას, მკვეხარობას, ამბარტავნებას და ცილისმწამებლობას.
- 16
თრგუნავს ავზნიან ვნებებს ბრძნული გონება, ისევე როგორც მრისხანებას; ამ ვნების ბატონიც არის იგი.
- 17
როცა მოსე განურისხდა დათანსა და აბირონს, მრისხანებით კი არ მოიქცა მათ წინააღმდეგ, არამედ გონებით შეაკავა მრისხანება.
- 18
რადგან შეუძლია გონივრულ აზრს დასძლიოს ვნებები - ზოგი მოიშოროს, ზოგიც განაქარვოს.
- 19
მაშ, რის გამო ადანაშაულებდა ჩვენი ყოვლადბრძენი მამა იაკობი სიმონისა და ლევის ხალხს, როცა უაზროდ ამოჟლიტეს შექემელთა მთელი ტომი, წყეული იყოს მათი მრისხანებაო?
- 20
ამას არ იტყოდა იგი, რომ არ შეძლებოდა გონებას მრისხანების დათრგუნვა.
- 21
როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი,
- 22
და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე,
- 23
და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა.
- 24
ეს როგორ არის, იკითხავს კაცი, რომ ვნებათა მბრძანებელი გონება ვერ სძლევსო გულმავიწყობას და უმეცრებას?