4 მაკაბელთა 1
- 1
ფრიად ფილოსოფიურ საგანზე მსურს საუბარი: განაგებს თუ არა ვნებებს ღვთისმოსავი აზრი. მართებული იქნება ჩემგან, რომ გირჩიოთ მიჰყვეთ ფილოსოფიას.
- 2
რადგან ეს საგანი აუცილებელია ყველასათვის, ვინც ცოდნას ეძებს, ამავე დროს ის შეიცავს ქება-დიდებას უმაღლესი სათნოებისას, როგორიც არის გონივრული განსჯა.
- 3
თუ აშკარაა, რომ აზროვნება გონივრული განსჯის დამაბრკოლებელ ვნებებზე - მუცელღმერთობაზე და ჟინიან ლტოლვებზე მძლავრობს,
- 4
ასევე ცხადია ისიც, რომ იგი ბატონობს სამართლიანობის ხელისშემშლელ ენებებზეც, როგორიც არის რისხვა, შიში და ტანჯვა.
- 5
ვინმე იკითხავს: თუ გონება განაგებს ვნებებს, რატომ არ ბატონობს იგი გულმავიწყობაზე და უმეცრებაზეო? სასაცილოდ აიგდებენ ჩემს ნათქვამს.
- 6
რადგან გონება ვერ განაგებს თავის საკუთარ ვნებებს, არამედ იმათ, რომლებიც სამართლიანობას, სიმამაცეს და გონივრულ განსჯას უპირისპირდებიან. საკუთარ ვნებებს იგი არ სპობს, არამედ მხოლოდ გასაქანს არ აძლევს მათ.
- 7
ყველანაირი საბუთით დაგიდასტურებთ, რომ გონება ვნებათა განმგებელია.
- 8
მაგრამ უფრო თვალნათლივ ცხადვყოფდი ღირსების გულისთვის დახოცილთა - ელეაზარის, მისი შვიდი ძმისა და მათი დედის სიმამაცის მაგალითზე.
- 9
მათ ხომ არად ჩააგდეს სასიკვდილო წამებანი და ამით ვნებებზე გონების უპირატესობა ცხადყვეს.
- 10
ამჟამად მმართებს განვადიდო სიქველეთათვის ისინი, ვინც თავიანთ დედასთან ერთად დაიხოცნენ უმაღლესი ზნეობის გასამარჯვებლად; და ასევე მსურს ნეტარად შევრაცხო ისინი იმ ღირსებისთვის, რომელსაც ატარებდნენ.
- 11
ისინი ხომ გამბედაობითა და მოთმინებით არა მხოლოდ მათ შემყურე ხალხს, არამედ თავიანთ ჯალათებსაც კი აოცებდნენ; ხდებოდნენ მძლავრობისგან ხალხთა ხსნის სახსარნი და სძლევდნენ ტირანთ, ვიდრე საბოლოოდ არ განწმიდეს სამშობლო დამპყრობთგან.
- 12
ახლაც უმალ ამ ვაჟკაგებზე უნდა გესაუბროთ; რაკი ამ ამბებზე ჩამოვარდა სიტყვა, მმართებს ახლავე, როგორც ჯერ არს, საბუთებით დავიწყო მსჯელობა და ასე, ყოვლად ბრძენი ღმერთის განმადიდებელმა, საგმირო ამბავთა თხრობისაკენ წარვმართო სიტყვა.
- 13
მაშ, გამოვიკვლიოთ, თუ არის გონება ვნებათა განმგებელი.
- 14
განვსაზღვროთ, რა არის გონება და რა არის ვნება; რამდენნაირია ვნება და სძლევს თუ არა მათ საბოლოოდ გონება.
- 15
მაშ, გონება ისეთი განსჯაა, რომელიც სწორი გადაწყვეტილებით ბრძნულ ცხოვრებას ირჩევს;
- 16
სიბრძნე კი არის ღვთაებრივ და ადამიანურ საქმეთა ცოდნა და მათი მიზეზიც.
- 17
მაშასადამე, სიბრძნე არის რჯულში განსწავლა, რის შედეგადაც ღვთაებრივ საქმეებს მოწიწებით, ხოლო ადამიანურს - საკუთარი სარგებლობისთვის ვსწავლობთ.
- 18
სიბრძნის სახეობანია გონივრული განსჯა, სამართლიანობა, სიმამაცე და თვითდაოკება.
- 19
უმთავრესია მათში გონივრული განსჯა, რომლის წყალობითაც ვნებებს სძლევს გონება.
- 20
ხოლო თავიანთი ბუნების მიხედვით ვნებათაგან უძლიერესია: სიამოვნება და ტკივილი, ამათგან ერთი სულისთვის არის თანდაყოლილი, მეორე კი -სხეულისთვის.
- 21
ამ ვნებებს - სიამოვნებასა და ტკივილს ბევრნაირი შედეგი აქვს.
- 22
სიამოვნებას წინ უსწრებს სურვილი და მოსდევს სიხარული.
- 23
ხოლო ტკივილს წინ უსწრებს შიში და მოსდევს მწუხარება.
- 24
მრისხანება საერთო ვნებაა სიამოვნებასა და ტკივილს შორის; ამას ყველა მიხვდება, ვისაც განუგდია იგი.
- 25
სიამოვნებაში ავი განწყობილებაც არის, რაც ყველაზე უფრო მრავალსახოვანია ვნებათა შორის.
- 26
ასეთია სულისთვის - ვერცხლისმოყვარეობა, პატივმოყვარეობა, მოშუღლეობა და ცილისმწამებლობა.
- 27
ხოლო სხეულისთვის - ღორმუცელობა, გაუმაძღრობა და მარტოდმჭამელობა.
- 28
როგორც სიამოვნება და ტკივილი სხეულიდან და სულიდან აღმოცენებული მცენარეებია, ასევე ამ მცენარეებს თავისი შტოები აქვს,
- 29
რომელთაგან თითოეულს ასუფთავებს, სხლავს, ამყნობს, რწყავს და ყოველმხრივ უვლის მიწათმოქმედი - გონება, და ათვინიერებს ველურ ზნესა და ვნებებს.
- 30
რადგან გონება არის ღირსებათა წინამძღვარი და ვნებათა განმგებელი, ყურად იღეთ პირველ ყოვლისა, რომ გონება ბატონობს ვნებებზე თვითდამაოკებელი ძალის წყალობით.
- 31
თვითდაოკება კი სურვილებზე უფლობს.
- 32
ზოგი სურვილი სულიერია, ზოგიც სხეულებრივი, და ორივეს, ცხადია, სძლევს გონება.
- 33
აბა, როგორ დავაღწევდით თავს თვით სიამოვნებასაც კი, აკრძალული საჭმლის მიმართ მიდრეკილნი? განა გონების წყალობით არ ვიოკებთ გულისთქმებს? მე ასე ვფიქრობ.
- 34
რადგან ჩვენ გონების ძალით ვიკავებთ თავს წყლის ცხოველთა, ფრინველთა და სხვა საკვებისგან, რომელთა ჭამაც რჯულით გვეკრძალება.
- 35
რადგან გულისთქმისეული ვნებები ითრგუნება თვითდამაოკებელი გონიერებით და სხეულის ყოველი მოძრაობა გონების ძალით არის მოთოკილი.