3 მაკაბელთა 7
- 1
მეფე პტოლემეოს ფილოპატორი ეგვიპტის სარდალს და ყველა ხელისუფალს მშვიდობით მოვიკითხავ.
- 2
კარგად ვართ ჩვენც და ჩვენი შვილებიც, რადგან ჩვენი სურვილებისამებრ წარმართავს ჩვენს საქმეებს მაღალი ღმერთი.
- 3
ზოგიერთი ჩვენი მეგობარი, ჩვენთვის ავის განმზრახველი გვაიძულებდა სამეფოს მკვიდრი იუდაელებისათვის ერთიანად მოგვეყარა თავი და უჩვეულო სასჯელით დაგვესაჯა ისინი, როგორც მოღალატენი.
- 4
იმასაც დასძენდნენ, ჩვენი სახელმწიფო მანამ არ განმტკიცდება, სანამ არ აღვასრულებთ ამ საქმეს, რადგან ყველა ხალხისადმი სიძულვილი აქვთ იუდაელებსო.
- 5
ძალით წამოასხეს იუდაელები, ბორკილდადებულნი, როგორც მონები ან უფრო, დამნაშავენი; ექცეოდნენ მათ უფრო სასტიკად, ვიდრე სკვითები მოექცეოდნენ და ყოველგვარი გამოძიებისა და განკითხვის გარეშე სურდათ მათი დაღუპვა.
- 6
ჩვენ კი მკაცრად ავუკრძალეთ ამის ჩადენა და იმ კეთილგანწყობილებისამებრ, რასაც ყოველი ადამიანისადმი ვიჩენთ, სიცოცხლე ვაჩუქეთ იუდაელებს; ხოლო როცა მივხვდით, რომ ცათა ღმერთი ნამდვილად მფარველობს მათ, როგორც მამა შვილს,
- 7
როცა გავიხსენეთ მათი მეგობრობა და ერთგულება ჩვენდამი და ჩვენი წინაპრებისადმი, სამართლიანად მივიჩნიეთ, რომ ყოველგვარი დანაშაული გვეპატიებინა მათთვის,
- 8
დავადგინეთ, რომ ყველანი დაბრუნებულიყენენ თავთავიანთ საცხოვრებელ ადგილებში და არავის არ ევნო მათთვის და არ წაეყვედრებინა მომხდარი ამბის გამო.
- 9
იცოდეთ, თუკი ჩვენ რაიმე ავს განვიზრახავთ მათ წინააღმდეგ, ან თუნდაც შევაწუხებთ მათ, ყველაფრისათვის პასუხს მოგვკითხავს უცილობელად არა ადამიანი, არამედ ყოველთა ძალთა გამრიგე - უზენაესი ღმერთი. მშვიდობით იყავით.
- 10
წერილი რომ ჩაიბარეს იუდაელებმა, არ აჩქარებულან გასამგზავრებლად, არამედ მეფეს თხოვეს, რომ იმ იუდაელებს, რომლებიც ნებით განუდგნენ წმიდა ღმერთს და ღმერთის რჯულს, მათი ხელით მიეღოთ დამსახურებული სასჯელი;
- 11
თან დასძინეს, რომ კუჭის გამო ღვთიურ მცნებათაგან განდგომილნი არც სამეფო საქმეების ერთგულნი იქნებიანო.
- 12
მეფემაც შეიწყნარა თხოვნა და დაუდასტურა, რომ მართალნი არიან, და მისცა მათ ნება, რომ ღმერთის რჯულისგან განდგომილნი მოესპოთ ყველგან, მის სამეფოში, მეფის მოხელეთა ნებართვისა და მეთვალყურეობის გარეშე.
- 13
მაშინ შეასხეს ხოტბა მეფეს, როგორც ეკადრებოდა და მღვდლებმა და მთელმა ხალხმა იგალობეს ალილუია, და სიხარულით წავიდნენ.
- 14
ხოლო თავიანთ გზაზე, ვისაც კი ხვდებოდნენ წაბილწულ თვისტომთაგან, საჯაროდ სჯიდნენ სამარცხვინო სიკვდილით.
- 15
იმ დღეს გაანადგურეს სამასზე მეტი კაცი, და ხარობდნენ, რომ ხოცავდნენ განდგომილებს.
- 16
სიკვდილამდე ღმერთის ერთგულნი კი, რომლებიც ხსნის სიხარულით იყვნენ ავსებულნი, გამოვიდნენ ქალაქიდან მრავალფერი სურნელოვანი ყვავილებით დაგვირგვინებულნი, ხმამაღლა და სიხარულით მადლობდნენ თავიანთი მამა-პაპის ღმერთს, ისრაელის საუკუნო მხსნელს, აღუვლენდნენ სადიდებელ სიტყვებს და საგალობლებს.
- 17
როცა ჩავიდნენ პტოლემაისში, რომელსაც ადგილის თავისებურების გამო როდოფოროსი (სავარდე) ეწოდებოდა, აქ საერთო გადაწყვეტილებისამებრ, შვიდი დღე ელოდებოდნენ ხომალდები;
- 18
და აქაც გამართეს სმურობა გადარჩენის აღსანიშნავად, რადგან მეფემ მოამარაგა ისინი საკმარისი საგზლით, რომ სახლებში დაბრუნებამდე ჰყოფნოდათ,
- 19
რაკი აქამდე მშვიდობით მიაღწიეს, ჯეროვანი მადლი მიაგეს უფალს და გადაწყვიტეს, რომ აქ დგომის დღეებიც სადღესასწაულოდ გაეხადათ.
- 20
აკურთხეს კიდეც ეს დღეები და ნადიმის შემდეგ წარწერიანი სვეტები ლოცვის ადგილებში აღმართეს; მერე ზღვით, ხმელეთით და მდინარით ყველანი თავთავიანთ სახლებში დაბრუნდნენ უვნებელნი, თავისუფალნი, გახარებულნი, მეფის განკარგულებით დაცულნი.
- 21
უწინდელზე მეტად ძალმოსილებმა დიდება და რიდი მოიხვეჭეს მტერთა შორის და მათი საბადებელი აღარავის მიუტაცებია.
- 22
ყველამ თავისი კუთვნილი ქონება დაიბრუნა სიის მიხედვით; დიდის მოკრძალებით უბრუნებდნენ უკან, რადგან დიადი საქმეები მოიმოქმედა მაღალმა ღმერთმა მათი ხსნისათვის.
- 23
კურთხეულ იყოს ისრაელის მხსნელი სამარადჟამოდ, ამინ!