2 მაკაბელთა 6
- 1
გამოხდა მცირე ხანი და მეფემ იუდაში ერთი ათენელი უხუცესი გაგზავნა, რომ დაეყოლიებინა იუდაელები, მამათა წესებს განდგომოდნენ და ღვთის რჯულით აღარ ეცხოვრათ.
- 2
კიდეც შეებილწათ იერუსალიმის ტაძარი და ეწოდებინათ მისთვის ტაძარი ოლიმპიელი ზევსისა; ხოლო გარიზიმში კი, რაკი მის მიდამოებში უცხოელები ცხოვრობდნენ, ტაძრისთვის სტუმართმოყვარე ზევსის სახელი დაერქმიათ.
- 3
მძიმე და ყველასთვის მტანჯველი იყო თავს დატეხილი უბედურება.
- 4
აღივსო ტაძარი აღვირახსნილობით და წარმართთა უზნეობით, რომლებიც უზრუნველად ატარებდნენ დროს მეძავებთან, ტაძრის უწმიდეს ადგილებში მრუშობდნენ ქალებთან და შიგნით შესაწირად შეჰქონდათ ყოველგვარი აკრძალული.
- 5
აღივსო სამსხვერპლო უკადრისი, რჯულით აკრძალული შენაწირებით.
- 6
აღარ იცავდნენ აღარც შაბათს, აღარც მამაპაპეულ დღესასწაულს, ისე რომ, იუდაელებიც კი აღარ ეთქმოდათ.
- 7
ყოველთვიურად, მეფის დაბადების დღეს, სასტიკი ძალდატანებით გაჰყავდათ იუდაელები კერპთაყვანისმცემელთა წესის აღსასრულებლად, ხოლო დიონისეს დღესასწაულზე საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდნენ, და, სუროს გვირგვინებით თავშემკობილნი, დიონისეს მიაგებდნენ პატივს.
- 8
პტოლემეოსის შთაგონებით, მეზობელ ელინურ ქალაქებსაც დაუდგინეს, რომ ამგვარადვე ემოქმედათ იუდაელთა მიმართ და აეძულებინათ ისინი, კერპთმსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა.
- 9
ხოლო ვინც არ მოინდომებდა ელინურ ადათებზე გადასვლას, დაეხოცათ. უნდა გენახათ, რა ცოდვის დღე დატრიალდა.
- 10
ორი ქალი, ბავშვთა წინადაცვეთაში ბრალდებულნი, ძუძუებზე მიკრული ჩვილებით მთელი ქალაქის თვალწინ ჩამოატარეს და გალავნიდან გადაჩეხეს.
- 11
სხვები კი, ვინც მახლობელ გამოქვაბულებში გარბოდა, რათა მეშვიდე დღე მალულად ედღესასწაულა, ფილიპესთან დააბეზღეს და ერთიანად გადაბუგეს, რადგან ისინი თავდაცვას არც ცდილან, რომ ამით უწმიდესი დღესასწაული არ შეელახათ.
- 12
ვისაც ეს წიგნი ხელთ ჩაუვარდება, ვთხოვ, არ შეუშინდეს ამგვარ ბედუკუღმართობას, პირიქით, ჩათვალოს, რომ ეს სასჯელი დასაღუპად კი არა, ჩვენი ხალხის გამოსაფხიზლებლად იყო გამიზნული.
- 13
ბიწიერებას რომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ესაა დიდი წყალობის ნიშანი.
- 14
რაც შეეხება სხვა ხალხებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე ისინი მთლიანად არ აივსებიან ცოდვებით. ჩვენ კი ასე არ გვექცევა იგი;
- 15
არ ელის ჩვენი ცოდვების სავსებას, რომ მერე შური იძიოს ჩვენზე.
- 16
ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება და, თუმცა უბედურებით კი გვსჯიდა, მაინც არ გაუწირავს თავისი ხალხი.
- 17
მაგრამ ამას შეგონებისათვის შეგახსენებთ და მცირედი წიაღსვლის შემდეგ თხრობაზე გადავდივარ.
- 18
ელეაზარს, ერთ-ერთ პირველ მწიგნობარს, უკვე ასაკოვან კაცს, თუმცა სილამაზით ჯერ კიდევ გამორჩეულს ძალათი გაუღეს პირი და ღორის ხორცის ჭამას აიძულებდნენ.
- 19
მან კი ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი ამჯობინა და ნებაყოფლობით გასწირა საწამებლად თავი.
- 20
იგი უკან აფურთხებდა ხორცს, როგორც ეს შეეფერება კაცს, რომელიც მიუხედავად სიცოცხლის სიყვარულისა, ბედავს უარი თქვას აკრძალული საჭმლის ჭამაზე.
- 21
ხოლო ურჯულო მსხვერპლშეწირვისთვის განწყობილნი, ვისაც კი ამ უხუცესთან მრავალი წლის ნაცნობობა აკავშირებდა, გაიხმობდნენ ხოლმე მას და ცალ-ცალკე ჩუმად სთხოვდნენ, ეჭამა საკუთარი ხელით დამზადებული ხორცი, ის, რისი ჭამაც ნებადართული იყო, თან თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს მეფის ბრძანებით შემოთავაზებულ სამსხვერპლო ხორცს ჭამდა.
- 22
რადგან ამით იგი სიკვდილისგანაც დაიხსნიდა თავს და, ძველი სიყვარულის წყალობით, მათი კაცთმოყვარებითაც ისარგებლებდა.
- 23
მაგრამ ელეაზარმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება - მის ასაკს, ღირსეულ ხანდაზმულობასა და სახელოვან ჭაღარას რომ ეკადრებოდა და შედეგი იყო სიყრმიდანვე ღვთისმოსავური აღზრდისა, ყველაზე მეტად კი წმიდა და ღვთისგან ბოძებულ რჯულდებას რომ შეესაბამებოდა: უარი უთხრა მათ და განუცხადა, რომ უმალ ჯოჯოხეთში ჩავიდოდა.
- 24
ჩვენს ასაკს თვალთმაქცობა არ ეკადრებაო, თქვა მან, რადგან ბევრი ახალგაზრდა გაიგებს, რომ ოთხმოცდაათი წლის ელეაზარი უცხო ტომთა მიმდევარი გახდაო,
- 25
თავადაც, ჩემი თვალთმაქცობის წამხედვარე, ცთუნებას აჰყვება ხანმოკლე და ფუჭწარმავალი სიცოცხლისთვის, მე კი მოვაყივნებ და ჩირქს მოვსცხებ ჩემს ხანდაზმულობასო.
- 26
იქნება ახლა კი დავაღწიოთ თავი ადამიანთა სასჯელს, მაგრამ ყოვლისშემძლის ხელს ვერც სიცოცხლეში, ვერც სიკვდილის შემდეგ ვერსად გავექცევით.
- 27
ამიტომ, თუ ახლა ვაჟკაცურად გამოვეთხოვები სიცოცხლეს, მოხუცებულობის ღირსიც აღმოვჩნდებიო.
- 28
ახალგაზრდებს კი კეთილშობილურ მაგალითს დავუტოვებ, ღირსეულად და მამაცურად შეეგებონ სიკვდილს დიდებული და წმინდა რჯულისთვისო. ესა თქვა და მაშინვე გაემართა საწამებლად.
- 29
მაშინ იმათაც კი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მისდამი კეთილგანწყობას ამჟღავნებდა, ნათქვამის გამო ეს განწყობილება ზიზღით შეეცვალათ, რადგან მისი სიტყვები უგუნურებად ჩათვალეს.
- 30
ელეაზარმა კი, რომელიც შოლტის ცემისგან უკვე სულს ღაფავდა, ხმამაღლა ამოიკვნესა და თქვა: ყოვლისმცოდნე უფალმა იცის, რომ შემეძლო სიკვდილისაგან მეხსნა თავი, მაგრამ ვამჯობინე სხეულით გავტანჯულიყავი, სულით კი ტკბილად დამეთმინა ეს სატანჯველი, რადგან უფლის შიში მაქვს.
- 31
ასე აღესრულა იგი და თავისი სიკვდილით არა მარტო ახალგაზრდობას, არამედ თავისი ხალხის უმეტესობას დაუტოვა ვაჟკაცობის მაგალითი და კეთილშობილების ძეგლი დაიდგა.