2 მაკაბელთა 5
- 1
ამ დროისთვის ანტიოქოსმა ეგვიპტეში მეორეჯერ გააგზავნა ლაშქარი.
- 2
და თითქმის ორმოც დღეს მთელ ქალაქზე ჩნდებოდნენ ხოლმე ჰაერში მოჯირითე მხედრები, მოოქროვილი აღჭურვილობით შემოსილები და მეომრებივით შუბებით შეიარაღებულნი;
- 3
ცხენოსანთა რაზმების იერიშები, მოპირისპირე მხარეთა უკანდახევანი, შუბების ქნევა, ჰოროლთა და გატყორცნილ ისართა სიმრავლე, ოქროს სამკაულის ელვარება, ყოველგვარი აღკაზმულობა.
- 4
ამიტომ ლოცულობდა ყველა, რომ კეთილად ამხდარიყო ის ხილვები.
- 5
როცა ჭორიც გავრცელდა, ანტიოქოსი აღესრულაო, იასონმა შეკრიბა თითქმის ათასიანი ლაშქარი და უეცრად ქალაქზე მიიტანა იერიში. და უკვე გალავანზე რომ იყვნენ ასულნი და ქალაქიც აღებული იყო ლამის, მენელაოსი იძულებული გახდა, ციხე-სიმაგრისთვის შეეფარებინა თავი.
- 6
იასონმა კი თავის თანამოქალაქეებს დაუნდობელი სისხლისღვრა მოუწყო. არ ესმოდა, რომ თვისტომთა ხარჯზე მოხვეჭილი წარმატება უდიდესი უბედურებაა; ეგონა, მტერზე ალაფობდა და არა თანამემამულეებზე.
- 7
ძალაუფლება კი მაინც ვერ იგდო ხელთ და მისი ბოროტი განზრახვა სამარცხვინო უკუდახევით დამთავრდა; ლტოლვილმა კვლავ ყამონიანებს შეაფარა თავი.
- 8
საბოლოოდ, ავი ბედი ეწია მას: არაბთა მბრძანებლის, არეტას წინაშე ბრალდებული, ქალაქიდან ქალაქში ლტოლვილი, ყველასგან დევნილი და მოძულებული, როგორც რჯულის წინააღმდეგ მოჯანყე და სამშობლოსა და თანამოქალაქეთა ამაწიოკებელი, ბოლოს ეგვიპტეში გაირიყა.
- 9
ის, ვინც სამშობლოდან ამდენი ხალხი უცხოობაში განდეგნა, თავად უცხოობაში დაიღუპა, როცა ლაკედემონელებს მიადგა და იმედოვნებდა, ნათესაური წარმომავლობის გამო მათთან ჰპოვებდა თავშესაფარს.
- 10
ის, ვინც ამდენი ხალხი დატოვა დაუმარხავი, თავად დარჩა დაუტირებელი: არც წესის აგებას, არც მამა-პაპის სამარხს ღირსებია.
- 11
როცა მომხდარმა ამბებმა მეფის ყურამდე მიაღწია, იფიქრა, იუდა განმიდგაო და გაცეცხლებული სულით დაიძრა ეგვიპტიდან, და წარტყვევნა ქალაქი.
- 12
ჯარისკაცებს უბრძანა, დაუნდობლად ეხოცათ, ვინც კი შეხვდებოდათ, სახლებშიც შევარდნილიყვნენ და მოესრათ ხალხი.
- 13
დაიწყო ახალგაზრდათა და მოხუცთა ჟლეტა, ყრმების, ქალებისა და ბავშვების განადგურება, ქალწულთა და ჩვილთა გაჟუჟვა.
- 14
სამ დღეში სულ ოთხმოციათასი კაცი დაიღუპა, ორმოციათასი ხელჩართულ ბრძოლაში; და იმდენივე გაიყიდა, რამდენიც დაიღუპა.
- 15
არც ამას დასჯერდა მეფე: მან მთელ ქვეყანაზე უწმიდეს ტაძარში შესვლაც კი გაბედა; მეგზურად მენელაოსი მიჰყვებოდა, რჯულისა და სამშობლოს გამყიდველი.
- 16
წაბილწული ხელით იღებდა იგი წმიდა ჭურჭელს და ამ ადგილის დიდებისა და პატივის ნიშნად სხვა მეფეთაგან შეწირული ნივთები ნალახი ხელით გამოჰქონდა გარეთ.
- 17
ამგვარად, აღზევდა ფიქრებში ანტიოქოსი, ვერ ხვდებოდა, რომ მცირე ხნით გაუწყრა უფალი ქალაქის მკვიდრთ მათი ცოდვების გამო და ამიტომ აღარ მოხედა ამ ადგილს.
- 18
ეს არ მოხდებოდა, რომ ცოდვებში არ ყოფილიყვნენ გახვეულნი; მეფეც დაისჯებოდა მსგავსად ჰელიოდოროსისა, რომელიც გამოაგზავნა სელევკოს მეფემ საგანძურის სანახავად და, შევიდოდა თუ არა ტაძარში, გაშოლტილს მყისვე წაუხდებოდა ძარცვის ხალისი.
- 19
მაგრამ არა ადგილისთვის ხალხი, არამედ ხალხისთვის გამოარჩია უფალმა ადგილი.
- 20
თავად ადგილიც ხომ ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარი იყო, შემდეგ კი მასაც ერგო მადლის წილი; და რაც განწირული იყო ყოვლადძლიერის რისხვით, კვლავ აღდგა მთელ თავის დიდებაში როცა წყალობა მოიღო დიდმა მეუფემ.
- 21
ასე წაიღო ანტიოქოსმა ტაძრიდან ათასრვაასი ტალანტი და ისწრაფა ანტიოქიისკენ. ფიქრებში აღზევებულს სურდა ხმელეთი ხომალდების სარბიელად ექცია, ზღვა კი - ქვეითთა სასიარულოდ.
- 22
მოხელეებიც დატოვა იუდაელთა დასაჩაგრავად: იერუსალიმში - ფილიპე, გვარით ფრიგიელი, მის განმაწესებელზე უფრო ბარბაროსული ზნით გამორჩეული კაცი;
- 23
გარიზიმში კი - ანდრონიოსი, მათთან ერთად მენელაოსიც, რომელიც სხვებზე სატიკად ექცეოდა მოქალაქეთ და სძულდა იუდაელი მოქალაქეები.
- 24
გამოაგზავნა მისიელების მთავარი აპოლონიოსი ოცდაორიათასიანი ჯარით, თან ბრძანებაც გამოაყოლა, დაეხოცათ ყველა ასაკოვანი კაცი, ქალები და შედარებით ახალგაზრდები კი გაეყიდათ.
- 25
როცა აპოლონიოსი ჩავიდა იერუსალიმში, ხალხს ისე მოაჩვენა თავი, თითქოს მშვიდობას ამყარებდა; დაელოდა შაბათის წმიდა დღეს, მერე მოიხელთა რა მშვიდად მყოფი იუდაელები, თავისიანებს უბრძანა აესხათ იარაღი.
- 26
მათ სანახავად გამოსული ხალხი, ყველა გამოასალმა სიცოცხლეს, თავად კი ქალაქში შეიჭრა ლაშქრით და დიდძალი ხალხი მოსრა.
- 27
ხოლო იუდა მაკაბელი, გვარში მეათე, გახიზნული იყო უკაცრიელ ადგილას, მთებში. ცხოვრობდა თავისიანებთან ერთად ნადირივით, ბალახით საზრდოობდა, რათა უწმიდურობას არ ზიარებოდა.