2 მაკაბელთა 7
- 1
ასევე შეიპყრეს შვიდი ძმაც დედასთან ერთად და მათაც აიძულებდა მეფე ეჭამათ რჯულით აკრძალული ღორის ხორცი, ემუქრებოდა შოლტებითა და ძარღვებით წამებას.
- 2
და როცა ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა საპასუხოდ და თქვა, რა გინდა შეგვეკითხო და რას მოელი ჩვენგან პასუხად? უმალ მოვკვდებით, ვიდრე მამაპაპეულ რჯულს დავარღვვვდეთო,
- 3
მეფე გაბოროტდა და ტაფებისა და ქვაბების გახურება ბრძანა.
- 4
როგორც კი ტაფებსა და ქვაბებს ცეცხლი შეუნთეს, ბრძანა, მოპასუხისათვის დედისა და ძმების თვალწინ ენა ამოეკვეთათ, ტყავი გაეძროთ და ოთხში ამოეღოთ.
- 5
სრულიად უმწეოქმნილი, მაგრამ ჯერ კიდევ მფეთქავი, მეფის ბრძანებით, კოცონთან მიიყვანეს და გახურებულ ტაფაზე დასვეს. როცა ტახტიდან ზრქელი ოხშივარი ამოვარდა, ისინი დედასთან ერთად ერთმანეთს ამხნევებდნენ, ღირსეულად შეხვედროდნენ სიკვდილს, ამბობდნენ:
- 6
უფალი ღმერთი მოგვხედავს და შეგვიწყალებს ჩვენ, როგორც განაცხადა მოსემ თავის გალობაში: უფალი შეიწყალებს თავის მორჩილთო, ხალხის წინაშე.
- 7
ამ წამებაში რომ აღესრულა პირველი ძმა, ახლა მეორე გამოიყვანეს შესაგინებლად; თავზე ტყავს აძრობდნენ თმებიანად და თან ეუბნებოდნენ: ჭამა არ გირჩევნია ოთხში ამოღებას?
- 8
მან კი მშობლიურ ენაზე უბასუხა: არა. ამიტომ მანაც პირველის მსგავსად მიიღო სატანჯველი.
- 9
სულს რომ ღაფავდა, თქვა: შენ, ამქვეყნიური ცხოვრებისგან გვათავისუფლებ, მტარვალო, სამყაროს მეუფე კი მისი რჯულისთვის დაღუპულთ საუკუნო სიცოცხლისთვის აღგვადგენს.
- 10
ამის შემდეგ მესამეს მიადგნენ და, როგორც კი უბრძანეს, ენა გამოეყო, მაშინვე გამოყო, ხელებიც უშიშრად გაუწვდინა.
- 11
და ვაჟკაცურად თქვა: ცამ მომმადლა ესენი და დაუნანებლად ვწირავ რჯულისთვის იმ იმედით, რომ მისგანვე მივიღებ უკან.
- 12
მეფეც და მისი ამალაც გაოცებულნი იყვნენ ყმაწვილის ასეთი ვაჟკაცობით; არაფრად არ ჩაუგდია ტანჯვა-წამება.
- 13
ესეც რომ აღესრულა, მეოთხე ყრმაც ასევე გვემეს და აწამეს.
- 14
მან აღსასრულის წინ თქვა: კაცთაგან მოკლულს სანეტაროდ მიჩანს ღმერთზე დანდობა, რადგან ისევ აღმადგენს, შენ კი არ გეღირსება ცოცხლად აღდგომა.
- 15
მოიყვანეს მეხუთეც და დაუწყეს წამება.
- 16
მან კი მეფეს შეხედა და თქვა: შენს ხელთაა უფლება, რაცა გსურს ის დამართო მოკვდავმა ადამიანებს. მაგრამ ნუ გგონია, რომ ჩვენს მოდგმას გაწირავს ღმერთი.
- 17
შენ კი, ცოტაც და, იხილავ როგორ გაგტანჯავთ მისი ძლევამოსილება შენ და შენს შთამომავლობას.
- 18
შემდეგ მოიყვანეს მეექვსე, რომელმაც სიკვდილის წინ ესა თქვა: ძმაო, ნუ იტყუებ თავს, ჩვენ ხომ თვითონვე მივიზღავთ წამებას, რადგან ჩვენს ღმერთს შევცოდეთ. ამიტომაც ხდება საკვირველი ამბები.
- 19
შენ კი, ნუ გგონია დაუსჯელი დარჩე, ღმერთთან ბრძოლა რომ გაგიმართავს.
- 20
მათი დედა საკვირველი და ღირსსახსენებელი ქალი, მოწმე ერთ დღეს შვიდივე შვილის დაღუპვისა, უფლის იმედით დიდსულოვნად ითმენდა ამ უბედურებას.
- 21
თითოეულ მათგანს მამაპაპური ხმით ამხნევებდა და ქალურ განსჯას კაცური სულით განამტკიცებდა, ეუბნებოდა:
- 22
მე არ ვიცი, როგორ გაჩნდით ჩემს წიაღში, სუნთქვა და სიცოცხლე თქვენთვის მე არ მომიცია; მე არ შემინივთებია თითოეული თქვენგანის აღნაქვსი.
- 23
ამიტომ ისევ ქვეყნის შემოქმედი, რომელმაც გამოსახა ადამიანის დასაბამი და ყოველი ქმნილების საწყისი, მოგმადლებთ კვლავ მოწყალებით სულსა და სიცოცხლეს, რადგან მისი რჯულისთვის გასწირეთ ახლა თქვენი თავი.
- 24
ხოლო ანტიოქოსმა, რაკი იფიქრა, რომ იგი ეზიზღებათ და ეს ნათქვამიც თავის გაკიცხვად მიიჩნია, ცოცხლად დარჩენილ უმცროს შვილს არა მარტო სიტყვით, არამედ ფიცითაც აღუთქვა, რომ გაამდიდრებდა და გააბედნიერებდა, ოღონდ მამა-პაპის რჯული უარეყო, თან პირდებოდა, რომ დაიმეგობრებდა და სახელმწიფო საქმეებსაც მიანდობდა.
- 25
როცა ყმაწვილმა არაფრად ჩააგდო მისი ნათქვამი, მეფემ დედა მოიხმო და ურჩევდა მას, დაეყოლიებინა შვილი, რომ თავი გადაერჩინა.
- 26
ბევრი რჩევის შემდეგ, იგი დათანხმდა დაერწმუნებინა შვილი.
- 27
დაიხარა მისკენ და სასტიკი ჯალათის მიმართ დაცინვით ეს თქვა მშობლიურ ენაზე: შვილო, შემიბრალე მე, რომელიც ცხრა თვე მუცლით გატარებდი, სამი წელი ძუძუს გაწოვებდი და აქამდე გამოგზარდე.
- 28
გთხოვ, შგილო, შეხედე ცასა და დედამიწას და ყოველივეს, რაც მასზეა, მიხვდები, რომ არსებულისგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს, და რომ ასევეა შექმნილი ადამიანთა მოდგმაც.
- 29
ნუ შეუშინდები ამ ჯალათს, იყავი შენი ძმების ღირსი და შეეგებე სიკვდილს, რომ ღვთის მადლით შენს ძმებთან ერთად კვლავ მოგიპოვო.
- 30
კიდევაც აგრძელებდა იგი სათქმელს, როცა ყმაწვილმა თქვა: რაღას უცდით? მე არ ვემორჩილები მეფის ბრძანებას, არამედ ვემორჩილები რჯულს, რომელიც მოსეს ხელით გადმოეცა ჩვენს მამა-პაპას.
- 31
შენ კი, ებრაელთათვის ყოველივე ბოროტის განმზრახველო, ვერ გაექცევი ღვთის ხელს.
- 32
რადგან ჩვენ ჩვენი შეცოდებების გამო ვეწამებით,
- 33
და თუ მოკლე ხნით მრისხანებს ჩვენზე ცოცხალი უფალი ჩვენი მხილებისა და გაწრთვნის მიზნით, კვლავ შეურიგდება თავის მორჩილთ.
- 34
შენ კი, უწმიდურო და უბილწესო კაცთა შორის, ტყუილად ნუ ზეობ და ფუჭი იმედით ნუ იკვეხნი, ხელი რომ აღგიმართავს ცის შვილთა წინააღმდეგ,
- 35
რადგან ჯერ არ დაგიღწევია თავი ყოვლადძლიერი და ყოვლისმხილველი ღმერთის სამსჯავროსათვის.
- 36
ახლა ხომ ჩვენი ძმები მცირე ხნის წამების შემდეგ ღვთის აღთქმულ მარადიულ ცხოვრებას ეწიენ. შენ კი კადნიერებისათვის ღვთის მსჯავრით საკადრისი სასჯელი მოგეზღვება.
- 37
მეც ჩემი ძმების მსგავსად სხეულსა და სულს ვუძღვნი მამაპაპეულ რჯულს; ვევედრები ღმერთს, რათა მალე მოიღოს მოწყალება ჩვენს ხალხზე; შენ კი სასჯელითა და გვემით დაგარწმუნოს, რომ მარტოოდენ ის არის ღმერთი,
- 38
დაე, ჩემსა და ჩემს ძმებზე შეჩერდეს ყოვლადძლიერის რისხვა, სამართლიანად რომ მოევლინა მთელს ჩვენს მოდგმას.
- 39
მაშინ განრისხებულმა მეფემ ბრძანა, სხვებზე უფრო სასტიკი წამებით ამოეხადათ ამ ყმაწვილისთვის სული.
- 40
ამანაც ასე წმინდად აღასრულა სიცოცხლე, მთლიანად ღმერთს მინდობილმა.
- 41
ბოლოს, შვილების შემდეგ დედაც აღესრულა.
- 42
ეს კმაროდეს სათქმელად მსხვერპლის ჭამისა და თავს დატეხილ უბედურებათა შესახებ.