2 მაკაბელთა 2
- 1
მოიძებნა იერემიას ჩანაწერები, სადაც წინასწარმეტყველი უბრძანებს გადმოსახლებულთ, აიღონ ცეცხლი, რაც ზემოთაც იყო აღნიშნული,
- 2
და რჯულს აძლევს და უანდერძებს წინასწარმეტყველი გადმოსახლებულთ, არ დაივიწყონ უფლის მცნებები და არ აერიოთ გონება მაცთუნებელი სანახაობით - ოქროსა და ვერცხლის კერპებით და მათზე ჩამოკიდებული სამკაულებით.
- 3
სხვასაც ბრძანებდა, ამის მსგავსს, მოძღვრავდა გადმოსახლებულთ, რათა არ განდგომოდა რჯულს მათი გული.
- 4
წერილი გვაუწყებს, რომ წინასწარმეტყველს, უფლის შთაგონებით, კარვისა და კიდობნისათვის უბრძანებია, მას გაჰყოლოდნენ, როცა მთისკენ გაემართა, საიდანაც მოსემ უფლის წილხვედრი იხილა.
- 5
მივიდა იქ იერემია და იპოვა გამოქვაბული და შიგ შეიტანა კარავი, კიდობანი და საკურთხეველი, და დაბეჭდა შესასვლელი.
- 6
როცა მის კვალზე აქ მოვიდნეხ ზოგიერთნი მის თანმხლებ პირთაგან, რომ მოენიშნათ გზა, ვერ იპოვეს ის ადგილი.
- 7
როცა გაიგო ეს იერემიამ, უსაყვედურა მათ და თქვა: უცნობი იქნება ეს ადგილი, ვიდრე არ შემოკრებს აქ ღმერთი თავის ხალხს და მოწყალების თვალით არ დახედავს მათ.
- 8
მაშინ გამოაჩენს უფალი ადგილს და გამოჩნდება უფლის დიდებაცა და ღრუბელიც, რომელიც მოსეს დროსაც გამოჩნდა. აკი სოლომონიც ითხოვდა, რომ ეს ადგილი გამორჩეულად ყოფილიყო კურთხეული.
- 9
ისიც ცხადი გახდა, რომ სიბრძნის მფლობელმა სოლომონმა აქ შესწირა მსხვერპლი სატფურებისა და ტაძრის განსრულებისათვის,
- 10
როგორც მოსემ აღავლინა ლოცვა უფლისადმი და ჩამოვიდა ზეციდან ცეცხლი და შთანთქა მსხვერპლი, ასევე სოლომონმაც ილოცა და ცით მოვლენილმა ცეცხლმა გაანადგურა აღსავლენი მსხვერპლი.
- 11
მოსემ თქვა: დაიწვა იგი, რადგან არ იჭმევა ცოდვის მსხვერპლი.
- 12
ასევე გაატარა სოლომონმაც რვა დღე.
- 13
მსგავსი ამბებია მოთხრთრილი ნეემიას ჩანაწერებსა და მოგონებებში, რომ მან დააფუძნა წიგნთსაცავი და თავი მოუყარა წიგნებს მეფეებსა და წინასწარმეტყველებზე, რომ შეაგროვა დავითის წიგნები და ნაწერები შესაწირავთა თაობაზე.
- 14
ასევე იუდამაც თავი მოუყარა ომიანობის დროს გაფანტულ წიგნებს და ახლა ჩვენა გვაქვს ყველაფერი.
- 15
თუ დაგჭირდათ ამათგან რაიმე, გამოგვიგზავნეთ ხალხი და გამოვატანთ.
- 16
უკვე მოგწერეთ, რომ გვსურდა განწმედის დღესასწაულის გადახდა; კარგი იქნებოდა, თქვენც რომ აღგენიშნათ ეს დღეები.
- 17
ღმერთმა იხსნა მთელი თავისი ხალხი და დაუბრუნა წილხვედრი ყველას, სამეფო, სამღვდელოება და საწმიდარი,
- 18
როგორც აღთქმული ჰქონდა რჯულით; ღმერთის იმედი გვაქვს, რომ მალე შეგვიწყალებს და შემოგვკრებს ყოველი მხრიდან ცისქვეშეთში თავის წმიდა ადგილზე. აკი გვიხსნა კიდეც დიდი ბოროტებისაგან და განწმიდა ეს ადგილი.
- 19
ხოლო იუდა მაკაბელისა და მისი ძმების ამბავს, დიდი ტაძრის განწმედას და საკურთხევლის სატფურებას,
- 20
აგრეთვე ანტიოქოს ეპიფანესა და მისი ძის - ევპატოსის წინააღმდეგ წარმოებულ ომებს,
- 21
და ხილვებს, ციდან რომ გარდმოდიოდა, იმ მებრძოლებზე, ესოდენი თავდადებით რომ იბრძოდნენ იუდაელებისთვის, და სიმცირის მიუხედავად, ხელში ჩაიგდეს მთელი ქვეყანა და განდევნეს ბარბაროსთა ურდოები,
- 22
და აღადგინეს საქვეყნოდ განთქმული ტაძარი, გაათავისუფლეს ქალაქი და გადაარჩინეს რჯული, განადგურების პირზე რომ იყო მისული, როცა უფალმა თავისი კეთილმოწყალება მოიღო მათზე, -
- 23
ყოველივე ამას, იასონ კირენელის მიერ ხუთ წიგნში მოთხრობილს, ვეცდებით ერთ წიგნში მოვუყაროთ თავი.
- 24
რაკი ვგრძნობთ, რაზომ სირთულეს შეუქმნის რიცხვთა სიმრავლე ისტორიულ გადმოცემათა სიღრმეში შეღწევის მსურველთ,
- 25
ამიტომაც მიზნად დავისახეთ, გვეამებინა მათთვის, ვისაც ამბავთა გაცნობა სურს; განსჯის მოყვარულთა სულები კი სისადავით მოგვეხიბლა, მეხსიერებაში ადვილად რომ აღბეჭდილიყო გადმოცემები; ხოლო ნებისმიერი მკითხველისთვის სარგებლობა მოგვეტანა.
- 26
არ იყო ადვილი ამბების შეკუმშვით გადმოცემა, რაც მოითხოვდა ჩვენგან ოფლის ღვრას და უძილო ღამეებს,
- 27
ისევე, როგორც არ არის ადვილი ნადიმის მოწყობა და სხვათა სიამოვნებისთვის ზრუნვა. და მაინც ჩვენ მრავალთა სასიკეთოდ ვიტვირთეთ ეს ძნელი საქმე,
- 28
მივანდეთ რა თითოეული ამბის წვრილმანები მემატიანეს, ჩვენ კი მთელი გულისყური ამბავთა შეკუმშვისაკენ მივმართეთ.
- 29
იმ ხუროთმოძღვრის მსგავსად, რომელიც ძველი შენობისაგან ახალს აგებს და ნანგრევებისგან მთლიანობის აღდგენა ევალება და არა მოჩუქურთმება და მოხატვა, რაც უკვე სხვა ხელობის კაცის საქმეა, ვფიქრობ, ასევეა ჩვენი საქმეც.
- 30
ჩაღრმავება და ამბის გამოწვლილვით გადმოცემა იმ მემატიანის საქმეა, რომელიც პირველად იწყებს თხრობას,
- 31
ხოლო სათქმელის მოკლედ გადმოცემა და ვრცელ ამბავთა დაწვრილებითი განჩხრეკისათვის თავის არიდება შეკუმშვის მოთავეს მოეთხოვება.
- 32
ამ ნათქვამიდან გამომდინარე ვიწყებთ თხრობას, რადგან ვერაფერი საქმეა თხრობამდე განავრცო სიტყვა, თავად თხრობა კი შეამოკლო.