2 მაკაბელთა 3
- 1
როცა მშვიდობა სუფევდა წმიდა ქალაქში და რჯულსაც ონია მღვდელთმთავრის ღვთისმოსავობისა და ბოროტმოძულეობის წყალობით პატიოსნად იცავდა ხალხი,
- 2
თავად მეფეებიც კი პატივს მიაგებდნენ ამ ადგილს და საკურთხეველსაც საგანგებო ძღვენს სწირავდნენ.
- 3
ასე, რომ, თვით აზიის მეფეს, სელევკოსსაც კი გაუღია საკუთარი ხაზინიდან სახსრები ყოველგვარი მსხვერბლშეწირვისა და ღვთისმსახურებისათვის.
- 4
მაგრამ ერთი კაცი, სახელად სიმონი ბენიამინის ტომიდან, ტაძრის მეურვედ რომ დაადგინეს, ქალაქის კანონმდებლობის თაობაზე შემოედავა მღვდელმთავარს.
- 5
რომ ვერ აჯობა ონიას, წავიდა აპოლონიოს თრასეას ძესთან, კოილეს სირიისა და ფინიკიის იმდროინდელ სარდალთან.
- 6
და მოახსენა, რომ იერუსალიმის საგანძურები სავსე იყო ფულით და რომ იქ უთვალავი სხვა ნივთიც იპოვებოდა, და რომ ისინი არ ეკუთვნოდა შესაწირავებს და რომ შეიძლებოდა მეფეს ხელთ ეგდო ეს ყველაფერი.
- 7
აპოლონიოსიც შეხვდა თავად მეფეს, მოახსენა ფულის თაობაზე, რაზეც იყო ლაპარაკი, და მეფემაც გადაწყვიტა, ამ საქმეზე ჰელიოდოროსი გაეგზავნა ხსენებული ფულის წამოსაღებად.
- 8
ჰელიოდოროსმა მაშინვე დაიწყო სამზადისი; კოილეს სირიისა და ფინიკიის ქალაქთა დათვალიერებას იმიზეზებდა, სინამდვილეში კი მეფის დანაბარები უნდა შეესრულებინა.
- 9
მოყვრულად მიიღო იერუსალიმში ჩასული ჰელიოდოროსი ქალაქის მღვდელმთავარმა და მანაც აუწყა მას მეფის მოთხოვნა და განუცხადა, რის გამოც იყო აქ მოვლენილი; თან ეკითხებოდა მღვდელმთავარს, სიმართლე იყო თუ არა საგანძურის ამბავი.
- 10
მღვდელმთავარმა განუმარტა, ეს ქონება ქვრივებისა და ობლების მობარებულიაო,
- 11
ნაწილი კი ერთი დიდად გავლენიანი კაცის, ჰირკანოს ტობიას ძის არისო. ჩვენთან სულ ოთხასი ტალანტი ვერცხლი და ორასი ტალანტი ოქრო ინახება, უკეთურმა სიმონმა კი ცილი დაგვწამაო.
- 12
ხოლო იმათი დაჩაგვრა, ვინც დაენდო ამ კვრივ ადგილს და მთელს სამყაროში პატივდებული ტაძრის სიწმიდესა და შეუვალობას, ყოვლად დაუშვებელიაო.
- 13
მაგრამ ჰელიოდოროსი დაჟინებით ითხოვდა მეფის განკარგულების აღსრულებას; ამბობდა, ეს ქონება მეფის საგანძურში უნდა შევიდესო.
- 14
დადგენილ დღეს იგი შეუდგა განზრახულის განხორციელებას, რასაც ქალაქში დიდი მღელვარება მოჰყვა.
- 15
მღვდლები, წოდების შესაბამისად შემოსილნი, სამსხვერპლოს წინ დაემხენ და უხმობდნენ ცაში იმას, ვინც ტაძრისთვის მიბარებულის რჯული დააწესა, დაეცვა მიმბარებელთა ქონება.
- 16
გული ეკუმშებოდა მღვდელმთავრის სახის შემყურეს - სულიერ ტკივილს მისი სახის გამომეტყველება და კანის ფერიც კი შეეცვალა.
- 17
შიშით იყო შეძრული მისი სხეული და ცხადად ხედავდა მაყურებელი მის გულში ჩაბუდებულ ტკივილს.
- 18
სახლებიდანაც გამორბოდა ხალხი საყოველთაო ლოცვაზე, რაკი წმიდა ადგილს შეგინება მოელოდა.
- 19
ჯვალოთი წელშემოსარტლული ქალები ქუჩებში გროვდებოდნენ, სახლებში გამოკეტილ ქალწულთაგან კი ზოგი კარიბჭისკენ გარბოდა, ზოგი გალავანზე გადიოდა, ზოგიც სარკმლიდან იყურებოდა.
- 20
ყველა იწვდიდა ცისკენ ხელებს და ლოცვა-ვედრებას აღავლენდა.
- 21
საცოდავი საყურებელი იყო პირქვე დამხობილი ხალხი და მოლოდინით გათანგული მღვდელმთავარი.
- 22
ევედრებოდნენ ყოვლისშემძლე უფალს, რათა დაეცვა მორწმუნეთა მიბარებული განძი.
- 23
ჰელიოდოროსი კი შეუდგა განზრახულის აღსრულებას.
- 24
და როცა იგი შუბოსნებთან ერთად უკვე მიადგა საგანძურს, სულთა და ყოველთა ძალთა მპყრობელმა დიადი ხილვა მოუვლინა ჰელიოდოროსსა და მთელს მის ამალას; ყველას, ვინც კი გაბედა ჰელიოდოროსის თანხლება, ზარი დასცა ღვთის ძალამ და შიშისგან ცნობა წაერთვათ.
- 25
ეჩვენათ დიდებულად აღკაზმული ცხენი საშინელი მხედრით; ფიცხლად მიეჭრა იგი ჰელიოდოროსს და წინა ფლოქვები აძგერა მას. მხედარი, როგორც ჩანდა, მთლიანად ოქროთი იყო შემოსილი და აღჭურვილი.
- 26
მხედართან ერთად გამოჩნდა ორი სხვა ჭაბუკი, ძალით გამორჩეულნი, სახით მშვენიერნი და ბრწყინვალედ შემოსილნი; ორივე მხრიდან მოსდგნენ ჰელიოდოროსს და გაშოლტვა დაუწყეს, ჭრილობებით დაუფარეს ტანი.
- 27
მყისვე დაეცა მიწაზე ჰელიოდოროსი და ღრმა წყვდიადმა მოიცვა იგი. აიღეს და საკაცეზე დადეს.
- 28
და ის, ვინც წეღან დიდი ამალითა და მრავალი შუბოსნის თანხლებით შედიოდა საგანძურში, ახლა უმწეო გამოჰქონდათ უკან; ცხადი გამხდარიყო მისთვის ღვთის ძლევამოსილება.
- 29
და ეგდო უხმოდ, ღვთაებრივი ძალით დასჯილი, ყოველგვარ იმედსა და ხსნას მოკლებული.
- 30
აუდაელები კი განადიდებდნენ უფალს, სასწაული რომ მოუვლინა თავის სამკვიდრებელს და სულ ცოტა ხნის წინ შიშითა და დაბნეულობით აღვსილი ტაძარი ახლა, ყოვლისშემძლის გამოცხადებით, სიხარულითა და მადლით აღივსო.
- 31
მაშინ ჰელიოდოროსის რამდენიმე ნათესავთაგანი ეახლა ონიას და სთხოვა, უზენაესს შევედრებოდა, რომ სიცოცხლე ეჩუქებინა სულთმობრძავისათვის.
- 32
მღვდელმთავარიც შეშინდა, მეფეს არ ეფიქრა, თითქოს იუდაელებს ჰელიოდოროსისადმი რაიმე ავი განზრახვა ჰქონოდეთ, და მსხვერპლშეწირვა აღასრულა კაცის გადასარჩენად.
- 33
ამ გამოსასყიდი ღვთისმსახურების დროს კვლავ გამოეცხადნენ ჰელიოდოროსს ჭაბუკები, იმავე სამოსელში გამოწყობილნი, წინ დაუდგნენ და უთხრეს: დიდი მადლი უნდა მიაგო ონია მღვდელმთავარს, რადგან მისი წყალობით გაჩუქა სიცოცხლე უფალმა.
- 34
შენ კი, ღვთის მიერ დასჯილო, ყველას აუწყე მისი ძლევამოსილება. ეს თქვეს და გაუჩინარდნენ.
- 35
ხოლო ჰელიოდოროსმა მსხვერპლი შესწირა უფალს, მრავალი აღთქმა აღუთქვა სიცოცხლის ხსნისათვის, მადლი მიაგო ონიას და თავისი მხედრობითურთ მეფესთან გაბრუნდა.
- 36
ადასტურებდა ყველას წინაშე. რომ იხილა უზენაესი ღმერთის მოქმედება.
- 37
ხოლო მეფის შეკითხვაზე, ვის მიიჩნევდა შესაფერისად, ერთხელ კიდევ რომ გაეგზავნათ იერუსალიმში, ჰელიოდოროსი პასუხობდა:
- 38
თუ გყავს ვინმე მტერი, ან ვინმე ისეთი, ვისაც შენს საქმეებზე ბოროტად უჭირავს თვალი, ის გაგზავნე და უკან მიიღეს მას გაშოლტილს, თუ ცოცხალი გადარჩა, რადგან ჭეშმარიტად ღვთაებრივი ძალაა დასადგურებული ამ ადგილზე.
- 39
თავად ის, ვინც ცაშია დამკვიდრებული, ადევნებს თვალყურს ამ ადგილს და იცავს მას, ამხობს და ანადგურებს შეურაცხმყოფელს.
- 40
აი, ეს შეემთხვა ჰელიოდოროსს და ასე გადარჩა საგანძური.