2 მაკაბელთა 1
- 1
ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულს, კეთილდღეობას და მშვიდობას უთვლიან ძმები - იერუსალიმში და იუდაში მყოფი იუდაელები.
- 2
დაე, სიკეთე მოგაგოთ ღმერთმა და გაიხსენოს თავისი აღთქმა აბრაამის, ისაკისა და იაკობის - თავის ერთგულ მორჩილთა მიმართ.
- 3
დაე, სუყველას მოგცეთ გული, რთამ თაყვანი სცეთ მას და აღასრულოთ მისი ნება მტკიცე გულითა და მოწადინე სულით.
- 4
გული გაგიხსნათ მან თავისი რჯულისათვის და მცნებებისთვის, მშვიდობა მოგფინოთ.
- 5
შეისმინოს უფალმა თქვენი ლოცვა-ვედრება და შეგიწყნაროთ გასაჭირში და არ გაგწიროთ.
- 6
ჩვენ ახლა თქვენთვის ვლოცულობთ.
- 7
დემეტრიოსის მეფობის დროს, ას სამოცდა ცხრა წელს, ჩვენ, იუდაელებმა, მოგწერეთ თქვენ დიდი გულისტკივილითა და მწუხარებით, რომელიც განვიცადეთ ჩვენ, როცა იასონი და მისი თანამზრახველები განუდგნენ წმიდა მიწას და სამეფოს,
- 8
და გადაწვეს კარიბჭეები, დაღვარეს უმანკო სისხლი. მაგრამ ჩვენ შევევედრეთ უფალს და შესმენილ იქნა ჩვენი ვედრება და შევწირეთ მსხვერპლი და ძღვენი, დავანთეთ კანდლები და პური დავუწყვეთ გვერდით.
- 9
ახლაც აღასრულებდეთ კარვობის დღესასწაულს, ქისლევის თვეში ას ოთხმოცდა რვა წელს.
- 10
მეფე პტოლომეოსის მასწავლებელს, არისტობულოსს, მირონცხებულ მღვდელთა ნათესავს და ეგვიპტელ იუდაელებს სიხარულსა და ჯანმრთელობას უსურვებენ იერუსალიმში და იუდაში მყოფნი, უხუცესობა და იუდა.
- 11
დიდად ვუმადლით ღმერთს, საშინელ საფრთხეთაგან ჩვენს მხსნელს, რომ შეგვეწია მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში
- 12
და უკუაქცია წმინდა ქალაქზე გამოლაშქრებული ჯარი,
- 13
რადგან სპარსეთს რომ მიადგა წინამძღთალი თავისი ლაშქრით, როშელიც უძლეველად იყო მიჩნეული, ნაკუწ-ნაკუწად აკაფეს ნანეას ტაძარში ამ ტაძრის ქურუმთა ეშმაკობის წყალობით.
- 14
ანტიოქოსი ხომ თითქოსდა მასთან შეუღლების სურვილით წამოვიდა ხსენებული ადგილისაკენ და მასთან ერთად მისი მეგობრებიც მოვიდნენ აქ, მზითვის ფულის ასაღებად.
- 15
ნანეას ქურუმებმა გადაიხადეს ფული და მეფეც მცირედი ამალით კვრივის გალავანში შემოვიდა. და, როგორც კი შედგა ტაძარში ანტიოქოსმა ფეხი, შიგნით მოიმწყვდიეს იგი ქურუმებმა,
- 16
გახსნეს თაღზე ფარული კარი, დაუშინეს იქიდან ქვები და ჩაქოლეს ყველა - წინამძღოლიცა და თანმხლებნიც; შემდეგ მოკვეთეს მათ თავები და გარეთ გამოყარეს.
- 17
ყოვლად კურთხეულია ჩვენი ღმერთი, რომ გასცა მკრეხელები;
- 18
ხოლო ჩვენ, რაკი მოვისურვეთ ქისლევის ოცდამეხუთე დღეს გვედღესასწაულა ტაძრის სატფურების დღესასწაული, საჭიროდ ვცანით, გვეუწყებინა თქვენთვის, რომ თქვენც გაგემართათ კარვობისა და ცეცხლის დღესასწაული, როგორც ნეემიამ, ტაძრისა და სამსხვერპლოს ამშენებელმა, შესწირა მსხვერპლი.
- 19
რადგან როცა სპარსეთში ტყვედ წაასხეს ჩვენი მამა-პაპა, ღვთისმოშიშმა მღვდლებმა საკურთხევლიდან საიდუმლოდ წამოიღეს ცეცხლი და მშრალი ჭის ფსკერზე გადამალეს და საიმედოდ შეინახეს ჭაში, რაკი არავინ იცოდა ეს ადგილი.
- 20
გამოხდა მრავალი წელი და ღმერთმა ინება, რათა სპარსეთის მეფეს ნეემია გაეგზავნა ცეცხლისთვის მისი შემნახველი მღვდლების შთამომავლებთან; როცა გვაცნობეს, რომ არ აღმოჩნდა ცეცხლი, არამედ მხოლოდ შემკვრივებული წყალი, უბრძანა მათ ნეემიამ, მოეტანათ იგი.
- 21
როცა ყველაფერი მოამზადეს მსხვერპლის შესაწირად, ნეემიამ მღვდლებს უბრძანა, ეპკურებინათ წყალი შეშისთვის და მასზე დაწყობილი მსხვერპლისთვის.
- 22
ბრძანება რომ შეასრულეს და დრომ მოაწია, გამოანათა მზემ, აქამდე ღრუბლებით რომ იყო დაფარული, და აღეგზნო დიდი ცეცხლი; გააოცა ამან ყველა.
- 23
მღვდლები კი, ვიდრე მსხვერპლი იწვოდა, ლოცულობდნენ მღვდლებიც და ყველანი. იონათანი იწყებდა და დანარჩენები ხმას აყოლებდნენ, და ნეემიაც მათ შორის.
- 24
ასეთი იყო მათი ლოცვა: უფალო, უფალო, ღმერთო, ყოვლის შემოქმედო, საშინელო და ძლიერო, სამართლიანო და ლმობიერო, ერთადერთო მეუფევ, კეთილისმყოფელო,
- 25
ერთადერთო გამრიგევ, ერთადერთო მართალო, ყოვლისმპყრობელო და მარადიულო, რომელმაც იხსენი ისრაელი ყოველივე ბოროტისაგან, რომელმაც გამოარჩიე მამები და აკურთხე ისინი;
- 26
შეიწირე ეს მსხვერპლი მთელი შენი ხალხის, ისრაელის გულისთვის, დაიცავი შენი წილხვედრი და წმინდაჰყავ იგი.
- 27
გევედრებით, კვლავ შეკრიბო ჩვენი გაფანტული ხალხი, იხსნა დატყვევებულნი წარმართთა შორის, მოხედე განწირულთ და მოძულებულთ; დაე, უწყოდნენ წარმართებმა, რომ ჩვენი ღმერთი ხარ;
- 28
დასაჯე ჩვენი მოძალადეები, ამპარტავნობით რომ გვაგულისებენ.
- 29
დანერგე შენი ხალხი შენს წმიდა ადგილას, როგორც თქვა მოსემ.
- 30
მღვდლები კი ამასობაში საზეიმო სიმღერებს გალობდნენ.
- 31
როგორც კი შეიწირა მსხვერპლი, ნეემიამ ბრძანა, დანარჩენი წყალი დიდ ქვებზე მოეღვარათ.
- 32
როგორც კი ეს ბრძანება აღასრულეს, იფეთქა ალმა, მაგრამ სამსხვერპლოსაგან გამოტევებულ შუქზე ჩანელდა იგი.
- 33
განცხადდა ეს საქმე და მოახსენეს სპარსეთის მეფეს, რომ იმ ადგილას, სადაც გადმოსახლებული მღვდლები ინახავდნენ ცეცხლს, აღმოჩნდა წყალი და ამ წყლით ნეემიას მიმდევრებმა განწმიდეს მსხვერპლი.
- 34
მეფემ საქმის ვითარება რომ გაიცნო, ბრძანა შემოესაზღვრათ ეს ადგილი, როგორც კვრივი.
- 35
ხოლო იმათ, ვისაც სწყალობდა, მეფემ ბევრი ძღვენი უბოძა, რაც თავად ჰქონდა მიღებული.
- 36
ხოლო ნეემიას თანმხლებმა ხალხმა უწოდა ამ ადგილს ნეფთარ, რაც განწმედად ითარგმნება. ბევრი კი მას ნეფთაის უწოდებს.