1 მაკაბელთა 16
- 1
ჩამოვიდა იოანე გაზარადან და მოუთხრო სიმონს, თავის მამას, რაც კენდებეოსმა ჩაიდინა.
- 2
უხმო სიმონმა თავის ორ ვაჟს, იუდასა და იოანეს, და უხუცესებს და უთხრა მათ: მეც, ჩემი ძმებიცა და მამაჩემის სახლიც ვებრძოდით ისრაელის მტრებს ყმაწვილობიდან დღევანდელ დღემდე და ბევრჯერ კეთილად წარიმართა ჩვენი ხელით ისრაელის ხსნა.
- 3
ახლა მოვხუცდი, თქვენ კი ღვთის წყალობით სრულ ასაკს მიაღწიეთ. მაშ, გასწიეთ ჩემი და ჩემი ძმის მაგივრობა, წადით და იბრძოლეთ ჩვენი ერისთვის. ზეციდან იყოს თქვენი შეწევნა.
- 4
აარჩია ქვეყნიდან ოციათასი მეომარი, ქვეითი და მხედარი, და გაემართნენ კენდებეოსის წინააღმდეგ. მოდეინში გაათენეს.
- 5
დილით ადგნენ და ვაკეზე დაეშვნენ და, აჰა, დიდძალი ლაშქარი მოდის მათ შესახვედრად - ქვეითნი და ცხენოსანნი. მათ შორის კი მდინარე იყო.
- 6
და დაიძრნენ მათ წინააღმდეგ თვითონ და მისი ხალხი. როცა დაინახა, რომ ხალხს ეშინოდა მდინარეზე გადასვლისა, თავად გადავიდა პირველი. შეხედეს მას მეომრებმა და უკან მიჰყვნენ.
- 7
დაანაწილა ხალხი და დააყენა მხედრები ქვეითთა შორის. მტრის მხედრობა კი მეტად მრავალრიცხოვანი იყო.
- 8
ბუკსა ჰკრეს და უკუიქცა კენდებეოსი და მისი ლაშქარი, და დაეცა მათგან მრავალი დაჭრილი. გადარჩენილები კი სიმაგრისაკენ გაიქცნენ.
- 9
მაშინ დაიჭრა იუდა, იოანეს ძმა. ხოლო იოანე ედევნებოდა მათ, ვიდრე არ მიაღწია კედრონს, რომელიც მან ააშენა.
- 10
მათ კი თავი შეაფარეს გოდლებს აშდოდის სანახებში, მაგრამ მან გადაწვა ისინი ცეცხლით; მოისრა მათგან ორიათასამდე კაცი და მშვიდობით დაბრუნდა იოანე იუდაში.
- 11
ხოლო პტოლემეოსი, ძე აბუბოსისა, იერიხონის ვაკეზე იყო სარდლად განწესებული. უამრავი ვერცხლი და ოქრო ჰქონდა,
- 12
რადგან მღვდელმთავრის სიძე იყო.
- 13
გადიდგულდა და მოინდომა ქვეყნის დაპყრობა; მზაკვრულად განიზრახავდა სიმონის და მისი ვაჟების დაღუპვას.
- 14
სიმონი ამ დროს ქვეყანაში ქალაქებს ათვალიერებდა და მათ საქმეებზე ზრუნავდა. ასსამოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთერთმეტე თვეს, რომელიც არის შებატის თვე, გადავიდნენ იერიხონში მატათია და იუდა - მისი ვაჟები.
- 15
აბუბოსის ძემ ვერაგულად მიიღო ისინი თავის აშენებულ პატარა სიმაგრეში, რომელსაც დოკი ერქვა. გაუმართა მათ დიდი ლხინი, თან კაცები ჰყავდა იქ ჩასაფრებული.
- 16
როცა სიმონი და მისი ვაჟები დათვრნენ, წამოდგნენ პტოლემეოსი და მასთან მყოფნი, აიღეს იარაღი და ნადიმის დროს თავს დაესხნენ სიმონს და მოკლეს იგი და მისი ორი ვაჟი, და რამდენიმე მისი მსახური.
- 17
დიდი მზაკვრობა ჩაიდინა და სიკეთის წილ ბოროტი მიუზღო.
- 18
დაწერა ეს ამბავი პტოლემეოსმა და სთხოვა მეფეს, მოეშველებინა მისთვის ძალები დასახმარებლად და ჩააბარებდა მას მათ ქვეყანასა და ქალაქებს.
- 19
ზოგიც გაზარაში გაუშვა იოანეს მოსაკლავად. ხოლო ათასისთავებთან წერილები დაგზავნა, წარმდგარიყვნენ მის წინაშე, რათა მიეღოთ მისგან ოქრო-ვერცხლი და საჩუქრები.
- 20
ზოგნი იერუსალიმის და ტაძრის მთის ასაღებად მიავლინა.
- 21
ვიღაც ლტოლვილმა აუწყა იოანეს გაზარაში, დაიღუპნენ შენი მამა და მისი ძმები, და შენს მოსაკლავადაც გამოგზავნესო კაცები.
- 22
ეს რომ მოისმინა, შეშფოთდა მეტად. შეიპყრო მის მოსაკლავად მოსული კაცები და დახოცა, რადგან მიხვდა, რომ მისი დაღუპვა ეწადათ.
- 23
იოანეს დანარჩენი ამბები, მისი ომები და საგმირო საქმენი, რომლებიც ჩაიდინა, მშენებლობა კედლებისა, რომლებიც აღმართა, და ყოველი მისი ღვაწლი,
- 24
მისი მღვდელმთავრობის მატიანეშია ჩაწერილი იმ დროიდან, რაც მღვდელმთავრად დადგა მამამისის შემდეგ.