1 მაკაბელთა 15
- 1
ანტიოქოსმა, მეფე დემეტრიოსის ძემ, გაუგზავნა წერილები ზღვის კუნძულებიდან სიმონს, იუდაელთა მღვდელსა და ერისმთავარს და მთელ ხალხს.
- 2
ასეთი იყო მათი შინაარსი:
- 3
მას შემდეგ, რაც ვიღაც ავისმქნელებმა დაიპყრეს ჩემი მამა-პაპის სამეფო, გადავწყვიტე, ხელახლა დავეუფლო სამეფოს, რათა აღვადგინო ის უწინდელივით, ამიტომ შევკრიბე დიდძალი ლაშქარი და მოვამზადე საომარი ხომალდები.
- 4
გადაწყვეტილი მაქვს, გავილაშქრო ქვეყანაზე, რომ დავესხა ჩემი ქვეყნის დამაქცევართ და ქალაქთა იავარმყოფელთ ჩემს სამეფოში.
- 5
ამჟამად გიმტკიცებ შენ მრავალ დათმობებს, რაც კი დაგითმეს შენ ჩემმა წინამორბედმა მეფეებმა, და სხვა გადასახადებიც გეპატიება.
- 6
ნებას გრთავ, მოჭრა საკუთარი ჭედური ფული შენი ქვეყნისთვის.
- 7
იერუსალიმი და საწმიდარი თავისუფალია; მთელი იარაღი, რაც დამზადებული გაქვს, და სიმაგრეები, რაც აგებული გაქვს და გიჭირავს, შენვე გეპყრას.
- 8
ყოველი სამეფო ვალი, ასევე მომავალი სამეფო ვალები აწ და მარადის გეპატიოს.
- 9
როცა დავეუფლებით ჩვენს სამეფოს, მოგაგებთ დიდ პატივს შენ, შენს ხალხსა და ტაძარს, რომ საჩინო გახდეს თქვენი პატივი მთელს ქვეყანაში.
- 10
ასსამოცდამეთოთხმეტე წელს გაემართა ანტიოქოსი თავისი მამა-პაპის ქვეყნისკენ, თავი მოიყარა მასთან მთელმა ლაშქარმა, ასე რომ, ტრიფონს მცირედნიღა შერჩნენ.
- 11
მისდია მას ანტიოქოსმა და ლტოლვილი დორს მიადგა, რომელიც ზღვის პირას არის.
- 12
დაინახა, რომ უკუღმართად შეტრიალდა მისი საქმე და მიატოვეს იგი ჯარებმა.
- 13
ანტიოქოსიც დორთან დაბანაკდა ასოციათასი ქვეითითა და რვაათასი მხედრით.
- 14
ალყა შემოარტყა ქალაქს და ხომალდებიც მოიჭრნენ ქალაქთან, ხმელეთიდან და ზღვიდან შეავიწროვა ქალაქი და არ ატარებდა არც გამომსვლელს, არც შემსვლელს.
- 15
მოვიდა რომიდან ნუმენიოსი თავის თანამდგომებთან ერთად და მოიტანეს წერილები მეფეებისთვის და ქვეყნებისთვის, რომლებშიც შემდეგი ეწერა:
- 16
ლევკიოსი, რომაელთა კონსული, მეფე პტოლემეოსს მოგიკითხავ.
- 17
მოვიდნენ ჩვენთან იუდაელთა ელჩები - ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები ძველი მეგობრობისა და მოკავშირეობის განსაახლებლად, გამოგზავნილნი სიმონ მღვდელმთავრისა და იუდაელი ხალხისგან;
- 18
მოგვართვეს ოქროს ფარი, ათასმნიანი.
- 19
ახლა გადავწყვიტეთ, მივწეროთ მეფეებსა და ქვეყნებს, რათა არ შეამთხვიონ მათ ბოროტი და არ შეებრძოლონ მათ, მათ ქალაქებს და მათ ქვეყანას, და მათ წინააღმდეგ მეომართაც არ დაეხმარონ.
- 20
ხოლო ჩვენ ვიფიქრეთ, მივიღოთ ფარი მათგან.
- 21
თუკი ვინმე ავისმქნელი გამოიქცევა თქვენთან მათი ქვეყნიდან, ჩააბარეთ ის მღვდელმთავარ სიმონს, რათა მათი რჯულით დასაჯოს იგი.
- 22
ასევე მისწერა მეფე დემეტრიოსს, ატალოსს, არიარათესს და არსაკეს,
- 23
და ყველა ქვეყანას - სამფსამეს, სპარტელებს, დელოსს, მინდოსს, სიკიონს, კარიასს, სამოსს, პამფილიას, ლიკიას, ჰალიკარნასოსს, როდოსს, ფასელისს, კოსს, სიდეს, არადოსს, გორტინას, კნიდოსს, კვიპროსსა და კირენეს.
- 24
მათი ასლი კი მღვდელმთავარ სიმონს გაუგზავნეს.
- 25
მეფე ანტიოქოსი მეორედ დაბანაკდა დორთან; ყოველი მხრიდან შეუტია და მიაყენა მანქანები; მოუსპო ტრიფონს გამოსვლის და შესვლის საშუალება.
- 26
გაუგზავნა სიმონმა მას ორიათასი რჩეული მეომარი დასახმარებლად, ოქრო-ვერცხლი და საჭირო აღჭურვილობა.
- 27
მაგრამ არ ისურვა მან მათი მიღება, არამედ უარყო ყოველი, რაზეც წინათ შეუთანხმდა სიმონს, და გაუუცხოვდა მას.
- 28
გააგზავნა მასთან ათენობიოსი, ერთი თავის მეგობართაგანი, მოსალაპარაკებლად და დააბარა ეთქვა, თქვენ ფლობთ იაფოს, გაზარას და იერუსალიმის ციხეს, ჩემი სამეფოს ქალაქებს.
- 29
მათი მიწა-წყალი გააუკაცრიელეთ და დიდი ზიანი მოახდინეთ ქვეყანაში, და დაიპყარით ჩემი სამეფოს ბევრი მხარე.
- 30
ახლა გადმომეცით ქალაქები, რომლებიც გიჭირავთ, და ხარკი მხარეებიდან, რომლებიც დაპყრობილი გაქვთ იუდას საზღვრებს გარეთ.
- 31
თუ არა და, მათ სანაცვლოდ მომეცით ხუთასი ტალანტი ვერცხლი. ხოლო საზღაური აოხრებისთვის, რაც მოახდინეთ, და სხვა ქალაქების ხარკი - ხუთასი ტალანტი. თუ არა და, მოვალთ და შეგებრძოლებით.
- 32
შევიდა ათენიბიოსი, მეფის მეგობარი, იერუსალიმში და როცა დაინახა სიმონის დიდება, ოქროს ჭურჭლისა და ვერცხლის ჭურჭლის საგანძური და მისი დიდი მხნეობა, განცვიფრდა და ამცნო მას მეფის სიტყვები.
- 33
სიმონმა პასუხად მიუგო: არც ქვეყანა წაგვირთმევია უცხოთათვის და არც უცხოებზე გავბატონებულვართ, არამედ ჩვენი მამა-პაპის მემკვიდრეობა გვიჭირავს, რომელიც ერთ დროს ჩვენს მტრებს უსამართლოდ ჰქონდათ დაპყრობილი.
- 34
ჩვენ კი, როცა დაგვიდგა შესაფერი დრო, დავიხსენით ჩვენი მამა-პაპის სამკვიდრებელი.
- 35
რაც შეეხება იაფოსა და გაზარას, რომლებსაც ითხოვთ, მათ დიდი ზიანი მოახდინეს ხალხში და ჩვენს ქვეყანაში. მაგათ სანაცვლოდ ას ტალანტს მოგცემთ.
- 36
ათენობიოსს სიტყვა აღარ უთქვამს მისთვის. მეფესთან კი გულისწყრომით დაბრუნდა და მოახსენა მას სიმონის ნათქვამი, მისი დიდება და ყოველივე, რაც იხილა, და განრისხდა მეფე დიდი რისხვით.
- 37
ტრიფონი კი ხომალდზე ავიდა და ორთოსიაში გაიქცა.
- 38
დააყენა მეფემ კენდებეოსი ზღვისპირის სარდლად და ქვეითი ლაშქარი და მხედრობა ჩააბარა.
- 39
უბრძანა, გალაშქრებულიყო იუდაელთა წინააღმდეგ. დაავალა, აეგო კედრონი, გაემაგრებინა მისი კარიბჭეები და ეომა ხალხთან. თავად მეფე კი ტრიფონს დაედევნა.
- 40
გაჩნდა კენდებეოსი იამნიაში და დაიწყო ხალხის გამოწვევა საომრად. შეიჭრა იუდაში, ატყვევებდა ხალხს და მუსრს ავლებდა.
- 41
ააშენა კედრონი და ჩააყენა იქ მხედრობა და ქვეითი ჯარი, რათა იქიდან გამოსულიყვნენ იუდას გზებზე სათარეშთოდ, როგორც უბრძანა მას მეფემ.