1 მაკაბელთა 9
- 1
როცა დემეტრიოსმა გაიგო, რომ ნიკანორი და მისი ჯარი ომში დაეცა, გადაწყვიტა ბაკხიდესა და ალკიმოსის მეორედ გაშვება იუდას ქვეყნისკენ მარჯვენა ფრთასთან ერთად.
- 2
გაემართნენ გალგალის გზაზე და დაიბანაკეს მესალოთთან, არბელაში; აიღეს ის და ბევრი ხალხი გაწყვიტეს.
- 3
ასორმოცდამეთორმეტე წლის პირველ თვეს იერუსალიმთან დაიბანაკეს.
- 4
მაგრამ აიყარნენ და გაემგზავრნენ ბერეასკენ ოციათასი ქვეითით და ორი ათასი ცხენოსნით.
- 5
ხოლო იუდა ელასში იდგა სამიათასი რჩეული კაცითურთ.
- 6
იხილეს ჯარების სიმრავლე, რომ ურიცხვნი იყვნენ, და თავზარი დაეცათ. ბევრი გამოიპარა ბანაკიდან, რვაას კაცზე მეტი არ დარჩენილა მათგან.
- 7
როცა დაინახა იუდამ, რომ გაიფანტა მისი ბანაკი და შეაჭირვა ომმა, გული შეუდრკა, რადგან დრო აღარ რჩებოდა მათი შემოკრებისთვის.
- 8
დამწუხრებულმა უთხრა დარჩენილებს: დავიძრათ და შევუტიოთ ჩვენს მტერს, იქნებ შევძლოთ მათთან ბრძოლა.
- 9
ისინი შეეცადნენ, გადაეთქმევინებინათ, უთხრეს: ვერ შევძლებთო, მაგრამ ახლა იქნებ გადავირჩინოთ თავი; მერე დავბრუნდეთ ჩვენი ძმებითურთ და შევებრძოლოთ მათ; ახლა ცოტანი ვართო.
- 10
უთხრა იუდამ: ნუმც მოხდება ისე, რომ გავექცეთ მათ. თუ ჩვენმა ჟამმა მოაწია, ბარემ ვაჟკაცურად დავიხოცოთ ჩვენი ძმებისთვის და სააუგოდ ნუ მივცემთ ჩვენს სახელს.
- 11
დაიძრა ჯარი ბანაკიდან და დაეწყო მათ პირისპირ. მხედრობა ორ ნაწილად გაიყო, ხოლო მეშურდულენი და მშვილდოსნები წინ წაუძღვნენ ჯარს, ასევე საუკეთესო მებრძოლნი. ბაკხიდე კი მარჯვენა ფრთაზე იყო.
- 12
ორივე მხრიდან ახლოვდებოდნენ რაზმები საყვირების ხმაზე; იუდას ხალხიც ახმიანებდა თავის საყვირებს.
- 13
შეზანზარდა მიწა ჯარების ხმაურისგან და მძვინვარებდა ბრძოლა დილიდან შეღამებამდე.
- 14
როცა დაინახა იუდამ, რომ ბაკხიდე და მისი ბანაკის მთავარი საყრდენი მარჯვნივ იყო, შემოიკრიბა თავის გარშემო ყველა გულადი მეომარი.
- 15
და მათ გაანადგურეს მარჯვენა ფრთა, მერე უკან მისდიეს აშდოდის მთამდე.
- 16
როცა მარცხენა ფრთაზე მყოფებმა დაინახეს, რომ დამარცხდა მარჯვენა ფრთა, მოტრიალდნენ და ფეხდაფეხ მისდიეს ზურგში იუდას და მის ხალხს.
- 17
შენივთდა ბრძოლა, მრავალი დაჭრილი დაეცა ორივე მხრიდან.
- 18
დაეცა იუდაც, დანარჩენები კი გაიქცნენ.
- 19
აიყვანეს იონათანმა და სიმონმა იუდა, მათი ძმა, და დამარხეს მისი მამა-პაპის სამარხში, მოდეინში.
- 20
დაიტირეს და დიდი გლოვით იგლოვა იგი მთელმა ისრაელმა, მოთქვამდნენ მრავალ დღეს, ამბობდნენ:
- 21
როგორ დაეცა ძლიერი, მხსნელი ისრაელისა!
- 22
იუდას საქმენი - დანარჩენი მისი ომები და გმირობანი, რაც ჩაიდინა, და მისი სიდიადე, არ აღწერილა, რადგან ძალზე ბევრი იყო.
- 23
იუდას სიკვდილის შემდეგ იყო, რომ გამოჩნდნენ ურჯულოები ისრაელის ყოველ მხარეში, თავი ამოყო ყველამ, უსამართლობის მოქმედმა.
- 24
იმ დღეებში ჩამოვარდა ძალზე დიდი შიმშილობა და ქვეყანა მიემხრო მათ.
- 25
ბაკხიდემ ამოირჩია უღვთო კაცები და დაადგინა ისინი მხარეთა განმგებლებად.
- 26
ეძებდნენ და სდევნიდნენ იუდას მეგობრებს და მიჰყავდათ ისინი ბაკხიდესთან, და ის სჯიდა მათ და აბუჩად იგდებდა.
- 27
ჩამოვარდა დიდი გაჭირვება ისრაელში, როგორიც აღარ ყოფილა იმ დღიდან, რაც არ გამოცხადებიათ მათ წინასწარმეტყველი.
- 28
შეიკრიბა იუდას ყველა მოკეთე და მიმართეს იონათანს:
- 29
რაც შენი ძმა იუდა მოკვდა, არ გამოჩენილა მისი მსგავსი კაცი, რომ გამოვიდეს და გაილაშქროს მტერზე და ბაკხიდეზე, ჩვენი ხალხის მიაძულეზე.
- 30
ახლა, დღეიდან შენ აგვირჩევიხარ მის ნაცვლად, რომ გვყავდე მთავრად და წინამძღოლად ჩვენს ბრძოლებში.
- 31
ჩაიბარა იონათანმა იმ დროს წინამძღოლობა და დადგა იუდას, თავისი ძმის, ნაცვლად.
- 32
შეიტყო ეს ბაკხიდემ და ცდილობდა მის მოკვლას.
- 33
შეიტყვეს იონათანმა, მისმა ძმამ სიმონმა და ყველამ, მასთან მყოფმა, და გაიქცნენ თეკოაყის უდაბნოსკენ, და დადგნენ ასფარის ტბის წყალთან.
- 34
შეიტყო ბაკხიდემ შაბათ დღეს და გადავიდა მთელი ლაშქრითურთ იორდანეს გადაღმა.
- 35
გაგზავნა იონათანმა თავისი ძმა, რაზმის წინამძღოლი, და სთხოვა ნაბატელებს, თავიანთ მეგობრებს, ნებართვა თავიანთი დიდძალი ავლადიდების მათთან შენახვისა.
- 36
მაგრამ გამოვიდნენ იამბრიანები, რომლებიც მედაბადან არიან, და შეიპყრეს იოანე ყველაფრითურთ, რაც კი ებადა, და წავიდნენ დატვირთულები.
- 37
ამ ამბების მერე გაიგეს იონათანმა და სიმონმა, მისმა ძმამ, რომ იამბრიანები დიდ ქორწილს იხდიდნენ და ნადაბათიდან მოჰყავდათ პატარძალი, ერთი ქანაანელი წარჩინებული დიდებულის ასული დიდი მაყრიონით.
- 38
გაიხსენეს სისხლი მათი ძმის, იოანესი, გამოვიდნენ და დაიმალნენ მთის საფარში.
- 39
გაიხედეს და დაინახეს: აჰა, ყიჟინი და დიდი მზითევი. სიძეც გამოვიდა თავის მეგობრებთან და ძმებთან ერთად მის შესახვედრად დოლებით, მუსიკითა და უამრავი საჭურვლით.
- 40
ამოვიდნენ საფარიდან, თავს დაესხნენ მათ და დახოცეს. ბევრი დაჭრილი დაეცა, დანარჩენები მთისკენ გაიქცნენ. მოხვეტეს მთელი ნადავლი.
- 41
გადააქციეს ქორწილი მწუხარებად და მათი სიმღერის ხმა - გლოვად.
- 42
აიღეს თავიანთი ძმის სისხლი და იორდანეს ჭაობებისკენ გაბრუნდნენ.
- 43
გაიგო ეს ბაკხიდემ და შაბათ დღეს მიადგა იორდანეს ნაპირს ურიცხვი ჯარით.
- 44
მიმართა იონათანმა თანამდგომთ: მაშ, აღვდგეთ და შევებათ ჩვენი სიცოცხლისთვის, რადგან დღეს სხვა დროა, ვიდრე გუშინ და გუშინწინ იყო.
- 45
აჰა, ბრძოლა გველის წინიდან და ზურგიდან. აქეთიქით კი იორდანეს წყალია, ჭაობი და ჭალა; მოსაბრუნებელი ადგილიც არაა.
- 46
ახლა ცას შეჰღაღადეთ, ვინძლო მტრის ხელიდან გვიხსნას.
- 47
დაიწყო ბრძოლა და შემართა იონათანმა ხელი ბაკხიდეს მოსაკლავად, მაგრამ დაუძვრა იგი და უკანა რიგებისკენ დაიხია.
- 48
შეტოპეს იონათანმა და მისმა თანამდგომებმა იორდანეში და გადაცურეს მეორე ნაპირზე, მაგრამ მტერმაც გადალახა იორდანე მათ დასადევნელად.
- 49
ბაკხიდეს მხრიდან დაეცა იმ დღეს ათასამდე კაცი.
- 50
დაბრუნდა იერუსალიმში ბაკხიდე და ააშენა ციხე-ქალაქები იუდაში, ციხე-სიმაგრე იერიხონსა და ემაუსში, ბეთ-ხორონში, ბეთელში, თიმნაში, ფარათონსა და ტეფონში, მაღალი კედლებით და კარიბჭეებითა და ურდულებით,
- 51
და ჩააყენა მათში დაცვა ისრაელის სამტროდ.
- 52
გაამაგრა ქალაქები - ბეთ-ცური და გაზერა და ციხე. დატოვა მათში ჯარები და სურსათის მარაგი.
- 53
წაიყვანა ქეეყნის მთავართა ვაჟები მძევლებად და იერუსალიმის ციხეში დაცვის ქვეშ დატოვა ისინი.
- 54
ასორმოცდამეცამეტე წლის მეორე თვეს ალკიმოსმა ბრძანა, დაენგრიათ სამსხვერპლოს შიდა ეზოს კედელი და დაენგრიათ წინასწარმეტყველთა ნაშენები. როცა დაიწყო ნგრევა,
- 55
დაეცა ალკიმოსი და დაბრკოლდა მისი საქმე. ენა წაერთვა და დადამბლავდა, აღარ შეეძლო სიტყვის წარმოთქმა და ბრძანების გაცემა თავისი სახლის თაობაზე.
- 56
მოითათბირა ყველა ურჯულომ, თქვეს: აჰა, იონათანი ამისი თანამდგომნი მყუდროებაში ცხოვრობენ უშფოთველად. ახლა მოვიყვანოთ ბაკხიდე და ერთ ღამეში შეიპყრობს ყველას.
- 57
დაინახა ბაკხიდემ, რომ მოკვდა ალკიმაოსი და გაბრუნდა მეფისკენ. ორი წლით მოისვენა იუდას ქვეყანამ.
- 59
წავიდნენ და მოეთათბირენ მას.
- 60
დაიძრა წასასვლელად ურიცხვი ჯარით და ფარულად დაუგზავნა წერილები ყველა თავის მოკავშირეს. თან იუდაში, რათა დაეჭირათ იონათანი და მისი თანამდგომნი; მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან გამჟღავნდა მათი განზრახვა.
- 61
შეიპყრო იონათანის ხალხმა ქვეყნის კაცთაგან მოღალატენი, ორმოცდაათამდე კაცი, და დახოცეს.
- 62
ხოლო იონათანი, სიმონი და მათი თანამდგომნი გადაიხვეწნენ ბეთბასისკენ უდაბნოში, ააშენეს დანგრეული და გაამაგრეს იგი.
- 63
შეიტყო ეს ბაკხიდემ, შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი და შეუთვალა იუდაელებსაც.
- 64
მივიდა, შემოადგა ბეთბასის და ებრძოდნენ დიდხანს, მიაყენეს საბრძოლო მანქანებიც.
- 65
იონათანმა ქალაქში დატოვა სიმონი, თავისი ძმა; თვითონ კი გაემართა ქვეყნისკენ და შევიდა მცირეოდენი ხალხით.
- 66
დაამარცხა ოდომერა მისი ძმებითურთ და ფასირონიანები მათსავე კარვებში. დაიწყო მუსრვა და შეჭრა მოწინააღმდეგის ლაშქარში.
- 67
ხოლო სიმონი და მისი თანამდგომნი გამოვიდნენ ქალაქიდან და ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს.
- 68
შეებრძოლენ ბაკხიდეს და იძლია იგი მათგან; შეაჭირვეს, რადგან მისი განზრახვა და ლაშქრობა ფუჭი გამოდგა.
- 69
ძლიერ განრისხდა ურჯულოებზე, რომელთაც ურჩიეს მას ამ ქვეყანაზე გამოლაშქრება; ბევრი დახოცა მათგან და გადაწყვიტა, თავის ქვეყანაში წასულიყო.
- 70
შეიტყო ეს იონათანმა და გაგზავნა მათთან უხუცესები ზავის დასადებად და მათგან ტყვეების დასაბრუნებლად.
- 71
დაეთანხმა და მისი სიტყვისამებრ მოიქცა. კიდეც შეჰფიცა, რომ აღარ შეეცდებოდა მისთვის ავს თავის სიცოცხლეში.
- 72
დაუბრუნა ტყვეები, რომლებიც წაყვანილი ჰყავდა წინათ იუდას ქვეყნიდან; გაბრუნდა და წავიდა თავის ქვეყანაში. მეტად აღარ მოსურვებია გალაშქრება მათ მიწა-წყალზე.
- 73
და დაცხრა მახვილი ისრაელში. დასახლდა იონათანი მიხმაშში და დაიწყო ხალხის განსჯა და გადააშენა უღმერთოები ისრაელიდან.