1 მაკაბელთა 8
- 1
ესმა იუდას რომაელთა სახელი, რომ მხნენი და ძლიერნი არიან ისინი; რომ კეთილგანწყობილნი არიან ყველა მათი მოკავშირის მიმართ და, ვინც კი მათთან მისულა, ყველა მათი მეგობარი გამხდარა; რომ მხნენი და ძლიერნი არიან.
- 2
მოუთხრობდნენ მას მათ გადახდილ ომებზე და საგმირო საქმეებზე, გალატებს შორის რომ მოახდინეს, რომ სძლიეს მათ და მოხარკეებად აქციეს;
- 3
და ყველაფერზე, რაც ესპანეთის ქვეყანაში მოიმოქმედეს, რათა დაპატრონებოდნენ ვერცხლისა და ოქროს იქაურ საბადოებს;
- 4
დაეპატრონენ მთელ მხარეს თავიანთი გონიერებით და მოთმინებით, მათგან ფრიად დაშორებულ ადგილსაც კი; ხოლო მათზე ქვეყნის კიდიდან წამოსულ მეფეებს ყოველთვის ძლევდნენ და სასტიკად ამარცხებდნენ; და ნარჩენები კი მათ ხარკს უხდიდნენ ყოველწლიურად;
- 5
მათ სძლიეს ომში და დაიმორჩილეს ფილიპე და პერსევსი, მაკედონელთა მეფე და სხვანი, ვინც აღუდგნენ მათ;
- 6
ასევე ანტიოქოსიც, აზიის დიდი მეფე, მათ წინააღმდეგ ამხედრებული, რომელსაც ჰყავდა ასოცი სპილო, ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი, იძლია მათგან;
- 7
ცოცხლად შეიპყრეს იგი და დააკისრეს მას და მის მომდევნო მეფეებს ხარკი და მძევლები, და მათი საუკეთესო ქვეყნების დაცალკევება,
- 8
ინდოეთის, მიდიისა და ლიდიის დანაწილება. აიღეს მისგან და მეფე ევმენეს ჩააბარეს ისინი.
- 9
როდესაც ბერძნებმა მოისურვეს მათზე გალაშქრება და მათი დამხობა,
- 10
ემცნო მათ ეს ამბავი, გაგზავნეს მათ წინააღმდეგ ერთი სარდალი და შეებრძოლნენ მათ; დაეცა მათგან მრავალი დაჭრილი, ტყვედ ჩაცვივდნენ მათი ცოლები და შვილები და გაიძარცვნენ, დაეპატრონენ მათ ქვეყანას, დალეწეს მათი სიმაგრეები და დღემდე მორჩილებაში ჰყავთ ისინი.
- 11
დანარჩენი სამეფოები და კუნძულები, რომლებიც კი ოდესმე აღდგომიან მათ, გაანადგურეს და დაიმორჩილეს. ხოლო თავიანთ მეგობრებთან და მხარდამჭერებთან შეინარჩუნეს მეგობრობა.
- 12
დაეპატრონენ მახლობელ და შორეულ სამეფოებს, და ყველას, ვინც მათ სახელს გაიგონებდა, შიში იპყრობდა.
- 13
ვის შეწევნასაც და გამეფებას მოისურვებენ, ამეფებენ; თუ მოისურვებენ, გადააყენებენ. დიდად აღზევებულნი არიან.
- 14
და მაინც არცერთ მათგანს არასოდეს გვირგვინი არ დაუდგამს, არც ძოწეულით შემოსილა დიდების ნიშნად.
- 15
მოიწყვეს საბჭო და ყოველდღე ბჭობს ოცდათორმეტი მებრჭე ყველაფერზე, რაც ხალხს შეეხება, მათ მართვა-გამგეობაზე.
- 16
ანდობენ ერთ კაცს მთავრობას და ქვეყნის პატრონობას ერთი წლის განმავლობაში; ყველანი ერთს უჯერესგნ და არ არის მათში არც შური, არც ეჭვი.
- 17
ამოირჩია იუდამ ევპოლემოსი, ძე იოანესი, ძისა აკოსი, და იასონი, ძე ელეაზარისა, და გაგზავნა ისინი რომში, მეგობრობისა და კავშირის დასამყარებლად,
- 18
რათა გადაეგდოთ უღელი, რადგან დაინახეს, რომ ელინთა სამეფომ საბოლოოდ დაიმონა ისრაელი.
- 19
გაემგზავრნენ რომისკენ შორეულ გზაზე; შევიდნენ საბჭოში და თქვეს:
- 20
იუდა მაკაბელმა, მისმა ძმებმა და იუდაელმა ხალხმა გამოგვაგზავნეს თქვენთან, რომ დავამყაროთ ერთმანეთთან კავშირი და მშვიდობა, და ჩაგვთვალოთ თქვენს მოკავშირეებად და მეგობრებად.
- 21
მოეწონათ მათ ეს სიტყვა.
- 22
აი, ასლი წერილისა, რომელიც დაწერეს სპილენძის დაფებზე და გაგზავნეს იერუსალიმში, რომ ყოფილიყო იქ მათთან ნიშნად მშვიდობისა და კავშირისა:
- 23
სიკეთე იყოს რომაელებთან და იუდაელ ხალხთან ერთად ზღვასა და ხმელეთზე უკუნისამდე, და შორს იყოს მათგან მტერი და მახვილი.
- 24
ხოლო თუკი პირველად ომი შეემთხვევა რომს ან რომელიმე მის მოკავშირეს მთელ მის სამფლობელოში,
- 25
იუდაელმა ხალხმა დახმარება უნდა გაუწიოს მას წრფელი გულით, როგორც დროება მოითხოვს მათგან.
- 26
მეომრებს არ მოამარაგებენ არც საკვებით, არც იარაღით, არც ფულით, არც ხომალდით, როგორც რომმა განსაჯა; უსასყიდლოდ უნდა ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს.
- 27
ასევე, თუკი იუდაელთა ხალხს შეემთხვა პირველად ომი, რომაელები გულითად დახმარებას გაუწევენ, როგორც დროება მოითხოვს მათგან;
- 28
მოკავშირეებს არ მოამარაგებენ არც საკვებით, არც იარაღით, არც ვერცხლით, არც ხომალდებით, როგორც რომმა განსაჯა; უზაკველად უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებანი.
- 29
ამ პირობებით შეკრეს კავშირი რომაელებმა იუდაელთა ერთან.
- 30
თუკი ერთი ან მეორე მხარე მოისურვებს ამ პირობებისთვის რაიმეს მიმატებას ან მოკლებას, გააკეთონ ეს საერთო გადაწყვეტილებით და, რასაც კი მიუმაგებენ ან გამოაკლებენ, ძალა ექნება.
- 31
ხოლო იმ სიავეთათვის, რაც მეფე დემეტრიოსმა მათ დაატეხა, მივწერეთ მას, შევუთვალეთ: რისთვის დამძიმდა შენი უღელი იუდაელებზე, ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებზე?
- 32
და აჰა, თუ ამიერიდან დაიჩივლებენ შენს წინააღმდეგ, ჩვენ დავიცავთ მათ სიმართლვს და შეგებრძოლებით ზღვაზე და ხმელეთზე.