1 მაკაბელთა 7
- 1
ასორმოცდამეთერთმეტე წელს რომიდან გამოვიდა დემეტრიოსი, სელევკის ძე, გაემართა ზღვისპირა ქალაქის მცირეოდენი ხალხით და იქ გამეფდა.
- 2
როდესაც შედიოდა თავისი მამა-პაპის სამეფო სახლში, ჯარმა შეიპყრო ანტიოქოსი და ლისია, რომ მიეგვარათ მისთვის.
- 3
გაიგო მან ეს ამბავი და თქვა: ნუ მიჩვენებთ მათ სახეებს.
- 4
მეომრებმა დახოცეს ისინი და დაბრძანდა დემეტრიოსი სამეფო ტახტზე.
- 5
ყველა ურჯულომ და უღვთო კაცმა ისრაელიდან მას მიაშურა; მიუძღოდა მათ ალკიმოსი, მღვდელმთავრობის მოწადინე.
- 6
როცა შეიკრიბა ხალხი მის წინაშე, თქვეს: გაწყვიტეს იუდამ და მისმა ძმებმა ყველა შენი მოკეთე, ჩვენც გაგვაძევა ჩვენი ქვეყნიდან.
- 7
ახლა გაგზავნე კაცი, ვისაც ენდობი. წავიდეს, ნახოს მთელი უბედურება, რაც ჩვენ და მეფის ქვეყანას გვიყო, დასაჯოს ისინი ყველა მათ მშველელთან ერთად.
- 8
ამოირჩია მეფემ თავის მოკეთეთაგან ბაკხიდე, რომელიც მდინარისგაღმა მხარეს განაგებდა, დიდ კაცად შეირაცხებოდა სამეფოში და მეფის ერთგული იყო.
- 9
გაგზავნა იგი და მასთან ერთად უღვთო ალკიმოსი, რომელიც მღვდელმთავრად ჰყავდა დანიშნული, და ისრაელიანთა დასჯა დაავალა.
- 10
გაემართნენ და დიდძალი ჯარით იუდას ქვეყანას მიადგნენ; გაუგზავნა მოციქულები იუდას და მის ძმებს მშვიდობის სიტყვით, მაგრამ მზაკვრულად.
- 11
მაგრამ მათ ყურად არ იღეს მათი სიტყვები, რადგან დაინახეს, რომ დიდძალი ჯარით იყვნენ მოსულნი.
- 12
მაშინ ალკიმოსთან და ბაკხიდესთან შეიკრიბა მწიგნობართა კრებული სამართლის საძიებლად.
- 13
პირველნი ხასიდიანები იყვნენ ისრაელიანთაგან, რომლებიც მათგან მშვიდობას მოელოდნენ.
- 14
თქვეს: ჯარით არის მოსული სამღვდელო კაცი, აარონის მოდგმიდან, და არ შეურაცხგვყოფს.
- 15
სამშვიდობო სიტყვები უთხრა მათ და შეჰფიცა: ავს არაფერს შეგამთხვევთო არც თქვენ, არც თქვენს მეგობრებს.
- 16
და ერწმუნენ მას. მაგრამ მან გამოიყვანა მათგან ექვსასი კაცი და დახოცა ისინი ერთ დღეში თანახმად დაწერილისა:
- 17
შენს წმიდათა სხეული და მათი სისხლი დაღვარეს იერუსალიმის გარშემო და დამმარხავი არავინ იყო.
- 18
და მოიცვა მათგან შიშმა და ძრწოლამ მთელი ხალხი და თქვეს: არ არის მათში სიმართლე და სამართალი, რადგან გატეხეს პირობა და ფიცი, რომლითაც დაიფიცეს.
- 19
ბაკხიდე კი წავიდა იერუსალიმიდან და ბეთსაიდაში დაბანაკდა. გაგზავნა და დააჭერინა ბევრნი, რომლებიც მისგან იყვნენ გაქცეულნი, და ზოგიერთნი ხალხიდანაც, და ერთ დიდ ჭაში ჩახოცა ისინი.
- 20
ჩააბარა ქვეყანა ალკიმოსს და დაუტოვა ჯარი დასახმარებლად. მერე გაბრუნდა მეფესთან.
- 21
ალკიმოსი მღვდელმთავრობისთვის იბრძოდა.
- 22
თავი მოიყარა მასთან მათი ხალხის ყველა მაშფოთებელმა. გაბატონდნენ იუდას ქვეყანაზე და დიდი რბევა მოაწყვეს ისრაელში.
- 23
როცა დაინახა იუდამ მთელი ბოროტება, რაც ჩაიდინეს ალკიმოსმა და მისმა თანამდგომებმა ისრაელიანებს შორის, რომ გადაამეტეს წარმართებს,
- 24
მოიარა იუდაელთა მთელი მიწა-წყალი ირგვლივ და შური იძია განდგომილ ხალხზე. და შეწყვიტეს მათ ქვეყანაში შემოსვლა.
- 25
დაინახა ალკიმოსმა, რომ გაძლიერდნენ იუდა და მისი თანამდგომნი, და მიხვდა, რომ ვერ გაუძლებდა მათ, დაბრუნდა მეფესთან და ბოროტად დაადანაშაულა ისინი.
- 26
მეფემ გაგზავნა ნიკანორი, ერთ-ერთი თავის სახელოვან მთავართაგანი, მოძულე და მტერი ისრაელისა, და უბრძანა მას ხალხის აწიოკება.
- 27
მიადგა ნიკანორი იერუსალიმს დიდძალი ჯარით და შეუთვალა იუდასა და მის ძმებს სამშვიდობო სიტყვები, მაგრამ მზაკვრულად:
- 28
ნუ მოხდება ბრძოლა ჩემსა და თქვენს შორის; მანდ ვიქნებით მცირეოდენი ხალხით, რათა პირისპირ გიხილოთ მშვიდობით.
- 29
გაემართა იუდასკენ და მშვიდობით შეხვდნენ ერთმანეთს. მეომრები კი მზად იყვნენ იუდას შესაპყრობად.
- 30
მაგრამ შეიტყო იუდამ, რომ მზაკვრობით იყო მოსული მის წინააღმდეგ, და მეტად აღარ მოუსურვებია მისი პირისხილვა.
- 31
მიხვდა ნიკანორი, რომ გამჟღავნდა მისი განზრახვა და გავიდა იუდასთან საბრძოლგვლად ხაფარსალამის მახლობლად.
- 32
დაეცა ნიკანორის მხრიდან ხუთიათასამდე კაცი და გაიქცნენ დავითის ქალაქისკენ.
- 33
ამ ამბების მერე იყო, რომ ავიდა ნიკანორი სიონის მთაზე და გამოვიდნენ საწმიდარიდან სამღვდელონი და ხალხის უხუცესები, რათა მშვიდობით მიგებებოდნენ და მეფისთვის შეწირული აღსავლენი ეჩვენებინათ მისთვის.
- 34
მან აბუჩად აიგდო ისინი, დასცინა მათ, წაბილწა ისინი და თავხედურად ლაპარაკობდა.
- 35
მერე რისხვით დაიფიცა და თქვა: თუკი ახლავე არ ჩამაბარებთ იუდას და მის ლაშქარს, ასე მოხდება: მშვიდობით თუ მოვბრუნდი, გადავწვავ ამ სახლს. და გამოვიდა დიდად განრისხებული.
- 36
შევიდნენ მღვდლები და დადგნენ სამსხვერპლოსა და ტაძრის წინაშე, ატირდნენ და თქვეს:
- 37
შენ აირჩიე ეს სახლი, რომ შენი სახელით წოდებულიყო, რათა ჰქონოდა იგი შენს ერს სამლოცველო და სავედრებელ სახლად.
- 38
შური მიაგე ამ კაცსა და მის ლაშქარს, დაე, მოისრნენ მახვილით. მოიხსენე მათი მკრეხელობა და მეტს ნუღარ აცოცხლებ.
- 39
ხოლო ნიკანორი გამოვიდა იერუსალიმიდან, ბეთხორონში დაბანაკდა და შეუერთდა მას სირიის ჯარი.
- 40
იუდა კი დაბანაკდა ხადაშაში სამი ათასი კაცითურთ. ილოცა იუდამ და თქვა:
- 41
როდესაც მოჰყვნენ მკრეხელობას მეფის მოციქულები, გამოვიდა შენი ანგელოზი და მოსრა მათგან ასოთხმოცდახუთი ათასი კაცი.
- 42
ასევე დააქციე ეს ლაშქარი დღეს ჩვენს წინაშე; დაე, იცნან დარჩენილებმა, რომ ბოროტად ილაპარაკა მან შენს საწმიდარზე, და უყავ სამართალი თავისი ბოროტებისამებრ.
- 43
შეიბნენ ჯარები საომრად ადარის თვის ცამეტს და განადგურდა ნიკანორის ლაშქარი; პირველი ის დაეცა ბრძოლაში.
- 44
როდესაც დაინახა მისმა ჯარმა, რომ დაეცა ნიკანორი, დაყარეს იარაღი და გაიქცნენ.
- 45
მისდიეს მათ ერთი დღის გზაზე ხადაშადან გეზერის მისადგომამდე და მათ უკან ომის მაუწყებელ ბუკებს აყვირებდნენ.
- 46
გამოვიდნენ იუდას გარშემო ყველა დაბიდან და გარსშემოერტყნენ მათ, მტერი შემობრუნდა მათკენ და მახვილით დაეცა ყველა.
- 47
ახვეტეს ნადავლი და სარჩო, ხოლო ნიკანორს მოჰკვეთეს თავი და მარჯვენა, რომელიც მედიდურად გაიშვირა. წაიღეს და იერუსალიმს გარეთ ჩამოკიდეს.
- 48
ძლიერ გაიხარა ხალხმა და ის დღე გაატარეს, როგორც დიდი სიხარულის დღე.
- 49
და დაადგინეს, რომ ედღესასწაულათ ეს დღე ყოველ წელიწადს ადარის ოცდაათში.
- 50
მცირე ხნით დაწყნარდა იუდას ქვეყანა.