1 მაკაბელთა 6
- 1
მოიარა მეფე ანტიოქოსმა ზემო ქვეყნები და შეიტყო, რომ სპარსეთში ყოფილა ქალაქი ელიმაისი, სიმდიდრით, ვერცხლითა და ოქროთი განთქმული;
- 2
რომ არის იქ ტაძარი, ძალზე მდიდარი, სადაც ინახება ოქროს ფარები, თორები და საჭურველი, რომელიც დატოვა მაკედონიის მეფემ, ალექსანდრე ფილიპეს ძემ, საბერძნეთის მეფე რომ იყო თავდაპირველად.
- 3
მიადგა ქალაქს და ცდილობდა მის აღებასა და გაძარცვას, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ცნობილი გახდა მისი განზრახვა ქალაქელებისთვის.
- 4
ბრძოლით დახვდნენ მას, გაიქცა იგი და დიდად შეწუხებული გაემართა იქიდან ბაბილონისკენ.
- 5
მაშინ ეახლა მას ვინმე სპარსი და მოახსენა, რომ დაფანტულია იუდას ქვეყნისკენ მომავალი ლაშქარი;
- 6
რომ პირველად ლისია მიდიოდა დიდძალი ჯარით, მაგრამ უკუიქცა მათ წინაშე; რომ იუდაელები გაძლიერდნენ საჭურვლით, ჯარით და დიდძალი ნადავლით, რომელიც დამარცხებული ლაშქრისგან აიღეს;
- 7
რომ იერუსალიმის საკურთხეველზე დაშენებული სისაძაგლე დალეწეს, საწმიდარი უწინდელივით მოზღუდვს მაღალი კვდლით, და ბეთ-ცურიც, მისი ქალაქი.
- 8
როდესაც მეფემ მოისმინა ეს ამბავი, გაოგნდა და შეშფოთდა დიდად, ლოგინად ჩავარდა და დასნეულდა მწუხარებისგან, რადგან არ აუსრულდა საწადელი.
- 9
ასე იწვა იქ მრავალი დღე, რადგან უახლოვდებოდა უზომო მწუხარება და ფიქრობდა, ვკვდებიო.
- 10
მოუხმო თავის ყველა მეგობარს და თქვა მათ წინაშე: განშორდა ძილი ჩემს თვალებს და გული შემიღონდა მწუხარებისგან.
- 11
ვუთხარი ჩემს თავს: ეს რა გასაჭირში ჩავვარდი-მეთქი! რა ნიაღვარმა წამლეკა, ჩემს ზეობაში კი საჭირო და ძვირფასი კაცი ვიყავი-მეთქი.
- 12
ახლაღა მაგონდება ბოროტებანი, იერუსალიმში რომ ჩავიდინე, გამოვზიდე იქიდან მთელი ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი და ტყუილუბრალოდ ვგზავნიდი ხალხს იუდას მოსახლეობის მოსაოხრებლად.
- 13
მივხვდი, რომ მათი გულისთვის მეწია ეს უბედურება და, აჰა, უცხო მიწაზე ვიღუპები დიდ მწუხარებაში.
- 14
და უხმო ფილიპეს, ერთს თავის მეგობართაგანს, და დაუმტკიგა მას მთელი თავისი სამეფო.
- 15
მისცა თავისი გვირგვინი, მოსასხამი და ბეჭედი, რომ აღეზარდა ანტიოქოსი, მისი ვაჟი და სამეფოდ გაეწვრთნა იგი.
- 16
ასორმოცდამეცხრე წელს მიიცვალა იქ მეფე ანტიოქოსი.
- 17
როცა გაიგო ლისიამ, რომ მოკვდა მეფე, გაამეფა მისი ძე ანტიოქოსი, რომელსაც ზრდიდა ბავშვობისას, და სახელად ევპატორი უწოდა.
- 18
ამასობაში ციხე-სიმაგრეში მყოფნი ავიწროვებდნენ ისრაელს სამსხვერპლოს მიდამოებში; მუდამ ცდილობდნენ ევნოთ მათთვის, ხოლო წარმართებისთვის მხარი დაეჭირათ.
- 19
გადაწყვიტა იუდამ მათი შემუსრვა და მოუწოდა მთელს ერს, გარსშემორტყმოდნენ.
- 20
შეიკრიბნენ და გარსშემოადგნენ ციხე-სიმაგრეს ასორმოცდამეათე წელს, გააკეთეს სატყორცნები და სხვა საომარი მანქანები.
- 21
ნაწილმა თავი დააღწია ალყას და ზოგიერთი უღვთო მათ მხარეზე გადავიდა ისრაელიდან.
- 22
წავიდნენ მეფესთან და უთხრეს: როდემდის აბრკოლებ სამართალს და არ იძიებ შურს ჩვენი ძმებისთვის?
- 23
ჩვენ კმაყოფილებით დავემორჩილეთ მამაშენს, ვცხოვრობთ მის ნებაზე და მივყვებით მის განკარგულებებს.
- 24
ჩვენი ხალხის შვილები გარსშემოადგნენ ციხე-სიმაგრეს და მტრად გადაგვეკიდნენ; ჩვენიანს ვისაც წააწყდებიან, კლავენ და ჩვენს მამულს იტაცებენ.
- 25
მხოლოდ ჩვენზე როდი აღმართეს ხელი, არამედ მთელს მათ მიწა-წყალზე.
- 26
და აჰა, შემოადგნენ დღეს იერუსალიმში ციხეს ასაღებად და გაამაგრეს საწმიდარი და ბეთ-ცური.
- 27
თუ არ დაასწარი მათ, მეტსაც იზამენ, და ვეღარ შეძლებ მათ დამარცხებას.
- 28
განრისხდა მეფე, ეს რომ მოისმინა, და შეკრიბა ყველა თავისი მეგობარი, ჯარის მეთაურები და ხელისუფალნი.
- 29
მივიდნენ მასთან მოქირავნე ჯარები სხვა სამეფოთაგან და ზღვათა კუნძულებიდან.
- 30
მათი ჯარების რიცხვი იყო: ასი ათასი ქვეითი, ოცი ათასი მხედარი და ოცდათორმეტი საომრად გაწვრთნილი სპილო.
- 31
გადაიარეს ედომი და შემოადგნენ ბეთ-ცურს. მრავალ დღეს იბრძოდნენ და აწყობდნენ საბრძოლო მანქანებს; მაგრამ გამოვიდნენ იუდაელები და ცეცხლით გადაწვეს ისინი და მამაცურად შეებრძოლენ.
- 32
გამოვიდა იუდა ციხიდან და დაბანაკდა ბეთ-ზაქარიასთან, მეფის ბანაკის პირისპირ.
- 33
დილაადრიანად ადგა მეფე და ჩქარი სვლით წაიყვანა ბანაკი ბეთ-ზაქარიას გზაზე; საომრად განემზადა ლაშქარი და დაჰკრეს ბუკებს.
- 34
დაანახეს სპილოებს ყურძნის და თუთის სისხლი, საბრძოლველად რომ გაეხელიბინათ.
- 35
ცხოველები რაზმებად გაანაწილეს და ყოველ სპილოს დაუყენეს ათასი თოროსანი და მუზარადიანი კაცი, და გაიცა განკარგულება, ყოველ ცხოველს ხუთი ათასი ცხენოსანი მისჩენოდა.
- 36
ესენი წამსვე იქ უნდა გაჩენილიყვნენ, სადაც ცხოველი იყო, და საითაც წავიდოდა, იქით უნდა წაჰყოლოდნენ, არ უნდა მოსცილებოდნენ.
- 37
სპილოებზე ხის მაგარი კოშკები იდგა, რომლებიც ფარავდა თითოეულ ცხოველს და საგანგებო მოსართავებით იყო მათზე დამაგრებული; თითოეულ მათგანზე ოთხი ღონიერი კაცი იდგა, რომლებიც იბრძოდნენ იქიდან, და ერთიც მისი ინდოელი გამძღოლი.
- 38
დანარჩენი ცხენოსნები აქეთ-იქიდან დაუყენეს ლაშქარს, ორსავე მხარეს, რომ დაერტყათ მტრისთვის, თავად კი დაცულნი ყოფილიყვნენ გვერდებიდან.
- 39
როდესაც ოქროსა და სპილენძის ფარებზე მზე აკაშკაშდა, მთებმა ლაპლაპი დაიწყეს მათგან და აელვარდნვნ ცეცხლის ლამპრებივით.
- 40
ერთი ნაწილი მეფის ლაშქრისა მაღალ მთებში გაიშალა, სხვები კი ბარში, და მიაბიჯებდნენ შეუდრეკლად და მწყობად.
- 41
შეშფოთდა ყველა, ვინც კი გაიგო მათი სიმრავლის ხმა, ამ უამრავი ხალხის სვლა და იარაღთა ჟღარუნი, რადგან მართლაც ძალზე დიდი და ძლიერი ლაშქარი იყო.
- 42
ჩაერთო იუდა და მისი ბანაკი ბრძოლაში და დაეცა
- 43
დაინახა ელეაზარმა, ავარანის ძემ, ერთ-ერთი ცხოველი, სამეფო ჯავშნით დაფარული და აღმატებული ყველა ცხოველზე, და ეგონა, რომ მასზე იყო მეფე,
- 44
და გასწირა თავი, რათა ეხსნა თავისი ხალხი, ხოლო თავისთვის საუკუნო სახელი მოეხვეჭა.
- 45
შევარდა გაბედულად რაზმებს შორის, რომ გაეღწია მისკენ; კვეთდა მარჯვნივ და მარცხნივ, და აქეთ-იქით იჩეხებოდნენ მის წინაშე;
- 46
სპილომდე გააღწია, ქვემოდან შეუვარდა მას და გაფატრა იგი, მიწას დაენარცხა სპილო და ქვეშ მოიყოლა, და იქვე მოკვდა ელეაზარი.
- 47
როცა დაინახეს იუდაელებმა მეფის ძალა და ჯარების შემოტევა, გაბრუნდნენ მათგან.
- 48
მებრძოლები მეფის ლაშქრიდან იერუსალიმისკენ წავიდნენ მათ წინააღმდეგ, მეფემ კი იუდაში და სიონის მთასთან დაიბანაკა.
- 49
დაუზავდა ბეთ-ცურელებს და ისინიც ქალაქიდან გამოიშალნენ, რადგან არ ჰქონდათ იქ სარჩო ალყაში გასაძლებად. შაბათის წელი იდგა ქვეყანაში.
- 50
აიღო მეფემ ბეთ-ცური და დაცვა ჩააყენა იქ.
- 51
მერე საწმიდარს შემოადგა და დიდხანს ჰყავდა ალყაშემორტყმული; აღმართა იქ სატყორცნები და საომარი მანქანები: ცეცხლსატყორცნები, ლოდსატყორცნები და ისართსატყორცნები, რომ ისრები და ლოდები ეტყორცნათ.
- 52
იუდაელებმაც გააკეთეს საომარი მანქანები მათი საომარი მანქანების საპირისპიროდ და იბრძოდნენ მრავალი დღის განმავლობაში.
- 53
მაგრამ ჭურჭელში სურსათი აღარ იყო, რადგან მესამე წელი იდგა, და წარმართთაგან გადარჩენილმა იუდაელებმა მარაგის ნარჩენებიც შეჭამეს.
- 54
საწმიდარში ცოტანიღა დარჩნენ, რადგან შიმშილმა ძლია მათ და ყველანი თავ-თავისი ადგილებისკენ გაიფანტნენ.
- 55
როცა შეიტყო ლისიამ, რომ ფილიპე, რომელიც მეფე ანტიოქოსმა ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში დააყენა თავისი ძის, ანტიოქოსის მეფედ აღსაზრდელად.
- 56
სპარსეთიდან მობრუნებულა და მოემართება; რომ მას მოჰყვება ურიცხვი ძალა და გადაწყვეტილი აქვს ხელში აიღოს სახელმწიფო საქმეები,
- 57
სასწრაფოდ გასცა ბრძანება, დაძრულიყვნენ და მიმართა მეფეს, ჯარების სარდლებსა და კარისკაცებს: დღითიდღე ვმცირდებით და საზრდოც აღარ გვყოფნის, ადგილიც, რომლისთვისაც ალყა გვაქვს შემორტყმული, მაგარია; სამეფო საქმეებიც მძიმედ გვაწევს.
- 58
მოდით, გავუწოდოთ ამ კაცებს მარჯვენა და დავუდოთ ზავი მთელ მათ ხალხს.
- 59
ნება მივცეთ მათ, მიჰყვნენ თავიანთ წესებს უწინდელივით, რადგან იმ წესების გულისთვის, რომლებიც ავკრძალეთ, გაშმაგდნენ, და ეს ყოველივე მოიმოქმედეს.
- 60
მოეწონათ ეს სიტყვა მეფეს და მთავრებს, შეუთვალეს და შესთავაზეს მათ ზავი, მათაც მიიღეს.
- 61
შეჰფიცეს მათ მეფემ და მთავრვბმა და ამ სიტყვაზე გამოვიდნენ სიმაგრიდან იუდაელები.
- 62
მაგრამ როცა ავიდა მეფე სიონის მთაზე და იხილა გამაგრებული ადგილი, გატეხა დადებული ფიცი, და ბრძანა, შემოენგრიათ ირგვლივ კედელი.
- 63
შემდეგ საჩქაროდ დაიძრა და ანტიოქიაში დაბრუნდა, სადაც ფილიპე დახვდა ქალაქის განმგებლად; შეება მას და ძალით დაიმორჩილა ქალაქი.