1 მაკაბელთა 5
- 1
დიდად განრისხდნენ წარმართები, როცა გაიგეს, რომ უწინდელივით აღიმართა სამსხვერპლო და განახლდა საწმიდარი.
- 2
გადაწყვიტეს, აღმოეფხვრათ იაკობის მოდგმა, რომელიც მათ შორის იყო, და დაიწყეს ხოცვა და მუსრვა ხალხში.
- 3
ხოლო იუდა შეებრძოლა ესავიანებს ედომში, აკრაბატენესთან, რადგან მათ ალყაში ჰყავდათ ისრაელი; სასტიკად დაამარცხა ისინი, დაიმორჩილა და აიღო ნადავლი.
- 4
მერე გაიხსენა ბოროტებანი ბეანიანთა, რომლებიც მახედ და ხაფანგად იყვნენ ხალხისთვის და გზებზე უსაფრთებოდნენ მათ.
- 5
მათ ციხე-სიმაგრეებს შეაფარეს თავი, ხოლო იუდა გარსშემოადგა მათ და დაარისხა ისინი, ცეცხლში გახვია მათი ციხე-სიმაგრეები ყველა მასში მყოფითურთ.
- 6
მერე მიადგა ყამონიანებს და შეხვდა იქ მაგარ ხელს და ურიცხვ სიმრავლეს ტიმოთეოსის წინამძღოლობით.
- 7
ბევრი ბრძოლა გადაიხადა მათ წინააღმდეგ და შეიმუსრნენ ისინი მის წინაშე. ასე დაამარცხა ისინი.
- 8
მერე სწრაფადვე აიღო იაყზერი მისი სოფლებითურთ და იუდასკვნ შემოიქცა.
- 9
მაშინ გალაადის წარმართები სამტროდ შემოეწყვნენ მათ მიწა-წყალზე მცხოვრებ ისრაელს, რომ მოესრათ ისინი, მაგრამ გაექცნენ დათემას ციხეში,
- 10
და წერილები გაუგზავნეს იუდასა და მის ძმებს, შეუთვალეს: შეიკრიბნენ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენს ირგვლივ მყოფი წარმართები, რომ გაგვანადგურონ;
- 11
ამზადებენ შეტევას და აპირებენ სიმაგრის აღებას, რომელსაც შეფარებულნი ვართ. ტიმოთეოსი მოუძღვის მათ ჯარს.
- 12
მაშ, ახლა მოდი და გვიხსენი მათი ხელიდან, რადგან დაცემულია ბევრი ჩვენგანი,
- 13
ჩვენი მოძმენიც, ყველა ვინც კი ტობში იგო, დახოცილნი არიან; მათი ცოლ-შვილი მონებად წაასხეს, ქონება დაიტაცეს, და ათასამდე კაცი გაწყვიტეს იქ.
- 14
ჯერ კიდევ წერილებს კითხულობდნენ, რომ აჰა, სხვა შიკრიკები მოვიდნენ გალილეადან, სამოსელშემოგლეჯილნი და ეს ამბავი აუწყეს.
- 15
თქვეს, შეიკრიბნენ პტოლემაისიდან, გვიროსიდან, ციდონიდან და წარმართთა გალილეადან ჩვენს გასანადგურებლადო.
- 16
როდესაც გაიგეს ეს ამბები იუდამ და ხალხმა, შეიყარა დიდი კრებული იმის გადასაწყვეტად, თუ რა ეღონათ გასაჭირში მყოფი და მათგან მიმძლავრებული მოძმეებისთვის.
- 17
მიმართა იუდამ სიმონს, თავის ძმას: ამოირჩიე კაცები, წადი და იხსენი შენი ძმები გალილეაში. ხოლო მე და ჩემი ძმა იონათანი გალაადისკენ გავემართებითო.
- 18
ხალხის წინამძღოლებად კი ზაქარიას იოსები და ყაზარია დატოვა ლაშქრის დარჩენილ ნაწილთან ერთად იუდაში, მის დასაცავად;
- 19
და უბრძანა მათ: განაგეთ ხალხი და ჩვენს მობრუნებამდე წარმართებს ნუ შეებრძოლებით.
- 20
სიმონს ჩააბარეს სამიათასი კაცი გალილეაში სალაშქროდ, ხოლო იუდას რვაათასი კაცი გაალადისთვის.
- 21
გაემართა სიმონი გალილეასკენ, მრავალი ბრძოლა გადაიხადა წარმართებთან და შეიმუსრნენ წარმართები მის წინაშე.
- 22
მისდია მათ პტოლემაისის კარიბჭემდე და დაეცა წარმართთაგან სამიათასამდე კაცი და წამოიღო მან ნადავლი.
- 23
წამოასხა გალილეასა და არბატეში მყოფი იუდაელნი დედა-წულიანად და იუდაში მიიყვანა დიდი სიხარულით.
- 24
ხოლო იუდა მაკაბელმა და მისმა ძმამ იონათანმა გადალახეს იორდანე და სამი დღის სავალი გზა გაიარეს უდაბნოში.
- 25
გადაეყარნენ ნაბატელებს, მშვიდობიანად შეეგებნენ მათ და ყველაფერი უამბეს, რაც შეემთხვათ მათ ძმებს გალაადში;
- 26
რომ მრავალი მათგანი ჩაკეტილები არიან ბოცრასა და ბოსორში, ალემოში, ხასფოში, მაკედსა და კარნაინში, რომ ყველა ეს ქალაქი დიდია და გამაგრებული,
- 27
რომ სხვები გალაადის დანარჩენ ქალაქებში არიან ჩაკეტილნი, რომ მტერი ხვალისთვის აპირებს თავდასხმას სიმაგრეებზე, მათ აღებას და დარბევას ერთ დღეში.
- 28
სწრაფად შებრუნდა იუდა და მისი ლაშქარი უდაბნოში ბოცრას გზაზე; აიღო ქალაქი და გაწყვიტა მთელი მამროვანი მახვილის პირით, მოხვეტა ურიცხვი ნადავლი და ცეცხლში დაწვა.
- 29
აქედან ღამით გაემართა და დათემას ციხე-სიმაგრემდე იარეს.
- 30
დილით კი, როცა გათენდა, გაიხედეს და, აჰა, უამრავი ხალხი, რომელსაც სათვალავი არ ჰქონდა, მოათრევს კიბეებს და მანქანებს ციხე-სიმაგრის ასაღებად და მათთან საბრძოლველად.
- 31
დაინახა იუდამ, რომ დაიწყო ომი და ქალაქის ხმაურმა ცას უწია საყვირებითა და დიდი ყვირილით,
- 32
და შეუძახა ლაშქარს: იომებ დღეს თქვენი ძმებისთვის!
- 33
სამი რაზმით ზურგიდან შემოუარეს მტერს, საყვირებს ჩაჰბერეს და ხმამაღალი ლოცვა დაიწყეს.
- 34
მიხვდა ტიმოთეოსის ლაშქარი, რომ ეს მაკაბელი იყო და უკუიქცნენ მისგან, და მან მუსრი გაავლო მათ. იმ დღეს დაეცა მათგან რვაათასამდე კაცი.
- 35
გადაინაცვლა ალემასკენ და შეებრძოლა, აიღო იგი და ამოხოცა მთელი მისი მამროვანი. მოხვეტა ნადავლი და ცეცხლში დაწვა.
- 36
იქედან გაემართა და დაიპყრო ხასფო, მაკედი და ბოსორი და გალაადის დარჩენილი ქალაქები.
- 37
ამ ამბების შემდეგ ტიმოთეოსმა ახალ ჯარს მოუყარა თავი და დააყენა რაფონის წინ, ხევის მხრიდან.
- 38
გაგზავნა იუდამ ხალხი ბანაკის დასაზვერავად. და მოახსენეს მას: მასთან არიან შემოკრებილნი ჩვენს ირგვლივ მყოფი წარმართები, დიდძალი ჯარია.
- 39
მოქირავნე არაბებიც მოუყვანიათ საშველად, ხევის მხარეს განლაგებულან და მზად არიან ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად, გაეშურა იუდა მათ დასახვედრად.
- 40
ტიმოთეოსმა ასე უთხრა თავისი ჯარების მეთაურებს, როცა იუდა და მისი ლაშქარი ხევს მიუახლოვდა: თუ პირველმა გადმოლახა ხევი, ვერ შევაკავებთ, უეჭველად დაგვამარცხებს.
- 41
ხოლო თუ შეშინდა და მდინარის გაღმა დაბანაკდა, თავს დავესხათ და დავამარცხებთ მას.
- 42
როცა იუდა ხევს მიუახლოვდა, ხევთან დააყენა ხალხის მწიგნობარნი და უბრძანა მათ: არავინ გააჩეროთ აქ. ყველანი საბრძოლველად გაიყვანეთ.
- 43
და მან პირველმა გადალახა ხევი მტრისკენ და მთელი ხალხი უკან მიჰყვა; მათ წინაშე დაეცნენ წარმართები, დაყარეს საჭურველი და თავი შეაფარეს წმიდა ნაკრძალს კარნაიმში.
- 44
ქალაქი აიღეს, ხოლო წმიდა ნაკრძალი ცეცხლით დაწვეს ყველა შიგმყოფითურთ. ასე იძლია ვარნაიმი; წინააღმდეგობა ვეღარ გაუწივს იუდას.
- 45
შეკრიბა იუდამ მთელ გალაადში მოსახლე ისრაელობა დიდიან-პატარიანად, მათი დედა-წულითა და საბადებლითურთ, უამრავი ხალხი, იუდას ქვეყნისკენ გასამგზავრებლად.
- 46
მიადგნენ ეფრონს. ეს დიდი ქალაქია გზაზე, ძალზე ძლიერი; ვერ გაუხვევდნენ ვერც მარჯვნივ, ვერც მარცხნივ, მხოლოდ მის შუაგულში უნდა გაევლოთ.
- 47
მაგრამ ჩაკეცეს ის ქალაქელებმა და ქვებით ჩახერგეს კარიბჭე.
- 48
შეუთვალა მათ იუდამ სამშვიდობო სიტყვა: გაგვატარე შენს ქვეყანაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში მივიდეთ; ცუდს არაფერს შეგამთხვევთ, მხოლოდ ფეხს დავადგამთო. არ მოისურვეს მათი შეშვება.
- 49
ბრძანა იუდამ, გამოეცხადებინათ ლაშქარში, რომ ყველა თავის ადგილას დამდგარიყო.
- 50
დაიბანაკეს მეომრებმა, და ებრძოდა ქალაქს მთელ იმ დღეს და მთელ ღამეს, და ჩაბარდა ქალაქი მის ხელს.
- 51
გაწყვიტა მთელი მამროვანი მახვილის პირით, დააქცია ქალაქი, ნადავლი აიღო და ქალაქში დახოცილთა გვამებზე გადაატარა ჯარი.
- 52
გადალახეს იორდანე დიდი ვაკისკენ, ბეთ-შანის პირდაპირ.
- 53
გზადაგზა იუდა კრებდა ჩამორჩენილთ და მთელ გზაზე ამხნევებდა ხალხს, ვიდრე იუდას ქვეყანას მიადგებოდნენ.
- 54
შემდეგ შვებითა და სიხარულით ავიდნენ სიონის მთაზე და შესწირეს აღსავლენი, რადგან ერთი მათგანიც არ დაცემულა სამშვიდობოში მობრუნებამდე.
- 55
იმ დროს, როცა იუდა და იონათანი გალაადის მიწაზე იყვნენ, ხოლო სიმონი, მისი ძმა, გალილეაში პტოლემაისის პირდაპირ იდგა,
- 56
ზაქარიას იოსებს და ყაზარიას - ჯარების სარდლებს ესმათ მათი გმირობისა და გადახდილი ომის ამბავი.
- 57
თქვეს: ჩვენც მოვიხვეჭოთ სახელი, ჩვენც გავემართოთ და შევებრძოლოთ წარმართებს ჩვენს ირგვლივ.
- 58
მოუწოდეს ჯარებს, რომლებიც თან ჰყავდათ, და იამნიასკენ გაემართნენ.
- 59
გორგია და მისი მეომრები ქალაქიდან გამოვიდნენ, რომ ბრძოლით შეგებებოდნენ მათ.
- 60
უკუიქცნენ იოსები და ყაზარია და იდევნებოდნენ იუდას მისადგომებამდე. ორიათასამდე კაცი დაეცა იმ დღეს ისრაელიდან.
- 61
შეიქნა ხალხში დიდი ლტოლვილება, რადგან არ ესმოდათ იუდასი და მისი ძმებისა, გმირობის გამოჩენა კი სურდათ.
- 62
მაგრამ ესენი არ იყვნენ იმ გვარისანი, ვისი ხელითაც უნდა მოვლენოდა ხსნა ისრაელს.
- 63
კაცი იუდა და მისი ძმები კი ფრიად განითქვნენ მთელი ისრაელისა და ყველა ხალხის წინაშე, სადაც გაგონილი ჰქონდათ მათი სახელი.
- 64
და შემოკრბენ მის ირგვლივ მისი მაქებარნი.
- 65
გაემართნენ იუდა და მისი ძმები სამხრეთისკენ და შეებრძოლენ ესავიანებს. დაამარცხა მან ხებრონი და მისი სოფლები, დალეწა მისი ციხე-სიმაგრენი და გადაწვა გოდლები მის გარშემო.
- 66
მერე დაიძრა ფილისტიმელთა ქვეყნისკენ წასასვლელად და გადაიარა მარეშაზე.
- 67
იმ დღეს დაეცნენ ბრძოლის ველზე მღვდლები, გმირობის ჩადენის მსურველნი, რადგან უგუნურად ჩაებნენ ბრძოლაში.
- 68
ხოლო იუდამ გაუხვია აშდოდისკენ ფილისტიმელთა ქვეყანაში და დალეწა მათი ბომონები, ცეცხლს მისცა მათი ღმერთების ქანდაკებანი და მოხვეტა ნადავლი ქალაქებიდან. მერე იუდა ქვეყნისკენ გაბრუნდა.