1 მაკაბელთა 4
- 1
გორგიამ წაიყვანა ხუთიათასი ქვეითი და ათიათასი რჩეული მხედარი, და დაიძრა ღამით ლაშქარი,
- 2
რათა თავს დასხმოდნენ იუდაელთა ბანაკს და მუსრი გაევლოთ მათთვის მოულოდნელად; მისი მეგზურები ციხე-სიმაგრიდან იყვნენ.
- 3
შეიტყო იუდამ და გამოვიდა თავისი ლაშქრითურთ მეფის ჯართან შესაბმელად ემაუსში,
- 4
როცა ჯარები ჯერ კიდევ შორს იყვნენ ბანაკიდან.
- 5
შევიდა გორგია ღამით იუდას ბანაკში და ვერავინ ნახა იქ. მერე მთებში ეძებდა მათ, რადგან იფიქრა: გაგვექცაო ეს ხალხი.
- 6
გათენებისთანავე გამოჩნდა იუდა ვაკეზე სამიათასი კაცით; ფარები და მახვილები არ ჰქონიათ, რადგან ასე ისურვეს.
- 7
დაინახეს წარმართთა ბანაკი, ძლიერი და გამაგრებული, მხედრობით გარსშემორტყმული; ბრძოლებში გამოწრთობილნი იყვნენ ისინი.
- 8
უთხრა იუდამ კაცებს, რომლებიც თან ახლდნენ მას: მათი სიმრავლისა ნუ შეგეშინდებათ და მათი შემართება ნუ დაგაფრთხობთ.
- 9
გაიხსენეთ, როგორ გადარჩნენ ჩვენი მამები მეწამულ ზღვაში, როდესაც ჯარით გამოუდგა მათ ფარაონი.
- 10
ახლა კი შევღაღადოთ მას, ვინძლო ინებოს ღმერთმა ჩვენი გადარჩენა და გაიხსენოს მამათა აღთქმა, და შემუსროს ეს ლაშქარი დღეს ჩვენს წინაშე.
- 11
და გაიგოს ყოველმა ხალხმა, რომ არსებობს გამომსყიდველი და მხსნელი ისრაელისა.
- 12
როდესაც უცხოთესლმა ააპყრო თვალი, დაინახეს ისინი, მათ წინააღმდეგ მომავლები,
- 13
და გამოვიდნენ საომრად თავიანთი ბანაკიდან; მაშინ ბუკსა სცეს იუდას მხრიდან
- 14
და შეუტიეს და სძლიეს წარმართებს, და დაბლობისკენ გააქციეს;
- 15
ჩამორჩენილნი კი მახვილით განგმირეს; მისდიეს მათ გაზერამდე და ედომის ვაკემდე, აშდოდამდე და იამნიამდე. გაწყდა მათგან სამიათასამდე კაცი.
- 16
მობრუნდა იუდა ლაშქართან ერთად მათი დევნიდან.
- 17
და მიმართა ხალხს: ნუ დახარბდებით ნადავლს, რადგან წინ ომი გვიდევს.
- 18
გორგია და მისი ჯარი ჩვენს ახლოს არიან, მთებში. ახლა განეწყვეთ მტრის წინააღმდეგ და შეებრძოლეთ მათ, ამის შეხდეგ გაბედულად იალაფეთ.
- 19
ამ ლაპარაკში იყო, რომ რაღაც რაზმი გამოჩნდა მთიდან.
- 20
დაინახეს, რომ მათი ჯარი გაქცეულია, ბანაკს კი ცეცხლს უკიდებენ; ადენილი კვამლიდან ჩანდა, რაც მოხდა.
- 21
ამის მნახველთ თავზარი დაეცათ; ხოლო ვაკეზე საომრად გამზადებული იუდას ლაშქარი რომ დაინახეს,
- 22
ყველანი ფილისტიმელთა ქვეყნისკენ გაიქცნენ.
- 23
მაშინ მიბრუნდა იუდა ბანაკის გასაძარცვავად და მოხვეტეს დიდძალი ოქრო-ვერცხლი, იაკინთი და ზღვის პორფირი, დიდი დოვლათი.
- 24
როდესაც უკან დაბრუნდნენ, გალობანი და ლოცვები აღავლინეს ცისკენ, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა.
- 25
აღსრულდა ისრაელზე იმ დღეს დიდი ხსნა.
- 26
ხოლო ვინც გადარჩა უცხოთესლთაგან, ეახლნენ და აუწყეს ლისიას ყოველივე, რაც მოხდა.
- 27
როცა მოისმინა ეს, შეშფოთდა და დაღონდა, რადგან ისე არ წაუვიდა საქმე ისრაელს, როგორც მას სურდა, და არ ახდა ისე, როგორც მეფემ უბრძანა.
- 28
მეორე წელს შეკრიბა სამოცი ათასი რჩეული კაცი და ხუთიათასი ცხენოსანი, რომ შებრძოლებოდნენ მათ.
- 29
მივიდნენ ედომში და ბეთ-ცურში დაიბანაკეს; და დაუხვდა მათ იუდა ათიათასი კაცით.
- 30
როცა დაინახა, რომ ძლიერი იყო მათი ლაშქარი, ილოცა და თქვა: კურთხეულ ხარ, მხსნელო ისრაელისა, რომელმაც შემუსრე ძლიერი მტერი შენი მორჩილის, დავითის ხელით, და უცხოთესლთა ჯარი ხელში ჩაუგდე იონათანს, საულის ძეს, და მის საჭურველთმტვირთველს.
- 31
ასევე მოამწყვდიე ეს ლაშქარი შენი ერის, ისრაელის ხელში, რომ შერცხვენოდათ თავიანთი ჯარისა და მხედრობისა.
- 32
აავსე ისინი სიმხდალით, დაადამბლავე მათი ძალა, და შეარყია ისინი მარცხმა.
- 33
შემუსრე ისინი შენს მოყვარულთა მახვილით და საგალობლებში განგადიდებენ შენი სახელის მცნობელნი.
- 34
შემდეგ ეკვეთნენ ერთმანეთს და დაეცა ლისიას ბანაკიდან ხუთი ათასამდე კაცი და გაწყდნენ მათ წინაშე.
- 35
დაინახა ლისიამ თავისი ლაშქრის უკუქცეკა და იუდას მებრძოლთა სიმამაცე, თუ როგორ იყვნენ მზად, ან ეცოცხლათ ან ღირსეულად დახოცილიყვნენ, და ანტიოქიისკენ გაემართა; გულში ჩაიდო, ჯარი დაექირავებინა და უფრო დიდი ლაშქრით კვლავ იუდაელებს შესეოდა.
- 36
მაშინ თქვეს იუდამ და მისმა ძმებმა: აჰა, შეიმუსრა ჩვენი მტერი. ავიდეთ სამსხვერპლოს განსაწმედად და განსაახლებლად.
- 37
შეიკრიბა მთელი ჯარი და ავიდნენ სიონის მთაზე.
- 38
ნახეს გაპარტახებული საწმიდარი, წაბილწული სამსხვერპლო, გადამწვარი კარიბჭე; ეზოში კი ბუჩქები იყო ამოსული, როგორც ტყეში ან მთაში; სიწმიდეთა საცავები მოოხრებული იყო.
- 39
შემოიგლიჯეს ტანისამოსი, გამართეს დიდი გლოვა და ნაცარი დაიყარეს თავზე.
- 40
პირქვე დაემხნენ მიწაზე, მაუწყებელ საყვირებს ჩაჰბერეს და ხმამაღალი ღაღადისი აღავლინეს ცისკენ.
- 41
მერე გამოყო იუდამ მებრძოლები ციხე-სიმაგრეში მყოფებთან საომრად, ვიდრე თავად სამსხვერპლოს გაწმედდა.
- 42
ამოირჩია უბიწო მღვდლები, რჯულის ერთგულნი,
- 43
და გაასუფთავეს საწმიდარი და ბინძური ქვები უსუფთაო ადგილზე გაიტანეს.
- 44
შემდეგ გამართეს ბჭობა შებღალული აღსავლენის სამსხვერპლოს გამო, თუ როგორ მოქცეულიყვნენ.
- 45
მაშინ გაუჩნდათ მათ კეთილი აზრი, დაენგრიათ იგი, რომ სირცხვილად არ ქცეულიყო მათთვის, რადგან წარმართთაგან იყო წაბილწული; და დაანგრიეს სამსხვერპლო.
- 46
ქვები კი დააწყვეს ტაძრის მთაზე, შესაფერ ადგილას, სანამ მიამავალი ვინმე წინასწარმეტყველი მათ შესახებ იტყოდა რამეს.
- 47
მოაგროვეს წესისამებრ გაუთლელი ქვები და ააგეს ახალი სამსხვერპლო ძველის მიხედვით.
- 48
ააშენეს საწმიდარი და ტაძრის შიგადი, და აკურთხეს ეზო.
- 49
ახლად დაამზადეს წმიდა ჭურჭელი და ტაძარში შეიტანეს სასანთლე, საკმევლის სამსხვერპლო და ტრაპეზი.
- 50
აკმიეს სამსხვერპლოზე, შანდლებზე სანთლები დაანთეს და გაანათეს ტაძარი.
- 51
ტრაპეზზე პურები დააწყვეს, ჩამოკიდეს ფარდები და აღასრულეს ყოველი საქმე, რაც წამოიწყეს.
- 52
ასმეორმოცე წელს, მეცხრე თვის (ქისლევის თვის) ოცდამეხუთე დღეს, დილით ადრე ადგნენ
- 53
და ახლადაგებულ აღსავლენ სამსხვერპლოზე ჯერისამებრ მოიყვანეს შესაწირავი.
- 54
სწორედ იმ დროსა და იმ დღეს, როცა წაბილწეს წარმართებმა, განაახლეს იგი საგალობლებით, ბობღნებით, ებნებითა და წინწილებით.
- 55
პირქვე დაემხო მთელი ხალხი, თაყვანისცეს და ჰმადლობდნენ ცას, რომელმაც სიკეთე მოიღო მათზე.
- 56
რვა დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს სატფურებას, სიხარულით მოჰყავდათ აღსავლენი და სწირავდნენ ხსნისა და ქების შესაწირავს.
- 57
ტაძრის შუბლი დაამშვენეს ოქროს გვირგვინებითა და ფარებით, განაახლეს კარიბჭეები და სიწმიდეთსაცავები, და კარი შეაბეს.
- 58
დიდზე დიდმა სიხარულმა მოიცვა ხალხი და განქარდა წარმართთაგან მოყივნება.
- 59
დააწესეს იუდამ, მისმა ძმებმა და მთელმა ისრაელის კრებულმა ეზეიმათ სამსხვერპლოს სატფურების დღე წლიდან წლამდე რვა დღის განმავლობაში, ქისლევის თვის ოცდამეხუთე დღიდან, ლხენითა და სიხარულით.
- 60
იმავე ხანებში სიონის მთა შემოზღუდეს მაღალი კედლებით და მაგარი კოშკებით, რათა ოდესმე მომხდურ წარმართებს აღარ დაექციათ ისინი უწინდელივით.
- 61
ჩააყენა იქ ჯარი მის დასაცავად და გაამაგრა ბეთცურიც დასაცავად, რათა ხალხს ედომის მხარეს ჰქონოდა სიმაგრე.