1 მაკაბელთა 3
- 1
მის ნაცვლად აღდგა იუდა, მისი ვაჟი, რომელსაც მაკაბელი ერქვა.
- 2
მხარში ამოუდგნენ მას მისი ძმები და ყველა, ვინც კი მამამისს შეუერთდა, და სიხარულით იბრძოდნენ ისრაელისთვის.
- 3
შორს გაიტანა თავისი ხალხის დიდება; თორი შეიმოსა როგორც ბუმბერაზმა, შეისხა საომარი საჭურველი და იბრძოდა, მახვილით იცავდა ბანაკს.
- 4
თავისი საქმეებით ლომს ჰგავდა და ლომის ბოკვერს, მსხვერპლზე რომ ბდღვინავს.
- 5
დევნიდა ურჯულოებს, ეძებდა მათ და წვავდა თავისი ხალხის მაშფოთებელთ.
- 6
მისი შიშით დადგნენ ურჯულოები, გაწბილდა ყოველი ძვირისმოქმედი და კეთილად წარიმართა ხსნა მისი ხელით.
- 7
გაამწარა ბევრი მეფე და თავისი საქმით გაახარა იაკობი, და კურთხეულია მისი ხსოვნა უკუნისამდე.
- 8
მოიარა იუდამ ქალაქები და გაწყვიტა იქ ღვთისმგმობელნი და მიიქცა რისხვა ისრაელიდან.
- 9
სახელი გაითქვა ქვეყნის კიდემდე და თავი მოუყარა დასაღუპად განწირულთ.
- 10
ამასობაში აპოლონიოსმა თავი მოუყარა წარმართებს და დიდძალ ლაშქარს სამარიიდან ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად.
- 11
გაიგო ეს ამბავი იუდამ, გაემართა მის შესახვედრად, სძლია მას და მოკლა. ბევრი დაეცა განგმირული, დანარჩენებმა კი თავს უშველეს.
- 12
მოხვეტეს ნადავლი, აპოლონიოსის მახვილი კი იუდამ აიღო და იმით იბრძოდა მთელი სიცოცხლე.
- 13
როცა გაიგო სერონმა, სირიის ლაშქრის სარდალმა, რომ იუდამ თავი მოუყარა მთელს კრებულსა და მორწმუნეთა მრევლს, და საომრად გავიდა,
- 14
თქვა: გავითქვამ სახელს და სამეფოში პატივს მოვიხვეჭ. შევებრძოლები იუდასა და მის თანამდგომთ, მეფის სიტყვათა შეურაცხმყოფელთო.
- 15
და გაეშურა მისკენ ღვთისმგმობელთა ძლიერი ბანაკი, რომ მიხმარებოდნენ მას ისრაელიანების დასასჯელად.
- 16
ბეთ-ხორონის აღმართს რომ მიუახლოვდა, გამოვიდა იუდა მის შესახვედრად მეტად მცირე რაზმით.
- 17
როცა მათ წინააღმდეგ გამოსული ლაშქარი დაინახეს, უთხრეს იუდას: როგორ შევებრძოლოთ ასე ცოტანი ამ ურიცხვ და ძლიერ ლაშქარს? დაქანცულებიც ვართ, რადგან დღეს არაფერი გვიჭამიაო.
- 18
მიუგო იუდამ: ადვილია მცირეთა ხელით მრავალთა ძლევა; ბევრის ხელით მოხდება ხსნა თუ მცირეს ხელით, ცის წინაშე სულერთია.
- 19
ლაშქრის სიმრავლე კი არ იმარჯვებს ომში, არამედ შველა ზეციდან მოდის.
- 20
ისინი ჩვენზე აღძრულან დიდი თავხედობითა და ურჯულოებით, რათა მოგვსპონ ჩვენ, ჩვენი ცოლები და ჩვენი შვილები, და გაგვძარცვონ.
- 21
ჩვენი კი ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის და რჯულისთვის.
- 22
თავად უფალი გააცამტვერებს მათ ჩვენს თვალწინ; თქვენ კი ნუ შეგეშინდებათ.
- 23
როგორც კი შეწყვიტა ლაპარაკი, მოულოდნელად მიეჭრა მათ და შეიმუსრნენ სერონი და მისი ლაშქარი მის წინაშე.
- 24
და მისდიეს მათ ბეთ-ხორონის დაღმართზე ვაკემდე და დაეცა მათგან რვაასი კაცი, დანარჩენები კი ფილისტიმელთა ქვეყნისკენ გაიქცნენ.
- 25
განითქვა შიში იუდასი და მისი ძმებისა, და თავზარი დაეცათ მათ ირგვლივ წარმართებს.
- 26
მეფესაც მისწვდა მისი სახელი და ალაპარაკდნენ წარმართები იუდას ბრძოლებზე.
- 27
შეიტყო ეს ამბები მეფე ანტიოქოსმა და ძალზე განრისხდა. დაგზავნა ხალხი, რომ შეეკრიბათ მისი სამეფოს მთელი ძალა, დიდი და ურიცხვი ლაშქარი.
- 28
გახსნა თავისი განძთსაცავი და მისცა წლიური გასამრჯელო ლაშქარს, უბრძანა, მზად ყოფილიყვნენ ყოველი საჭიროებისთვის.
- 29
ნახა, რომ გამოილია ვერცხლი საგანძურში და ქეეყნის შემოსავალმაც დაიკლო განხეთქილებათა და უბედურებათა გამო, რაც ქვეყანას დაატეხა მამაპაპეული კანონების გაუქმებით.
- 30
და შეშფოთდა, რადგან მხოლოდ ერთი-ორჯერ თუღა შეეძლო გაეცა საჩუქრები, რომელთაც წინათ თავის წინამორბედ მეფეებზე უფრო უხვად და ხელგაშლილად იძლეოდა.
- 31
დიდად შეწუხებულმა განიზრახა, სპარსეთში წასულიყო, აეკრიფა მხარეთა შემოსავალი და ბევრი ვერცხლი დაეგროვებინა.
- 32
სახელმწიფო საქმეები კი მდინარე ევფრატიდან ქვეყნის კიდემდე ლისიას, სახელოვან კაცს სამეფო გვარისას, ჩააბარა.
- 33
მასვე ჩააბარა აღსაზრდელად თავისი ვაჟი, ანტიოქოსი, ვიდრე მობრუნდებოდა.
- 34
ჩააბარა ჯარების ნახევარი და სპილოები, დაუტოვა მას განკარგულება ყველაფერზე, რასაც აპირებდა იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთათვის,
- 35
რომ გაეგზავნა ჯარი ისრაელის ძლიერებისა და იერუსალიმის ნატამალის გასაცამტვერებლად და მათი სახსენებლის აღსაგველად იმ ადგილიდან,
- 36
უცხო ტომის დასასახლებლად მთელ მიწა-წყალზე და მის ქვეყანაზე წილის საყრელად.
- 37
მეფემ კი წაიძღვანა ჯარების დარჩენილი ნახევარი და გაემგზავრა ანტიოქიიდან, თავისი სამეფო ქალაქიდან, ასორმოცდამეშვიდე წელს; გადაცურა მდინარე ევფრატი და მოიარა ზემო ქვეყნები.
- 38
გამოარჩია ლისიამ პტოლემეოსი, დორუმენოსის ძე, ნიკანორი და გორგია, მაგარი ვაჟკაცები მეფის მეგობართაგან,
- 39
და გაგზავნა მათთან ერთად ასოციათასი ქვეითი და შვიდი ათასი მხედარი, რომ შესულიყვნენ იუდას ქვეყანაში და აეოხრებინათ ის მეფის ბრძანებისამებრ.
- 40
და გაემართნენ მთელს ჯართან ერთად; მივიდნენ და დაეწყვნენ ემაუსის მახლობლად, ვაკეზე.
- 41
როდესაც იმ ქვეყნის ვაჭრებს მოესმათ მათი სახელი, აიღეს ურიცხვი ოქრო-ვერცხლი და ჯაჭვები და გაეშურნენ ბანაკისკენ, რომ მონებად აეყვანათ ისრაელიანები; და შეუერთდნვნ მათ სირიისა და უცხოთესლთა ქვეყნის ძალები.
- 42
იუდამ და მისმა ძმებმა დაინახეს, რომ გამრავლდა უბედურებანი და ჯარები დგანან მთელს მათ მიწა-წყალზე; გაიგეს მეფის ბრძანებაც, რომელიც გაცემული იყო ხალხის გასანადგურებლად და ამოსაწყვეტად.
- 43
თქვეს ერთმანეთში: აღვადგინოთ დაცემული ჩვენი ხალხი და ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხისთვის და საწმიდარისთვის.
- 44
შეიკრიბა საკრებულო, რომ მზად ყოფილიყვნენ საომრად, ელოცათ და გამოეთხოვათ წყალობა და შებრალება.
- 45
იერუსალიმი კი უკაცრიელი იყო როგორც უდაბნო; აღარ იყო მიმსვლელ-მომსვლელი მის მკვიდრთაგან; საწმიდარი გათელილი იყო, ციხე-სიმაგრე უცხოთესლს ეჭირა, წარმართთა ბუნაგად ქცეულიყო; წაერთვა სიხარული იაკობს და დადუმდა სტვირი და ებანი.
- 46
შეიკრიბნენ და გაეშურნენ მიცფასკენ, იერუსალიმის პირდაპირ, რადგან მიცფა წინათ სალოცავი ადგილი იყო ისრაელისთვის.
- 47
იმარხულეს იმ დღეს, ჩაიცვეს ჯვალო, თავზე ნაცარი გადაიყარეს და ტანისამოსი შემოიგლიჯეს.
- 48
გადაშალეს რჯულის წიგნი, რომლის მეშვეობითაც წარმართები ცდილობდნენ დაჰკითხოდნენ თავიანთი კერპების გამოსახულებებს.
- 49
მოიტანეს სამღვდელო შესამოსელი, ნათავარები და მეათედები, და მოუხმეს მოწმიდარებს, რომელთაც შესრულებული ჰქონდათ თავიანთი დღეები.
- 50
ცისკენ აღიმაღლეს ხმა, თქვეს: რა ვუყოთ ამათ, საით წავიღოთ?
- 51
სიწმინდე შენი გათელილია და წაბილწული, და შენი მღვდლები გლოვაში და დამცირებაში არიან.
- 52
აჰა, წარმართები შეკრულან ჩვენს ასაოხრებლად. შენ ხედავ, რაც განუზრახავთ ჩვენთვის.
- 53
როგორ გავუწევთ წინააღმდეგობას, შენ თუ არ შეგვეწევი?
- 54
საყვირებს ჩაჰბერეს და დიდი ხმით აყვირდნენ.
- 55
ამის შემდეგ იუდამ დანიშნა ერის წინამძღოლები, ათასისთავები, ასისთავები, ორმოცდაათისთავები და ათისთავები.
- 56
მათ კი, ვინც სახლის შენებაში იყვნენ ან ცოლს ირთავდნენ, ან ვენახს აშენებდნენ, ან ბრძოლა აშინებდათ, გამოუცხადა შინ დაბრუნებულიყვნენ, რჯულის თანახმად.
- 57
დაიძრა ლაშქარი და ემაუსის სამხრეთით დაბანაკდა.
- 58
თქვა იუდამ: სარტყელი შემოირტყით და გამხნევდით, დილაადრიანად მზად იყავით წარმართებთან საომრად, ჩვენს წინააღმდეგ რომ ამხედრებულან, რათა დაგვამხონ ჩვენ ჩვენს საწმიდართან ერთად.
- 59
ჯობს, ბრძოლაში დავიხოცოთ, ვიდრე ჩვენი ხალხისა და საწმიდარის უბედურება ვიხილოთ.
- 60
რასაც ზეცაში ინებებს, ის მოახდინოს!