1 მაკაბელთა 10
- 1
ასმესამოცე წელს გამოვიდა ალექსანდრე, ძე ანტიოქოსისა, ძისა ეპიფანესი, და დაიპყრო ტოლემაისი. მიიღეს იგი და იქ გამეფდა.
- 2
გაიგო ეს მეფე დემეტრიოსმა, შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და გამოვიდა მასთან საომრად.
- 3
გაუგზავნა დემეტრიოსმა იონათანს წერილი მშვიდობის სიტყვებით, რათა განედიდებინა იგი.
- 4
რადგან ამბობდა: დავასწროთ მათთან ზავის დადება, სანამ ალექსანდრესთან შეკრავდეს იგი კავშირს ჩვენს წინააღმდეგ.
- 5
გაგიხსენებს ყველა ბოროტებას, რაც მას, მის მოძმეებსა და ხალხს დავმართეთო.
- 6
მისცა დემეტრიოსმა ნება, შეეკრიბა ლაშქარი, მოემზადებინა იარაღი და ყოფილიყო მისი მოკავშირე. ბრძანება გასცა, დაებრუნებინათ მისთვის მძევლები ციხეებიდან.
- 7
წავიდა იონათანი იერუსალიმში და წაიკითხა წერილი მთელი ხალხისა და ციხეში მყოფთა გასაგონად.
- 8
დიდმა შიშმა აიტანა ისინი, როცა მოისმინეს, რომ მეფეს მისთვის ჯარის შეკრების უფლება მიუნიჭებია.
- 9
ციხეში მყოფებმა გადასცეს იონათანს მძევლები და დაუბრუნა ისინი თავიანთ მშობლებს.
- 10
დასახლდა იონათანი იერუსალიმში და შეუდგა ქალაქის შენებასა და განახლებას.
- 11
დაავალა მუშაკებს, გასამაგრებლად სიონის მთის გარშემოც აეგოთ ქვების ოთხკუთხა კედელი. და ასეც გააკეთეს.
- 12
გადაიხვეწნენ უცხო ტომები, რომლებიც ბაკხიდეს აშენებულ სიმაგრეებში იდგნენ.
- 13
ყველამ დატოვა თავისი ადგილი და თავისი ქვეყნისკენ გაეშურა.
- 14
მხოლოდ ბეთ-ცურში დარჩნენ მავანნი, ვინც გადავიდნენ რჯულსა და აღთქმებს, რადგან ეს იყო მათი თავშესაფარი.
- 15
შეიტყო მეფე ალექსანდრემ, დაპირებები რომ შეუთვალა დემეტრიოსმა იონათანს; უამბეს იონათანისა და მისი ძმების გადახდილ ომებზე და გასაჭირზე, რაც მათ გადაიტანეს.
- 16
თქვა: ასეთ კაცს მეორეს ვერ მოვნახავთ; მოდით, დავიმეგობროთ და მოკავშირედ გავიხადოთ.
- 17
დაწერა წერილი და გაუგზავნა ასეთი სიტყვებით:
- 18
მეფე ალექსანდრე ძმას, იონათანს, მოგიკითხავ.
- 19
გაგვიგონია შენზე, რომ მაგარი კაცი ხარ და შეგფერის ჩვენი მეგობარი იყო.
- 20
დღეს, ამიერიდან დამიდგენიხარ შენი ხალხის მღვდელმთავრად და მიწოდებია შენთვის მეფის მეგობარი (გაუგზავნა მას ძოწეული და ოქროს გვირგვინი), გეჭიროს ჩვენი მხარი და გაუფრთხილდი ჩვენს მეგობრობას.
- 21
შეიმოსა იონათანმა წმიდა შესამოსელი ასმესამოცე წლის მეშვიდე თვეს, კარვობის დღესასწაულზე, შეკრიბა ჯარები და მოიმარაგა დიდძალი იარაღი.
- 22
გაიგო დემეტრიოსმა ეს ამბები, გაწყრა და თქვა:
- 23
ეს როგორ მოგვივიდა, რომ დაგვასწრო ალექსანდრემ და საყრდენად დაიმეგობრა იუდაელნი?
- 24
მეც მივწერ მათ გასამხნევებელ სიტყვებს და პატივსა და ძღვენს დავპირდები, რომ ჩემი მხარდამჭერნი შეიქნანო.
- 25
და შეუთვალა მათ შემდეგი სიტყვები: მეფე დემეტრიოსი იუდაელთა ერს მოგიკითხავთ.
- 26
გვესმოდა და გვიხაროდა, რომ იცავდით ჩვენთან დადებულ შეთანხმებებს, უფრთხილდებოდით ჩვენს მეგობრობას და ჩვენს მტრებს არ ემხრობოდით.
- 27
ახლაც ეცადეთ, კვლავ გაუფრთხილდეთ ჩვენს ნდობას და სიკეთეს მოგაგებთ თქვენ იმის სანაცვლოდ, რასაც ჩვენთვის გააკეთებთ.
- 28
ბევრ შეღავათს გაგიწევთ და ძღვენს გამოგიგზავნით.
- 29
ახლა კი თქვენ ნებაზე გიშვებთ და ვათავისუფლებ ყველა იუდაელს გადასახადისგან, და მარილისა და გვირგვინების ბაჟისგან.
- 30
ამიერიდან გამიუქმებია მარცვლეულის მესამედი და ხის ნაყოფთა ნახევარი, რომლებიც ჩემთან იგზავნება იუდას ქვეყნიდან და სამი ოლქიდან, რომლებიც მას აკრავს, სამარიდან და გალილეადან, ამიერიდან სამარადისოდ.
- 31
ხოლო იერუსალიმი, მისი სანახები, მეათედები და შემოსავალი წმიდა და თავისუფალი იყოს.
- 32
გამიუქმებია უფლება იერუსალიმის ციხეზე და მღვდელმთავრისთვის მიმიცია, რომ მის დასაცავად ჩააყენოს იქ კაცები, ვისაც თვითონ დაასახელებს.
- 33
ყოველ იუდაელს, იუდას ქვეყნიდან წარტყვევნილს, მთელ ჩემს სამეფოში, უსასყიდლოდ ვათავისუფლებ. ყველამ გააუქმოს მათი ცხვარ-ძროხის გადასახადი.
- 34
ყოველი დღესასწაული: შაბათი, ახალმთვარობა და დაწესებული დღეები - სამი დღე ზეიმამდე და სამიც ზეიმის შემდეგ, ყველა იქნება შეღავათიანი და საუქმო ყოველი იუდაელისთვის, ვინც კი ჩემს სახელმწიფოშია.
- 35
არავის ექნება უფლება მათგან ვინმე დაავალდებულოს ან რაიმე საქმის კეთება აიძულოს.
- 36
იუდაელთაგან მეფის ლაშქრისთვის გამოიყოს სამი ათასი კაცი, და მიეცეს მათ სარჩო, როგორც დაწესებულია მეფის ყოველი ჯარისკაცისთვის.
- 37
ისინი უნდა იყვნენ ჩაყენებული მეფის დიდ ციხესიმაგრეებში და განწესდნენ სამეფო საქმეებზე, რომლებიც ერთგულებას საჭიროებენ. მათი ზედამხედველნიცა და წინამძღოლებიც მაგათგან უნდა იყვნენ და იცხოვრონ თავიანთი რჯულით, როგორც მეფემ დაადგინა იუდას ქვეყანაში.
- 38
სამი ოლქი, რომლებიც სამარიის ქვეყნიდან ეკვრის, მიუერთდეს იუდას, რათა ჩაითვალოს, რომ ერთიანია, და არ დამორჩილდეს სხვა ძალაუფლებას, გარდა მღვდელმთავრისა.
- 39
პტოლემაისს და მის გარეშემოს საჩუქრად ვუბოძებ იერუსალიმის საწმიდარს, რათა იტვირთოს საწმიდარის ხარჯები.
- 40
მე კი ყოველ წელიწადს შესაბამისად თხუთმეტ ათას შეკელ ვერცხლს გავცემ მეფის შემოსავლიდან - შესაბამისი ადგილებიდან.
- 41
და მთელი დანარჩენი ნაწილი, რაც შემოსავლიდან არ გაცემულა, როგორც წინა წლებში გაიცა, დღეიდან ტაძრის საქმეებს მოხმარდეს.
- 42
და გარდა ამისა, ხუთიათასი შეკელი ვერცხლი, რომელსაც იღებდნენ საწმიდარის შემოსავლიდან გაუქმებულია, რადგან ის მომსახურე მღვდლებს ეკუთვნით.
- 43
თუკი ვინმე, ვისაც სამეფო ანდა სხვა საქმე მართებს იერუსალიმის ტაძარში, ანდა რომელიმე მის სანახში, გაიქცევა, გათავისუფლდეს და დაუბრუნდეს ყველაფერი, რაც ჩემს სამეფოში აბადია.
- 44
საწმიდარის ასაგებად და მის განსაახლებლად სახსრები გაიცეს სამეფო შემოსავლიდან.
- 45
იერუსალიმის კედლების ასაგებად და გარშემო გასამაგრებლად სახსრები გაიცეს სამეფო შემოსავლიდან, ასევე კედლების ასაგებად იუდაში.
- 46
როდესაც იონათანმა და ხალხმა ეს სიტყვები მოისმინეს, არ ერწმუნენ მათ, არც მიიღეს, რადგან ახსოვდათ დიდი სიავე, ისრაელში რომ ჩაიდინა დემეტრიოსმა და სასტიკად შეაჭირვა ისინი.
- 47
ხოლო ალექსანდრესთან კავშირი სასიკეთოდ მიიჩნიეს, რადგან მან შესთავაზა პირველად მშვიდობის სიტყვა და მასთან ერთად იბრძოდნენ მრავალი ხნის განმავლობაში.
- 48
შეკრიბა მეფე ალექსანდრემ დიდი ჯარი და დადგა დემეტრიოსის პირისპირ.
- 49
შეებრძოლა ერთმანეთს ორი მეფე, უკუიქცა დემეტრიოსის ლაშქარი, მისდია მას ალექსანდრემ და სძლია მას.
- 50
ძალზე გაასასტიკა ბრძოლა მზის ჩასვლამდე და დაეცა იმ დღეს დემეტრიოსი.
- 51
ალექსანდრემ ეგვიპტის მეფე პტოლემეოსთან გაგზავნა ელჩები და დააბარა შემდეგი სიტყვები სათქმელად:
- 52
როდესაც დავბრუნდი ჩემს სამშობლოში, დავჯექი ჩემი მამა-პაპის სამეფო ტახტზე, ხელში ავიღე ხელმწიფება, ვძლიე დემეტრიოსს და განვაგე ჩვენი ქვეყანა,
- 53
შევები მას, დამარცხდა იგი თავისი ბანაკითურთ და დავჯექი მის სამეფო ტახტზე.
- 54
ახლა კი დავუმოყვრდეთ ერთმანეთს და მომეცი ახლა შენი ქალიშვილი ცოლად. დაგიმოყვრდები და შენცა და მასაც შენს საკადრის საჩუქრებს გიძღვნით.
- 55
მიუგო მას მეფე პტოლემეოსმა, თქვა: კურთხეულია დღე, როცა დაბრუნდი მამა-პაპის ქვეყანაში და მასამეფო ტახტზე დაბრძანდი.
- 56
ახლა აგისრულებ, რაც მომწერე. ოღონდ შემეგებე პტოლემაისში, რათა ვიხილოთ ერთმანეთი, და დაგიმოყვრდები, როგორც შენ თქვი.
- 57
გამოვიდნენ ეგვიპტიდან თვითონ პტოლემეოსი და კლეოპატრა, მისი ასული, და ჩავიდნენ პტოლემაისში ასსამოცდამეორე წელს.
- 58
შეეგება მას მეფე ალექსანდრე და მისცა მას კლეოპატრა, თავისი ასული. პტოლემაისში გადაუხადა მას დიდებული ქორწილი, როგორც მეფეებს ეკადრებოდათ.
- 59
მისწერა მეფე ალექსანდრემ იონათანს, წამოსულიყო მის შესახვედრად,
- 60
და ისიც დიდებით გაემგზავრა პტოლემაისისკენ და შეხვდა ორ მეფეს. უძღვნა მათ და მათ მეგობრებს ვერცხლი და ოქრო, და უხვი მოსაკითხავი და ჰპოვა მადლი მათ წინაშე.
- 61
შეითქვა მის წინააღმდეგ ღვარძლიანი ხალხი ისრაელიდან, რჯულსგანმდგარი კაცები, და დააბეზღეს ის, მაგრამ არ შეიწყნარა ისინი მეფემ.
- 62
გასცა მეფემ განკარგულება, გაეხადათ იონათანისთვის მისი ტანისამოსი და ძოწეულით შეემოსათ იგი. ასეც გააკეთეს.
- 63
გვერდით მოისვა ის მეფემ და უთხრა თავის მთავრებს: მასთან ერთად გამოდით შუა ქალაქში და გამოაცხადეთ, რომ არც ერთ საქმეში არ დააბეზღონ იგი და არც არავინ შეაწუხოს ის რაიმეს გამო.
- 64
როცა დაინახეს შემწამებლებმა მისი დიდება, თანახმად გამოცხადებულისა, და რომ ძოწეული მოსავს მას, მიმოიფანტნენ ყველანი.
- 65
განადიდა იგი ხელმწიფემ, შერაცხა უახლოეს მეგობრად და მიანიჭა მას სარდლობა და მხარის უფროსობა.
- 66
დაბრუნდა იონათანი იერუსალიმში მშვიდობითა და სიხარულით.
- 67
ასსამოცდამეხუთე წელს კრეტადან გაემართა დემეტრიოსი, ძე დემეტრიოსისა, თავისი მამა-პაპის ქვეყნისკენ.
- 68
შეიტყო მეფე ალექსანდრემ, დამწუხრდა მეტად და ანტიოქიაში გაბრუნდა.
- 69
დემეტრიოსმა სარდლად დანიშნა აპოლინიოსი, რომელიც კოილეს სირიის მთავარი იყო. შეკრიბა დიდძალი ლაშქარი და დაბანაკდნენ იამნიასთან. ასე შეუთვალა მღვდელმთავარ იონათანს:
- 70
შენ ხარ ერთადერთი, რომ გვეწინააღმდეგები ჩვენ; დასაცინი და გასაკიცხი შევიქენი შენს გამო, რისთვის გვემალები მთებში?
- 71
ახლა კი, შენი ჯარების თუ გეიმედება, ჩამოდი ჩვენთან, ვაკეზე, და აქ გამოვცადოთ ერთმანეთი, რადგან ჩემთანაა ქალაქთა ძალა.
- 72
მკითხე და გაიგე, თუ ვინა ვარ მე და ვინ არიას დანარჩენი ჩემი თანამდგიამნი; გეტყვიან, რომ ვერ დაგვიდგებით ჩვენ, რადგან ორგზის უკუქცეულა შენი მამა-პაპა თავისი ქვეყნისკენ.
- 73
ახლა შენ ვეღარ დაუდგები ცხენოსან ლაშქარს ვაკეზე, სადაგ არც ქვაა, არც ხეობა, არც გასაქცევი ადგილი.
- 74
როგორც კი გაიგო იონათანმა აპოლონიოსის სიტყვები, დაიძრა განრისხებული. აარჩია ათიათასი კაცი და გამოემართა იერუსალიმიდან. შეეგება მას სიმონი, მისი ძმა, მისაშველებლად.
- 75
იაფოსთან დაბანაკდა, მაგრამ ქალაქის ხალხმა ჩაუკეტა კარიბჭეები, რადგახ აპოლონიოსის დაცვა იდგა იაფოში; და შეებრძოლენ მას.
- 76
შეეშინდა ქალაქის ხალხს და გაიღო კარიბჭეები, და აიღო იონათანმა იაფო.
- 77
როცა შეიტყო ეს აპოლონიოსმა, შეჰყარა სამი ათასი მხედარი და დიდი ლაშქარი, და დაიძრა აშდოდისკენ, თითქოს თავს არიდებსო. სინამდვილეში კი ვაკეზე გავიდა, რადგან ურიცხვი ცხენი ჰყავდა და ამის იმედი ჰქონდა.
- 78
მისდია მას იონათანმა აშდოდისკენ და შეეტაკნენ ერთმანეთს ჯარები.
- 79
მათ ზურგში აპოლონიოსს ჰყავდა ათასი მხედარი, ფარულად დატოვებული.
- 80
მიხვდა იონათანი, რომ მის ზურგში მტერი იყო ჩასაფრებული, რადგან მომწყვდეული ჰყავდათ მისი ჯარი და დილიდან შეღამებამდე ესროდნენ მის ხალხს ისრებს.
- 81
ხალხი კი იდგა, როგიარც იონათანმა დააწყო. დაიქანცნენ მათი ცხენოსნები.
- 82
წინ გაიყვანა სიმონმა თავისი ჯარი და შეება რაზმებს; ცხენოსნები კი დაიღალნენ, იძლივნენ მათ მიერ და უკუიქცნენ.
- 83
ცხენოსნები დაიფანტნენ ვაკეზე, აშდოდისკენ გაიქცნენ და შეცვივდნენ ბეთ-დაგონში, თავიანთ საკერპოში თავის გადასარჩენად.
- 84
გადაწვა იონათანმა აშდოდი და მისი გარეშემო ქალაქები. მოხვეტა ნადავლი, დაგონის ტაძარი კი ლტოლვილებთან ერთად ცეცხლში დაწვა.
- 85
მახვილით დაცემულები გადაბუგულებთან ერთად რვაათას კაცამდე იყო.
- 86
დაიძრა იქიდან იონათანი და აშკელონს შემოადგა; გამოვიდნენ ქალაქიდან მის შესახვედრად დიდი პატივით.
- 87
დაბრუნდა იონათანი თავის თანამდგომებთან იერუსალიმში დიდძალი ნადავლითურთ.
- 88
როგა გაიგო მეფე ალექსანდრემ ეს ამბები, კიდევ მეტად განადიდა იონათანი.
- 89
გაუგზავნა მას ოქროს ბალთა, როგორსაც, ჩეეულებრივ, მეფეთა ნათესავებს უძღვნიდნენ ხიალმე; უბოძა ყეკრონი მთელი მისი მიწა-წყლითურთ სამემკვიდრეოდ.