ზირაქი 9
- 1
ნუ ეჭვიანობ შენს თანამეცხედრეზე და ნუ მოძღვრავ შენსავე საზიანოდ ბოროტი მაგალითით.
- 2
ნუ მისცემ ცოლს შენს სულს, რათა წინ არ აღუდგეს შენს უფლებას.
- 3
ნუ გახვალ მეძავი ქალის შესახვედრად, რათა მის მახეში არ გაება.
- 4
მომღერალთან დიდხანს ნუ შერჩები, რათა მისმა ხელოვნებამ არ დაგატყვევოს.
- 5
ქალწულს ნუ უთვალთვალებ, რათა არ შეგაცდინოს მისმა სილამაზემ.
- 6
ნუ მისცემ მეძავებს შენს სულს, რათა არ დაღუპო შენი მემკვიდრეობა.
- 7
თვალებს ნუ აცეცებ ქალაქის ქუჩებში და მის უკაცრიელ უბნებში ნუ დახეტიალობ.
- 8
თვალი მოარიდე ტურფა ქალს და სხვის სილამაზეს ნუ უთვალთვალებ. ქალის სილამაზით მრავალნი შეცდენილან, ცეცხლივით ინთება მისგან სიყვარული.
- 9
ქმრიან ქალთან არასგზით არ დაჯდე, ნუ მოჰყვები მასთან ღვინის სმას, რათა მისკენ არ მიიქცეს შენი სული და არ დაიღუპო თავი.
- 10
ნუ მიატოვებ ძველ მეგობარს, რადგან ახალი მას ვერ შეედრება. ახალი მეგობარი ახალი ღვინოა; როცა დაძველდება, სიხარულით შესვამ.
- 11
ნუ გშურს ცოდვილის დიდება, რადგან არ იცი, როგორი იქნება მისი ბოლო.
- 12
ნუ მოიწონებ უწმინდურთა მოსაწონს; გახსოვდეს, ჯოჯოხეთამდე არ გამართლდებიან ისინი.
- 13
შორს დაიჭირე თავი კაცისაგან, ვისაც მოკვლის უფლება აქვს, რომ არ გაგიჩნდეს სიკვდილის შიში; თუ დაუახლოვდები, არ შეცდე, რათა არ წაგართვას სიცოცხლე. იცოდე, საფრთხის შუაგულში დააბიჯებ და ქალაქის ქონგურებიანი კედლის მიღმა დადიხარ.
- 14
შენი უნარისამებრ გამოიცანი შენი მახლობელნი და რჩევა ბრძენთაგან გამოიკითხე.
- 15
გონიერ ხალხთან ისაუბრე და უზენაესის რჯულში იყოს ყოველი შენი ნალაპარაკევი.
- 16
სამართლიანი ხალხი თანამეინახად გყავდეს და ღვთის შიშში იყოს შენი განდიდება.
- 17
ნაკეთობა ხელოვანთა ოსტატობით შეიქება, ხალხის წინამძღოლის სიბრძნე კი - სიტყვით.
- 18
ქალაქისათვის საშიშია ენაჭარტალა კაცი; შეიძულებს იგი სიტყვაში თავდაუჭერელს.