ზირაქი 10
- 1
ბრძენი მსაჯული თავის ხალხს აღზრდის და გონიერის მმართველობა განმტკიცდება.
- 2
როგორიცაა მსაჯული ხალხისა, ისეთნივე არიან მისი მსახურნი; როგორიცაა ქალაქის მეუფე, ისეთნივე არიან მისი მცხოვრებნი.
- 3
უწვრთნელი მეფე თავის ხალხს დაღუპავს, განმგებელთა სიბრძნით კი ქალაქი აშენდება.
- 4
უფლის ხელშია ქვეყნის მეუფება და საჭირო კაცს დროულად აღაზევებს მასზე.
- 5
უფლის ხელშია კაცის გზაკეთილობა და თავის დიდებას აღბეჭდავს მწიგნობრის სახეზე.
- 6
ყოველ უსამართლობაზე ნუ განურისხდები მოყვასს და საქმით ნუ შეურაცხყოფ ნურავის.
- 7
უფლისთვისაც და ადამიანებისთვისაც საძულველია ამპარტავნობა, უსამართლობა კი დანაშაულია ორივეს წინაშე.
- 8
მეუფება ხალხიდან ხალხზე გადადის უსამართლობათა, თავხედობათა და ანგარებათა გამო.
- 9
რად ქედმაღლობს მტვერი და ფერფლი? ხომ სიცოცხლეშივე იხრწნება მისი შიგნეული.
- 10
ხანგრძლივი ავადობა მკურნალს საგონებელში აგდებს; დღეს მეფეა, ხვალ კი აღესრულება.
- 11
როცა ადამიანი კვდება, ქვეწარმავალთა, მხეცთა და მატლთა კერძად იქცევა.
- 12
ადამიანის ამპარტავნობის დასაბამი უფლისაგან განშორებაა და მისი გულის განდგომა დამბადებლისგან.
- 13
რადგან დასაბამი ამპარტავნობისა ცოდვაა და ვისაც იგი აქვს, სისაძაგლეს ამოანთხევს. ამის გამო უფალი მრავალ განსაცდელს უმზადებს და საბოლოოდ კიდეც დაღუპავს მას.
- 14
უფალმა დაამხო ტახტნი მრავალთა და მათ ნაცვლად თვინიერნი დასვა.
- 15
უფალმა ძირფესვიანად ამოძირკვა ხალხები და მათ სანაცვლოდ მორჩილნი დააფუძნა.
- 16
ხალხთა ქვეყნები დაამხო უფალმა და დედამიწის საფუძვლებამდე შემუსრა ისინი.
- 17
ზოგიერთნი გაახმო და წარწყმიდა, ქვეყნიდან წარხოცა მათი სახსენებელი.
- 18
ადამიანთათვის არ შექმნილა ამპარტავნობა და არც გულისწყრომა ქალთა ნაშობთათვის.
- 19
პატიოსანი მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა. პატიოსანი მოდგმა რომელია? მოშიშნი უფლისა. უპატიოსნო მოდგმა რომელია? მოდგმა კაცისა. უპატიოსნო მოდგმა რომელია? დამრღვევნი მცნებათა.
- 20
ძმათა შორის უფროსი პატივდებულია; ასევე მოშიშნი უფლისა მის თვალში.
- 21
სიამაყე მდიდრისა, დიდებულისა თუ ღარიბისა უფლის შიშია.
- 22
უსამართლობაა შეურაცხყოფა გონიერი გლახაკისა და უჯეროა ხოტბის შესხმა ცოდვილი კაცისათვის.
- 23
დიდებულიც, მსაჯულიცა და განმგებელიც პატივდებულია, მაგრამ არც ერთი მათგანი არაა უმეტესი უფლის მოშიშზე.
- 24
ბრძენ მსახურს თავისუფალნი მოემსახურებიან და გონიერი კაცი არ დაიჩივლებს.
- 25
სიბრძნეს ნუ იკვეხნი საქმის კეთებისას და თავს ნუ განიდიდებ გასაჭირში.
- 26
მშრომელი, რომელსაც ყოველივე უხვად აქვს, სჯობია მოსეირნე მკვეხარას, ვისაც პურიც კი უჭირს.
- 27
შვილო, სიმდაბლით განადიდე შენი თავი და ღირსებისამებრ მიაგე პატივი.
- 28
შემცოდეს საკუთარი სულის წინაშე ვინ გაამართლებს? ვინ განადიდებს თავისი სიცოცხლის შეურაცხმყოფელს?
- 29
გლახაკს პატივს სცემენ ცოდნის გამო, მდიდარს კი მისი სიმდიდრისთვის ადიდებენ.
- 30
სიგლახაკეში პატივდებული რამდენად უფრო განდიდდება სიმდიდრეში? სიმდიდრეში უპატიო კი რამდენად უფრო უპატიო იქნება სიგლახაკეში?