ზირაქი 11
- 1
თავმდაბალს სიბრძნე აამაღლებს და დიდებულთა შორის დასვამს.
- 2
ხოტბას ნუ შეასხამ კაცს მისი სილამაზის გამო და ნუ შეიძაგებ მისი გარეგნობისთვის.
- 3
პატარაა მფრინავთა შორის ფუტკარი, მაგრამ ყველაზე ტკბილია მისი ნაყოფი.
- 4
დიდებული შესამოსელით თავი ნუ მოგაქვს და დიდების დღეს ნუ ამაღლდები, რადგანაც საკვირველია უფლის საქმენი და კაცთათვის დაფარულია მისი საქმენი.
- 5
ხელმწიფეთაგან მრავალნი ისხდნენ მიწაზე, ის კი, ვისგანაც არ მოელოდნენ, გვირგვინს ატარებდა.
- 6
განმგებელთაგან მრავალნი იქმნენ შეურაცხყოფილნი და სახელოვანნი ხელში ჩაუვარდნენ სხვებს.
- 7
ვიდრე არ გამოიძიებ, ნუ გაკიცხავ, ჯერ დაფიქრდი და შემდეგ შერისხე.
- 8
ვიდრე არ მოისმენ, ნუ უპასუხებ და სიტყვას შუაში ნუ გააწყვეტინებ.
- 9
საქმეზე, რომელიც შენ არ გეხება, ნუ კამათობ და ცოდვილთა დასჯაში მონაწილეობას ნუ მიიღებ.
- 10
შვილო, ხელს ნუ მოჰკიდებ მრავალ საქმეს, რადგან საქმეთა სიმრავლეში უცოდველი ვერ დარჩები და, თუ გამოეკიდები მათ, ვერ დაეწევი და გაქცევითაც ვერ გაექცევი.
- 11
ზოგი შრომობს, ოფლს ღვრის და ჩქარობს, მაგრამ მაინც გაჭირვებაშია.
- 12
ზოგი ზანტია, შეწევნის მთხოვნელი, ძალ-ღონით სუსტი და სიღატაკეში ყელამდე ჩაფლული. მაგრამ უფლის თვალმა სასიკეთოდ შეხედა და მან წამოაყენა იგი მისი სიმდაბლისაგან.
- 13
აამაღლა იგი და მრავალნი გაოცდნენ მის გამო.
- 14
სიკეთე და ბოროტება, სიცოცხლე და სიკვდილი, სიღატაკე და სიმდიდრე - უფლისაგანაა.
- 17
წყალობა უფლისა ღვთისმოსავებს ეძლევათ და კურთხევა მისი კეთილად გაჰყვებათ საუკუნოდ.
- 18
ზოგი მდიდრდება თავისი სიფრთხილისა და მომჭირნეობის გამო და ეს არის მისი საზღაურის წილი,
- 19
რომ იტყვის, ვიპოვე მოსვენება, ახლა დავტკბები ჩემი სიკეთითო. მაგრამ არ კი იცის, როდის მოაწევს ჟამი, როცა ქონებას სხვებს დაუტოვებს, ხოლო თავად აღესრულება.
- 20
მტკიცედ იდექი შენს აღთქმაზე, მისი ერთგული დარჩი და შეაბერდი შენს საქმეს.
- 21
ნუ გაგაოცებს ცოდვილის საქმენი, გწამდეს უფლისა და უერთგულე შენს საქმეს, რადგან ადვილია უფლის თვალში სწრაფი და უეცარი გამდიდრება გლახაკისა.
- 22
უფლის კურთხევა საზღაურია ღვთისმოსავისათვის და მოკლე ხანში ააყვავებს მისი წყალობა.
- 23
ნუ იტყვი, კიდევ რა მჭირდება, ამიერიდან კიდევ რა სიკეთე უნდა შევიძინოო?
- 24
ნუ იტყვი, საკმარისია ჩემთვის, ამიერიდან კიდევ რაღა უბედურება უნდა განვიცადოო?
- 25
ბედნიერების დღეს ავიწყდებათ უბედურება და ჭირის დღეს არ იხსენებენ ბედნიერებას,
- 26
რადგან ადვილია უფლის თვალში, აღსასრულის დღეს მიაგოს კაცს მისთა საქმეთაებრ.
- 27
წუთიერი ტანჯვა სიტკბოებათა დამავიწყებელია და ადამიანის აღსასრულისას გაცხადდება მისი საქმენი.
- 28
ნურავის ჩათვლი ბედნიერად სიკვდილამდე, რადგან კაცი მის ნაშობთაგან შეიცნობა.
- 29
ყველა კაცს სახლში ნუ შემოუშვებ, რადგან დიდია მზაკვრობა ცბიერისა.
- 30
მახეში მონადირებული კაკბის მსგავსია ამპარტავნის გული და მზვერავივით შენს სისუსტეს უთვალთვალებს.
- 31
გადააქცევს რა სიკეთეს ბოროტებად, უსაფრდება და რჩეულებს ლაქას სცხებს.
- 32
ცეცხლის ნაპერწკლისგან მრავლდება ნაკვერჩხალი და ცოდვილი კაცი ჩასაფრებულია სისხლის დასაღვრელად.
- 33
ერიდე ბოროტს - უკეთურ საქმეთა ოსტატს, რათა ოდესმე საუკუნო ლაქით არ მოგსვაროს.
- 34
შეიხიზნებ უცხოს და შეგშლის შფოთით, უცხოს გაგხდის შენიანთათვის.