ზირაქი 8
- 1
ნუ ებრძვი ძლიერ კაცს, ვაითუ ოდესმე მის ხელში ჩავარდე.
- 2
ნუ შეედავები მდიდარ კაცს, ვაითუ დაგძალოს მისმა წონამ, რადგან ბევრი დაუღუპავს ოქროს და მეფეთა გონება გადაუბრუნებია.
- 3
ნუ ებრძვი მოლაყბე კაცს და მის ცეცხლს შეშას ნუ შეუკეთებ.
- 4
ნუ გაერთობი უსწავლელთან, რათა არ შეურაცხყო შენი წინაპრები.
- 5
ნუ აყვედრი ცოდვისაგან მოქცეულ კაცს; გახსოვდეს, ყველანი წყევლაში ვართ.
- 6
ნუ შეურაცხყოფ კაცს მის სიბერეში, რადგან ყველანი დავბერდებით.
- 7
ნუ იხარებ მკვდარზე, გახსოვდეს, ყველანი მოვკვდებით.
- 8
ნუ უგულებელყოფ ბრძენთა მონათხრობს და მათი იგავების მიხედვით იცხოვრე, რათა მათგან შეიძინო ცოდნა და დიდებულთა სამსახური ისწავლო.
- 9
ნუ უგულებელყოფ მოხუცთა მონათხრობს, რადგან მათაც თავიანთი მამებისგან ისწავლეს; მათგან ისწავლი განსჯას, და პასუხის გაცემას ჟამის შესაფერისად.
- 10
ნუ გააღვივებ ცოდვილის ნაკვერჩხლებს, ვაითუ მისი ცეცხლის ალით დაიწვა.
- 11
ნუ აღდგები თავხედის წინააღმდეგ, ვაითუ ჩაუსაფრდეს შენს სიტყვებს.
- 12
სესხს ნუ მისცემ შენზე ძლიერ კაცს; თუ მისცემ, დამკარგველი იქნები.
- 13
თავს ნუ იდებ, რაც შენს ძალას აღემატება; თუ თავს იდებ, მოიქეცი, როგორც გარდამხდელი.
- 14
ნუ უჩივლებ მსაჯულს, რადგან მას მისი პატივისამებრ განსჯიან.
- 15
თავზეხელაღებულს ნუ დაემგზავრები, რათა ტვირთად არ აიკიდო, რადგან იგი თავისი ნებისამებრ მოიქცევა და მისი უგუნურება დაგღუპავს.
- 16
გულფიცხს ბრძოლას ნუ გაუმართავ და უდაბნოს ნუ გადაივლი მასთან ერთად, რადგან სისხლი მის თვალში არაფერია, და, სადაც შეწევნა არ გექნება, იქ დაგცემს.
- 17
სულელთან ნუ ითათბირებ, რადგან ვერ შეძლებს სიტყვის შენახვას.
- 18
უცხოს წინაშე დასამალს რასმე ნუ ჩაიდენ, რადგან არ იცი რას მოიმოქმედებს.
- 19
ყველა კაცს გულს ნუ გადაუშლი, რადგან სანაცვლოდ მადლს არ მოგაგებს.