ზირაქი 7
- 1
ნუ ჩაიდენ ბოროტებას და არც შენ გეწევა ბოროტი.
- 2
განუდექი უსამართლოს და ისიც მიიქცევა შენგან.
- 3
შვილო, ნუ თესავ უსამართლობის კვლებში და არ მოიმკი მას შვიდწილად.
- 4
ნუ ითხოვ უფლისაგან ხელმწიფებას და ნურც მეფისაგან საპატიო ადგილს.
- 5
თავს ნუ იმართლებ უფლის წინაშე და წინაშე მეფისა ნუ ბრძენობ.
- 6
ნუ ცდილობ, მსაჯული გახდე, ვინძლო არ გამოჩნდეს შენი უძლურება უსამართლობის მოსპობაში, რომ მიკერძოება არ გამოიჩინო ძლიერის მიმართ და შენს სიწრფელეს ჩრდილი არ დაადგეს.
- 7
ნუ სცოდავ მოქალაქეთა წინაშე და ბრბოში თავს ნუ დაიმცირებ.
- 8
ორჯერ ნუ ჩაიდენ ცოდვას, რადგან ერთის გამოც ვერ გადარჩები დაუსჯელი.
- 9
ნუ იტყვი, მოხედავს იგი ჩემი ძღვენის სიმრავლეს და, როცა მაღალ ღმერთს მივართმევ, შეიწირავსო.
- 10
სულმოკლე ნუ იქნები შენი ვედრებისას და მოწყალების გაცემას ნუ უგულებელყოფ.
- 11
ნუ დასცინი კაცს, სულგამწარებულს, რადგან არსებობს ის - დამამდაბლებელი და აღმაზევებელი.
- 12
ნუ თესავ ტყუილს შენს ძმაზე და ნურც მეგობარს მოექცევი ასე.
- 13
ნურასოდეს შეთხზავ სიცრუეს, რადგან მისი გახშირება სიკეთეს არ მოგიტანს.
- 14
ნუ მრავალსიტყვაობ მოხუცთა საკრებულოში და ნუ გაიმეორებ სიტყვას ვედრების დროს.
- 15
ნუ შეიძულებ მძიმე სამუშაოს და მიწისმუშაკობას, რომელიც უზენაესისგან არის დაწესებული.
- 16
თავს ნუ ჩაირიცხავ ცოდვილთა კრებულში; გახსოვდეს, რისხვა არ დააყოვნებს.
- 17
ძლიერად მოთრგუნე შენი სული, რადგან ცეცხლი და მატლია ურჯულოთა სასჯელი.
- 18
ნუ გაცვლი მეგობარს ფულზე, ნურც ღვიძლ ძმას - ოფირის ოქროზე.
- 19
ნუ მიატოვებ ცოლს, ჭკვიანს და კეთილს, რადგან მისი მადლი ოქროზე მეტია.
- 20
ბოროტს ნუ უყოფ მსახურს, ბეჯითად მშრომელს, ნურც მოჯამაგირეს, შენთვის თავდადებულს.
- 21
გონიერი მსახური შეიყვაროს შენმა სულმა და ნუ დაუჭერ მას თავისუფლებას.
- 22
გყავს საქონელი? მიხედე მას; თუ გჭირდება, შენთვის დაიტოვე.
- 23
გყავს შვილები? ასწავლე მათ და ყრმობიდანვე მოახრევინე ქედი.
- 24
გყავს ასულნი? იზრუნე მათ სხეულზე და მათ წინაშე პირმხიარული ნუ იქნები.
- 25
ასული გაათხოვე და დიდ საქმეს აღასრულებ; გონიერ კაცს მიეცი იგი.
- 26
გყავს ცოლი სასურველი? ნუ გაუშვებ მას და საძულველს ნუ მიენდობი.
- 27
მთელი გულით განადიდე მამაშენი და ნუ დაივიწყებ დედაშენის ტკივილებს.
- 28
გახსოვდეს, რომ მათგან დაიბადე; რას მისცემ მათ ამის სანაცვლოდ?
- 29
მთელი სულით გწამდეს უფალი და პატივი მიაგე მის მღვდლებს.
- 30
მთელი ძალით შეიყვარე შემქმნელი შენი და მის მსახურებს ნუ მიატოვებ.
- 31
გეშინოდეს უფლისა და პატივი მიაგე მღვდელს, მიეცი მათ თავისი წილი, როგორც გებრძანა: ნათავარნი, ცოდვის გამოსასყიდი, ბეჭთა ძღვენი, განწმედის შესაწირავი და წმიდათა ნათავარი.
- 32
გლახაკს გაუწოდე ხელი, რათა აღსრულდეს შენი კურთხევა.
- 33
მისაცემლის მადლი მიაგე ყოველ ცოცხალს, მაგრამ წყალობას მკვდარსაც ნუ მოაკლებ.
- 34
ნუ დააკლდები მტირალთ და მგლოვიარეებთან ერთად იგლოვე.
- 35
ნუ დააყოვნებ სნეულის მონახულებას, რომ შეგიყვარონ ამგვარი საქმისთვის.
- 36
ყველა საქმეში შენი აღსასრული გაიხსენე და არასოდეს ჩაიდენ ცოდვას.