ზირაქი 50
- 1
სიმეონი, ძე ონიასი, მღვდელმთავარი, ვინც სახლი სიცოცხლეშივე შეაკეთა და თავის სიცოცხლეში ტაძარი გაამაგრა.
- 2
მის მიერ დაფუძნდა ორმაგი სიმაღლე - ტაძრის ზღუდის მაღალი ლიბო.
- 3
მის სიცოცხლეში დაიკლო წყალსატევმა, ზღვასავით ტბის შემოწერილობამ.
- 4
მზრუნველმა თავისი ხალხისთვის უბედურების ასაცილებლად გაამაგრა ქალაქი ალყისაგან თავდასაცავად.
- 5
რა დიდებული იყო იგი ხალხით გარშემორტყმული, როცა კრეტსაბმელიდან გამოდიოდა!
- 6
როგორც ღრუბლებში ცისკრის ვარსკვლავი და როგორც სავსე მთვარე!
- 7
როგორც მზე, უზენაესის ტაძარზე მბრწყინავი და როგორც ცისარტყელა ღრუბელში გასხივოსნებული!
- 8
როგორც ვარდის კოკორი გაზაფხულზე და როგორც შროშანი წყლის ნაპირებზე, როგორც ყლორტი საკმევლის ხისა ზაფხულის დღეს!
- 9
როგორც ცეცხლი და საკმეველი საცეცხლურში, როგორც ჭურჭელი, ოქროსაგან გამოჭედილი და შემკული ყოველნაირი პატიოსანი ქვით!
- 10
როგორც ზეთისხილის ხე, ნაყოფით დახუნძლული, და როგორც კვიპაროსი, ღრუბლებამდე აშოლტილი!
- 11
როცა დიდების შესამოსელს გადაიცვამდა და შეიმოსებოდა სრულყოფილი სამკაულებით, წმიდა საკურთხეველზე ასვლისას დიდებას მოჰფენდა ირგვლივ საწმიდარს;
- 12
როცა საკურთხევლის კერასთან მდგარი, მღვდლების ხელიდან წილობებს იღებდა, ირგვლივ ძმებით შემოგვირგვინებული, ის ჰგავდა ახალგაზრდა ლიბანის ნაძვს, და ისინიც გარს ერტყმოდნენ მას ფინიკის რტოებივით,
- 13
და ყველა აარონიანი თავიანთ დიდებაში და საუფლო შესაწირავით ხელში ისრაელის მთელი საკრებულოს წინაშე.
- 14
საკურთხეველზე მსახურების დასასრულს, უზენაესი ყოვლისმპყრობელისათვის ძღვენის გასარიგებლად,
- 15
ხელს იწვდიდა სამსხვერპლო თასისკენ, ასხამდა მასში ყურძნის სისხლს და საკურთხევლის კვარცხლბეკზე ღვრიდა უზენაესის, ყოველთა მეუფის ამოდსაყნოსველად.
- 16
მაშინ შესძახებდნენ აარონიანები, ჩაბერავდნენ გამოჭედილ საყვირებს და ხმას აიმაღლებდნენ გასახსენებლად უზენაესის წინაშე.
- 17
მაშინ ასწრაფდებოდა ერთიანად მთელი ხალხი და პირქვე დაემხობოდა, რათა თაყვანი ეცა თავისი უფლისათვის, უზენაესი, ყოვლისმპყრობელი ღვთისათვის.
- 18
და შეაქებდნენ მას მგალობლები თავიანთი ხმებით და ფართო ტაძარში ტკბილი საგალობელი გაისმებოდა.
- 19
შეევედრებოდა ხალხი უზენაეს უფალს ლოცვით მისი მოწყალების წინაშე, ვიდრე აღსრულდებოდა უფლის ქება და ასე დასრულდებოდა მისი მსახურება.
- 20
მერე ჩამოსვლისას გაიწვდიდა ხელს ისრაელიანთა მთელ საკრებულოზე, რათა უფლის კურთხევა მიეცა თავისი ბაგით და მისი სახელით.
- 21
ხალხი პირქვე დაემხობოდა განმეორებით უზენაესისგან კურთხევის მისაღებად.
- 22
აწ ადიდეთ ყოველთა ღმერთი, ყოველგან სიდიადეთა შემოქმედი, რომელიც საშოდანვე გვიგრძელებს ჩვენს დღეებს და თავისი წყალობისამებრ გვექცევა.
- 23
მოგვცეს ჩვენ გულის სიხარული და მშვიდობა იყოს ჩვენს დროს ისრაელში საუკუნოდ.
- 24
გაიღოს თავისი წყალობა ჩვენზე და დაგვიხსნას ჩვენ ჩვენს დღეებში.
- 25
ორი ხალხი მოიძაგა ჩემმა სულმა და მესამე არც არის ხალხი.
- 26
სეყირის მთაზე მცხოვრებნი, ფილისტიმელნი და ბრიყვი ხალხი - შექემის მკვიდრი.
- 27
მოძღვრება ცოდნისა და შემეცნებისა აღწერა ამ წიგნში იესო იერუსალიმელმა, ძემ ზირაქისა, ელეაზარის ძისა, ვინც თავისი გულიდან სიბრძნე გადმოღვარა.
- 28
ნეტარია ის, ვინც ამაებში გაიწაფება და, ვინც გულში ჩაიდებს მას, გაბრძენდება.
- 29
თუ მათ აღასრულებს, ყოვლისშემძლებელი იქნება, რადგან უფლის ნათელია მისი გზა.