ზირაქი 49
- 1
მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი.
- 2
გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა.
- 3
მითხრა: ჩემი მორჩილი ხარ, ისრაელ, შენით გამოვაჩენ ჩემს დიდებას.
- 4
მე კი ვამბობდი: ამაოდ დავშვერ, ფუჭად და უსაზმნოდ დავხარჯე ძალა. ჭეშმარიტად, უფალთან არის ჩემი სამართალი და ჩემს ღმერთთან - ჩემი საზღაური!
- 5
ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად, რომ თავისკენ მიაქციოს იაკობი და ისრაელი თავისთან შეკრიბოს, რათა ვიდიდო უფლის თვალში და ჩემი ღმერთი იყოს ძალი ჩემი.
- 6
თქვა: ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს.
- 7
ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმიდა, დაბეჩავებულს, ხალხებისგან შეზიზღებულს, ხელმწიფეთა მონას: მეფენი დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც მტკიცეა, და ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია.
- 8
ასე ამბობს უფალი: მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის ქვეყნის აღსადგენად, უკაცრიელ სამკვიდროთა დასანაწილებლად,
- 9
გამომწყვდეულთათვის სათქმელად: გამოდით! და ბნელში მყოფთათვის: გამოჩნდით! გზებზე დაიწყებენ ძოვას და ყოველ ხმელგორზე ექნებათ საძოვარი.
- 10
არ მოშივდებათ და არ მოსწყურდებათ, ვერას დააკლებს მათ ხვატი და მზის არმური, რადგან მათი შემბრალებელი გაუძღვება მათ და წყლის სათავეებთან მიიყვანს.
- 11
ყოველ მთას ჩემსას გზად გადავაქცევ და ჩემი შარაგზები მაღლა აიწევა.
- 12
აჰა, ესენი შორიდან მოდიან, აჰა, ესენი - ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ესენი კი - სინიმის ქვეყნიდან!
- 13
გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი.
- 14
თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო.
- 15
განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ.
- 16
აჰა, ხელისგულებზე მყავხარ გამოსახული, შენი კედლები მუდამ ჩემს წინაა.
- 17
აჩქარდებიან შენი მშენებელნი; შენი დამაქცევარნი და მაოხრებელნი კი წავლენ შენგან.
- 18
თვალი მოატარე ირგვლივ და იხილე: ყველანი შეკრებილან, შენთან მოდიან! როგორც მე ვარ ცოცხალი, ამბობს უფალი, ასე შეიმოსავ სამკაულად ყველას და მოირთვები მათით, როგორც პატარძალი.
- 19
რადგან შენს ნაოხარში და უკაცრიელ ადგილებში, შენს აკლებულ მიწაზე, ახლა ნამდვილად ვიწროდ იქნები მის მცხოვრებთა გამო. შენი ჩამყლაპავნი კი გაგშორდებიან.
- 20
კიდეც გეტყვიან ყურში კვლავ შეძენილი შენი შვილები: მევიწროება ადგილი. მიმიშვი, რომ ვიცხოვრო!
- 21
იტყვი გულში; ვინ გამიჩინა ესენი? მე ხომ შვილმკვდარი ვიყავი, ბერწი, განდევნილი და მოწანწალე. ვინ გამიზარდა? მარტო რომ ვიყავი დარჩენილი, ესენი სადღა იყვნენ?
- 22
ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ხალხებისკენ გავიწვდი ხელს და ერებს აღვუმართავ ჩემს დროშას; უბით წამოიყვანენ შენს ვაჟებს და შენი ასულეხი მხრებზე ეყოლებათ აყვანილი.
- 23
მეფეები შენი გამზრდელები იქნებიან, მათი დედოფლები კი - შენი ძიძები; პირქვე დამხობით გცემენ თაყვანს და შენ ფეხთა მტვერს დაუწყებენ ლოკვას, რათა გაიგონ, რომ მე უფალი ვარ და არ შერცხვება ჩემს მოიმედეს.
- 24
თუ წართმევია ოდესმე ძლიერს ნადავლი ან თუ წასვლია ტყვე გამარჯვებულს?
- 25
ჭეშმარიტად, ასე ამბობს უფალი: რომც წაერთვას ტყვე ძლიერს და ნადავლი წაუვიდეს ძალმომრეს, გამოგესარჩლები შენს მოსარჩლესთან და შენს შვილებს გადავარჩენ.
- 26
საკუთარ ხორცს შევაჭმევ მჩაგვრელებს და, როგორც მაჭრით, ისე დათვრებიან საკუთარა სისხლით. მაშინ გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.