ზირაქი 48
- 1
გამოჩნდა ელია წინასწარმეტყველი და მისი სიტყვა ლამპარივით ანათებდა;
- 2
ვინც მათ შიმშილი თავს დაატეხა და თავისი შურით შეამცირა მათი რიცხვი;
- 3
უფლის სიტყვით ჩაკეტა ზეცა და სამგზის ჩამოიტანა ცეცხლი.
- 4
როგორ განდიდდი, ელია, შენი სასწაულებით და ვინ დაიქადებს შენსავით?
- 5
შენ აღადგინე გვამი სიკვდილისგან და ჯოჯოხეთისგან უზენაესის სიტყვით;
- 6
შენ ჩამოაგდე მეფეები დასაღუპავად და დიდებულნი მათი სარეცლებიდან;
- 7
სინაიზე მოისმინე მხილება და ქორებზე შურისგების მსჯავრი;
- 8
შენ სცხე მეფეებს სამაგიეროს მისაზღველად და შენს მემკვიდრე წინასწარმეტყველებს;
- 9
ატაცებულ იქმენ ცეცხლის გრიგალით ცეცხლოვანი ცხენების ეტლზე;
- 10
განწესებული იყავი დროზე სამხილებლად, რათა დაგეცხრო უფლის რისხვა, ვიდრე სიშმაგემდე მიაღწევდა, შვილისკენ მოგექცია მამის გული და იაკობის შტოები აღგედგინა.
- 11
ნეტარ არიან შენი მხილველნი, სიყვარულში განმშვენებულნი და ჩვენც სიცოცხლით ვცხონდებით.
- 12
ელია იყო, გრიგალივით რომ დაიფარა და მისი სულით ელისე აღივსო. არ შერყეულა იგი მთავართა წინაშე თავის დღეში და ვერც ვერავინ დაიმორჩილა იგი.
- 13
ვერავის სიტყვამ ვერ სძლია მას და განსვენების ჟამსაც იწინასწარმეტყველა მისმა ცხედარმა.
- 14
როგორც სიცოცხლეში მოიმოქმედა სასწაულნი, ასევე საკვირველი იყო მისი საქმეები მისი აღსასრულის შემდეგ.
- 15
და მაინც არ მოინანია ხალხმა და არ უკუაგდო თავის ცოდვები, ვიდრე ტყვეებად არ წაასხეს თავისი ქვეყნიდან და მთელ ქვეყნიერებაზე არ გაიფანტნენ.
- 16
დარჩა ძალზე მცირე ხალხი და მთავარი დავითის სახლიდან. მათგან ზოგიერთი სათნოდ იქცეოდა, ზოგიერთმა კი გაამრავლა ცოდვები.
- 17
ხიზკიამ გაამაგრა თავისი ქალაქი და მის შუაგულში წყალი შეიყვანა, რკინით გათხარა კლდე და ააშენა წყალსაცავი.
- 18
მის დროს გამოილაშქრა სანხერიბმა და გამოგზავნა რაბსაკე, ხელი აღმართა სიონზე და ამპარტავნულად მედიდურობდა.
- 19
მაშინ აუკანკალდათ გულები და ხელები, და იტანჯებოდნენ მშობიარეთა მსგავსად.
- 20
მოუხმეს უფალს, გულმოწყალეს, და ხელები გაიწოდეს მისკენ. უმალ შეისმინა მათი წმიდამ ზეციდან და იხსნა ისინი ესაიას ხელით.
- 21
მან დაამარცხა აშურელთა მხედრობა და მისმა ანგელოზმა შემუსრა იგი.
- 22
რადგან ხიზკია უფლის წინაშე სათნოდ იქცეოდა და განმტკიცდა მამამისის, დავითის გზაზე, როგორც ამცნო ესაია წინასწარმეტყველმა, დიდმა და სარწმუნომ თავისი ხილვებით.
- 23
მის დროს იყო, რომ უკუიქცა მზე და შეჰმატა მეფეს სიცოცხლეს ხანი.
- 24
თავისი დიდი სულით იხილა უკანასკნელი ამბები და ანუგეშა სიონში მგლოვარენი.
- 25
გამოაცხადა მოწევნადი საუკუნის დასასრულამდე და დაფარულნი - მათ ახდომამდე.