ზირაქი 47
- 1
მის შემდეგ გამოჩნდა ნათანი საწინასწარმეტყველოდ დავითის დღეებში.
- 2
როგორც ცხიმი, მსხვერპლისგან გამორჩეული, ასე იყო დავითი ისრაელიანთა შორის.
- 3
ციკნებივით ეთამაშებოდა ლომებს და ბატკნებივით - დათვებს.
- 4
განა სიჭაბუკეში არ მოკლა ბუმბერაზი და სირცხვილი ჩამორეცხა ხალხს, როცა აღმართა ხელი შურდულის ქვით და დაამხო სიამაყე გოლიათისა?
- 5
რადგან უზენაეს უფალს მოუწოდა და მან მისცა ძალა მარჯვენაში, რათა დაემარცხებინა ომში მძლე კაცი და აემაღლებინა რქა თავის ხალხისა.
- 6
ამგვარად განადიდეს იგი მრავალთა შორის და უფლის კურთხევით შეასხეს ხოტბა, როგორც დიდების ჯიღის მატარებელს.
- 7
რადგან გაანადგურა გარშემო მტრები, დაიმორჩილა მოწინააღმდეგე ფილისტიმელნი და მათი რქები დღემდე შემუსვრილია.
- 8
ყველა თავის საქმეში წმიდას, უზენაესს უძღვნიდა მადლს დიდების სიტყვებით; მთელი გულით უგალობა უფალს და შეიყვარა თავის შემოქმედი.
- 9
დააყენა მგალობელნი საკურთხევლის წინ, რათა მათი ხმებით დაეტკბო ჰანგი.
- 10
მან დაამშვენა დღესასწაულები და დაადგინა ჟამნი მთელი წლის მანძილზე ღვთის წმიდა სახელის შესაქებად და ტაძრის ასახმიანებლად ცისკრიდანვე.
- 11
უფალმა მიუტევა ცოდვები და მისი რქა საუკუნოდ აამაღლა, მისცა მას მეფეთა აღთქმა და დიდების ტახტი ისრაელში.
- 12
შემდგომად მისა გამოჩნდა მისი ბრძენი ვავი და მამის წყალობით იცხოვრა ბედნიერად.
- 13
სოლომონმა მშვიდობიან ხანაში იმეფა, რადგან ღმერთმა ყოველმხრივ მოასვენა, რათა აღემართა სახლი მის სახელზე და საუკუნო ტაძარი განემზადებინა.
- 14
როგორ გაბრძენდი შენს სიჭაბუკეში! მდინარესავით აივსე გონიერებით.
- 15
შენმა სულმა დაფარა დედამიწა და აღავსე იგი იდუმალი იგავებით.
- 16
შორეულ კუნძულებს მისწვდა შენი სახელი და შეგიყვარეს შენი სიმშვიდისთვის.
- 17
შენი საგალობლებით და ანდაზებით, იგავებით და განმარტებებით განცვიფრდნენ ქვეყნები.
- 18
უფალი ღმერთის სახელით, რომელიც ისრაელის ღმერთად იწოდება, კალასავით შეკრიბე ოქრო და ტყვიასავით გაამრავლე ვერცხლი.
- 19
მაგრამ მიდრიკე შენი წელი ქალებისკენ და დაემონე მათ შენი სხეულით.
- 20
ლაქა წასცხე შენს დიდებას და წარყვენი შენი მოდგმა ისე, რომ რისხვა მოაწიე შენს შვილებზე და მათაც დაიტირეს შენი უგუნურება,
- 21
რომ ორად გაყავი ხელმწიფება და ეფრემიდან ურჩ სამეფოს დაედო სათავე.
- 22
მაგრამ უფალი არ დაივიწყებს თავის მოწყალებას, არცერთ თავის ნამოქმედარს არ გაანადურებს, არ შემუსრავს თავისი რჩეულის შთამომავლობას და თავისი მოყვარულის თესლს არ აღმოფხვრის. მან მისცა იაკობს ნატამალი და დავითს - ძირი მისი ღეროდან.
- 23
განისვენა სოლომონმა თავის მამა-პაპასთან და თავის შემდგომად თავისი თესლისგან ხალხს დაუტოვა უმეცარი და ჭკუანაკლული რობოამი, რომელმაც ხალხი განიშორა თავის თათბირით,
- 24
და იერობოამი, ნაბატის ძე, ვინც აცთუნა ისრაელი და ეფრემიც ცოდვის გზაზე დააყენა. დიდად გამრავლდა მათი ცოდვები, რისთვისაც თავიანთი ქვეყნიდან განიდევნენ.
- 25
და ყოველგვარ ბოროტებას სჩადიოდნენ, ვიდრე მათზე შურისგებამ არ მოაწია.