ზირაქი 51
- 1
გმადლობ, უფალო და მეუფეო, და გაქებ შენ, ღმერთო, მხსნელო ჩემო, ვმადლობ შენს სახელს,
- 2
რადგან მფარველად და შემწედ მეყავ, იხსენი სხეული ჩემი დაღუპვისაგან, ცილისმწამებლური ენის მახისგან და სიცრუის შემცველ ბაგეთაგან; ჩემზე ამხედრებულთა წინაშე შემეწიე და მიხსენი მე.
- 3
შენი უხვი მოწყალების და სახელის ძალით კბილთა ღრჭენისგან და შთანთქმისგან, ჩემი სულის მძებნელთა ხელიდან და მრავალი ჭირისაგან, რომელნიც განვიცადე,
- 4
ყოველი მხრივ შემხუთველი ცეცხლისგან და ცეცხლის შუაგულისგან სადაც არ დავიწვი.
- 5
ჯოჯოხეთის სტომაქის სიღრმიდან, უწმინდური ენისა და ცრუ სიტყვისგან,
- 6
და მეფის წინაშე უსამართლო ენის ცილისწამებისგან. ჩემი სული სიკვდილს იყო მიწევნილი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს მიეახლა.
- 7
ყოველი მხრიდან შემომერტყნენ და არ ჩანდა მხსნელი, თვალებით ვეძებდი ადამიანთაგან შემწეობას, მაგრამ ამაოდ.
- 8
მაშინ გავიხსენე შენი წყალობა, უფალო, და საქმენი შენი დასაბამიდან, რომ შენ გადაარჩენ ჩენს მოიმედეთ და დაიხსნი მათ მტრების ხელთაგან.
- 9
და აღვამაღლე მიწიდან ჩემი ვედრება და სიკვდილისგან დახსნა შეგთხოვე.
- 10
მოვუხმე უფალს, ჩემი უფლის მამას, არ მივეტოვებინე გასაჭირის დღეებში, როცა ამპარტავანთა წინაშე არ იყო შემწეობა. დაუცხრომლად ვადიდებ შენს სახელს და მადლობით გიგალობ.
- 11
რადგან ვედრება ჩემი შესმენილ იქნა, გადამარჩინე მე წარწყმედას და ავი დროებისგან დამიხსენი.
- 12
ამისათვის გმადლობ და შეგაქებ შენ, და ვაკურთხებ უფლის სახელს.
- 13
ჯერ კიდევ სიჭაბუკისას, ვიდრე ავხეტიალდებოდი, ცხადად ვეძებდი სიბრძნეს ჩემს ლოცვაში;
- 14
მასზე ვუხმობდი ტაძრის წინაშე და ბოლომდე მისი მძებნელი ვიქნები.
- 15
როგორც შეთვალული მწიფე მტევანი, ისე ხარობდა მისით ჩემი გული, ჩემმა ფეხებმა სწორი გზით იარა და სიყრმიდანვე კვალში ჩავუდექი.
- 16
ყურს მცირედ მივაპყრობდი და ვიღებდი მას, მრავალს ვპოულობდი ჩემთვის შეგონებას.
- 17
წარმატებასაც მივაღწიე და, ვინც მე სიბრძნე მომცა, მას განვადიდებ.
- 18
გადავწყვიტე მას გავყოლოდი, ვშურობდი სიკეთეს და არ შევრცხვენილვარ.
- 19
ჩემი სული შეეჭიდა სიბრძნეს და რჯულის საქმეშიც გავიწაფე; ხელები მაღლა აღვაპყრე და ჩემი უმეცრება ვაღიარე.
- 20
ჩემი სული მივმართე მისკენ და სიწმინდეში ვპოვე იგი; გული იმთავითვე მას განვუკუთვნე და ამატომაც არ მიმატოვებს.
- 21
ჩემი შიგნეული მის მოსაძებნად შეიძრა და ამიტომაც შევიძინე კეთილი განძი.
- 22
უფალმა მომცა ენა ჯილდოდ და მით შევაქებ მას.
- 23
მომიახლოვდით მე, უსწავლელნო, და სასწავლებელ სახლში დადექით,
- 24
რადგან გჭირდებათ თქვენ იგი და თქვენს სულებსაც ძალზე სწყურიათ.
- 25
გავხსენი პირი და წარმოვთქვი: შეიძინეთ იგი უვერცხლოდ.
- 26
ქედი მის უღელს მოუდრიკეთ და მიიღოს მოძღვრება თქვენსა სულმა. ახლოს არის იგი საძებარი.
- 27
საკუთარი თვალით იხილეთ, რომ მცირედ დავშვერი და სანაცვლოდ დიდი სიმშვიდე მოვიპოვე.
- 28
ეზიარეთ სწავლას თუნდაც დიდძალი ვერცხლის ფასად და მისი წყალობით უამრავ ოქროს შეიძენთ.
- 29
გაიხაროს სულმა თქვენმა მისი მოწყალებით და ნუ შეგრცხვებათ მისი ქებისა.
- 30
დროულად აკეთეთ თქვენი საქმე და თქვენს საზღაურს თავის დროზე გადაგიხდით.