ზირაქი 45
- 1
წარმოშვა მისგან გულმოწყალე კაცი, მადლის მპოვნელი ყოველი ხორციელის თვალში, ღვთისთვისაც და კაცთათვისაც საყვარელი მოსე, რომლის ხსენებაც კურთხეულია.
- 2
დიდებით წმიდებს დაამსგავსა და გაადიადა იგი საქმეთა წყალობით მტრების დასაშინებლად.
- 3
მისი სიტყვებით შეწყვიტა ნიშები და განადიდა იგი მეფეთა წინაშე; მისი მეშვეობით მბრძანებლობდა თავის ხალხს და მასვე აჩვენა თავისი დიდება.
- 4
ერთგულებისა და მორჩილებისთვის წმინდა ჰყო იგი და ყოველი ხორციელისგან გამოარჩია;
- 5
მოასმენინა მას თავისი ხმა, შეიყვანა ნისლში და პირისპირ მისცა მას მცნებანი - რჯული სიცოცხლისა და შემეცნებისა, რათა იაკობისათვის ესწავლებინა აღთქმა და ისრაელისთვის მისი სასჯელები.
- 6
აამაღლა აარონი, მისი მსგავსი სიწმიდით, მისი ძმა, ლევის ტომიდან;
- 7
დაუდვა მას საუკუნო აღთქმა და ერის მღვდლობა ჩააბარა მას. აკურთხა იგი მშვენიერ სამოსელში და შემოარტყა სარტყელი დიდებისა.
- 8
შემოსა იგი სანაქებო სრულყოფილებით და გამოაწყო მდიდრული სამოსელით: საწმერთულით, ტალავარით და ეფოდით.
- 9
შემოარტყა მას ბურთულაკები და ოქროს მრავალი ეჟვანიც შემოავლო, რათა ფეხის გადადგმისას ხმები გამოეცათ და ტაძარში რეკვა ამტყდარიყო მისი ხალხის შვილებისთვის შესახსენებლად.
- 10
შემოსა წმიდა სამოსით, ოქროთი ლურჯით და ძოწეულით - ნაქარგი ქსოვილით, მსჯავრის სიტყვით და ურიმითა და თუმიმით, ოსტატის ნახელავი მეწამული ქსოვილით;
- 11
პატიოსანი თვლებით მოოჭვილი ბეჭდით ოქრომჭედლის ნახელავ ოქროს ბუდეში, რომელზედაც სამახსოვროდ ამოკვეთილია წარწერები ისრაელის ტომთა რიცხვის მიხედვით;
- 12
თავსაბურავს ზემოთ ოქროს გვირგვინით ნიშნად სიწმიდის ბეჭდისა ღირსების სადიდებლად - ეს არის ქმნილება ხელოვნებისა და სამკაული, თვალებისთვის სანატრელი.
- 13
მის დრომდე არ იყო მშვენებანი და ვერც უცხოტომელი შეიმოსება ამგვარად ვერასოდეს, არამედ მხოლოდ მისი შვილები და მისი შთამომავლობა სამარადჟამოდ.
- 14
მისი მსხვერპლი ყოველდღე შეიწირება, მუდმივად, ორჯერ.
- 15
აუვსო მოსემ ხელი და სცხო მას წმინდა ზეთი; მიეცა მას და მის თესლს საუკუნო აღთქმა ცის დღეებში, რათა ემსახურონ უფალს და აკურთხონ მისი ხალხი მისი სახელით.
- 16
გამოარჩია იგი ყოველი ცოცხალისაგან, რათა უფლისათვის ძღვენი მიერთმია: საკმეველი და კეთილსურნელება იმის სამახსოვროდ, რომ თავისი ხალხი შეიწყალა.
- 17
მისცა მას თავისი მცნებებით ხელმწიფება მსჯავრის გამოსატანად, რათა დაემოძღვრა იაკობი მოწმობებით და თავისი რჯულით გაენათლებინა ისრაელი.
- 18
წინ აღუდგნენ მას უცხონი და შეშურდათ მისი უდაბნოში - დათანი, აბირონი და მათი ხალხი, და კორახის კრებული სიშმაგითა და გულისწყრომით.
- 19
იხილა უფალმა და არ მოეწონა, და აღესრულნენ ისინი გულისწყრომის სიშმაგეში. მოახდინა მათზე სასწაული და თავისი ცეცხლის ალით შემუსრა ისინი.
- 20
შეჰმატა აარონს დიდება და მისცა მას მემკვიდრეობა; უწილადა მას პირველმოწეული ნაყოფები; პირველ ყოვლისა კი მოუმზადა პური საძღომად,
- 21
რადგან ისინი ჭამენ უფლის მსხვერპლს, რომელიც მას და მის შთამომავლობას მისცა.
- 22
მაგრამ მას არა აქვს მემკვიდრეობა ხალხის ქვეყანაში და არც წილი ხალხს შორის, რადგან თავად უფალია მისი წილი და მემკვიდრეობა.
- 23
ფინხაზი, ელეაზარის შვილი, მესამეა დიდებით, რადგან მოშურნე იყო იგი უფლის შიშში, მტკიცედ იდგა ხალხის განდგომისას სულის სიქველით და ივედრებოდა ისრაელის შეწყალებისთვის.
- 24
ამიტომაც მიეცა მას მშვიდობის აღთქმა, რომ სათავეში ჩადგომოდა საწმიდარსა და მის ხალხს, რომ მის შთამომავლობას საუკუნოდ ჰქონოდა მღვდლობის ღირსება.
- 25
დავითსაც, იესეს შვილს, იუდას ტომიდან, მიეცა აღთქმა, რომ სამეფო მემკვიდრეობა გადავიდოდა მხოლოდ შვილიდან შვილზე. ასევე მემკვიდრეობა აარონისა მისი შთამომავლობისაა.
- 26
ღმერთმა თქვენც ჩაგიგდოთ სიბრძნე გულში, რომ მისი ხალხი სიმართლით განსაჯოთ, რომ არ წარიხოცოს მისი სიკეთენი და მისი დიდება თაობიდან თაობაში გადავიდეს.