ზირაქი 44
- 1
ახლა კი შევაქოთ სახელოვანი ვაჟკაცები და ჩვენი მამები თავ-თავიანთ თაობებში.
- 2
მრავალი დიდება შეუქმნია მათი მეოხებით უფალს, უკუნითიდან არის მისი სიდიადე.
- 3
ისინი იყვნენ განმგებელნი თავიანთ საბრძანებლებში და კაცნი, ძლიერებით სახელგანთქმულნი, თავიანთი სიბრძნით მიმცემნი რჩევისა და წინასწარმეტყველებებში გამომცხადებელნი.
- 4
ხალხის წინამძღვარნი თათბირებში და მათ განსწავლაში, ბრძნული იყო მათი სიტყვები დასამოძღვრად.
- 5
მათ შექმნეს მუსიკის ჰანგები და ჰიმნები წარმოთქვეს ჩასაწერად.
- 6
კაცნი მდიდარნი, დაჯილდოებულნი ძალით, და მშვიდად მცხოვრებნი თავიანთ სახლებში.
- 7
ყველანი პატივდადებულნი იყვნენ თავ-თავიანთ თაობებში და სიქადულნი იყვნენ თავიანთ დროში.
- 8
ზოგიერთმა მათგანმა დატოვა სახელი სადიდებლად,
- 9
ზოგიერთი მათგანის სახსენებელიც არ დარჩენილა, ისე გაქრნენ, თითქოს არც ყოფილიყვნენ, და ისე იქმნენ, თითქოს არც შობილიყვნენ, და მათ შემდგომად მათ შვილებსაც ასე მოუვიდათ.
- 10
მაგრამ იყვნენ ისინი კაცნი მოწყალენი, რომელთა მართალი საქმეები არ დავიწყებულა.
- 11
მათი თესლისგან დარჩა სასიკეთო მემკვიდრეობა - მათი ნაშიერნი.
- 12
აღთქმებში იქნება მათი თესლი და მათი შვილები მათივე წყალობით.
- 13
მათი თესლი უკუნისამდე იარსებებს და მათი დიდება არ წაიშლება.
- 14
მათი გვამები მშვიდობაში დაიმარხნენ და მათი სახელი თაობებში ცოცხლობს.
- 15
ხალხები მოგვითხრობენ მათ სიბრძნეზე და საკრებულოც მათ ქებას გვაუწყებს.
- 16
ენოქი მოეწონა უფალს და წაყვანილ იქნა, თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა.
- 17
ნოე სრული და მართალი აღმოჩნდა, რისხვის ჟამს შეწყალებულ იქნა; ამიტომაც მიწაზე ნატამალად დარჩა, როცა წარღვნა მოხდა.
- 18
მიეცა საუკუნო აღთქმა, რომ არცერთი ხორციელი წარღვნით არ დაიღუპებოდა.
- 19
აბრაამი იყო დიდი მამა ბევრი ხალხისა, და დიდებაში მისი მსგავსი არ იპოვებოდა.
- 20
მან დაიცვა რჯული უზენაესისა და აღთქმით შეეკრა მას; აღთქმა თავის ხორცში გაამყარა და განსაცდელში მტკიცე აღმოჩნდა.
- 21
ამიტომაც უფალმა ფიცით აღუთქვა, რომ მის თესლში იკურთხებოდნენ ხალხები, რომ ქვიშასავით გაამრავლებდა მიწაზე, მის თესლს ვარსკვლავებივით აღამაღლებდა და ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე მისცემდა სამკვიდროს.
- 22
ისაკშიც ამგვარად დაადგინა მამამისის, აბრაამის გამო.
- 23
ყოველი ადამიანის კურთხევა და აღთქმა იაკობის თავზე დაავანა, სცნო იგი თავისი კურთხევით და მისცა მას სამკვიდრებელი, განუსაზღვრა წილხვედრი და თორმეტ ტომში დაანაწილა.