ზირაქი 43
- 1
უზენაესი სიდიადეა მოწმედილი ცამყარი - სახე ზეცისა დიდების ხილვაში.
- 2
საკვირველი ქმნილება - მზე, შემოქმედება უზენაესისა, გამოჩნდება თუ არა, ამოსვლისთანავე, აცხადებს თავს.
- 3
თავის შუადღისას უხმობს იგი ქვეყანას და მის მცხუნვარებას წინ ვინ დაუდგება?
- 4
ქურას ახურებენ ნაკეთობათა გამოსადნობად, მაგრამ მზე სამგზის ბუგავს მთებს; ცეცხლის ალმურის აღმომსუნთქველია და თვალებს ჭრის ბრწყინვალე სხივებით.
- 5
დიდია უფალი, მისი შემქმნელი, ვისი სიტყვითაც ისწრაფვის თავის სარბიელზე.
- 6
მთვარეც ყველას უჩვენებს თავის დროზე ჟამს და საუკუნის ნიშნებს.
- 7
მთვარისგანაა ნიშნები დღესასწაულისა, მისი ნათელი იკლებს გავსების შემდეგ.
- 8
თვე მისი სახელით იწოდება; საკვირველად იზრდება ცვალებადობაში, ზეციურ მხედრობათა საჭურველი, ცის მყარზე მანათობელი.
- 9
ცის მშვენება ვარსკვლავთა დიდებაა, სხივოსანი სამკაული უფლის ზესკნელში.
- 10
წმიდის სიტყვით დგანან მწყობრად და არ იღლებიან თავიანთ სადარაჯოზე.
- 11
შეხედე ცისარტყელას და აკურთხე შემქმნელი მისი, უმშვენიერესია თავისი ელვარებით.
- 12
დიდებული რკალებით გარს ერტყმის ზეცას; უზენაესის ხელმა გადაჭიმა იგი.
- 13
თავისი განგებით მოავლენს თოვლს და ჩააქრობს ელვა მისი მსჯავრისა.
- 14
ამისთვის გაიხსნენ საგანძურნი და გამოფრინდნენ ღრუბლები, როგორც ფრინველები.
- 15
თავისი სიდიადით შეამკვრივა ღრუბლები და დაიმსხვრნენ სეტყვის ლოდები.
- 16
მისი მზერისგან მთები ირყევიან და მისი ნებით ქრის სამხრეთის ქარი.
- 17
მისი ქუხილის ხმა ათრთოლებს დედამიწას, ასევე ჩრდილოეთის ქარიშხალიცა და გრიგალიც.
- 18
ჩამოჰყრის თოვლს თავქვე დაშვებული ფრინველების მსგავსად და კალიასავით ეფინება მიწას; მისი სისპეტაკის სილამაზე აოცებს თვალს და გულს იტაცებს მისი ბარდნა.
- 19
მოაფრქვევს მიწაზე ჭირხლს მარილივით და გაყინვისას ეკალივით წაიმახება.
- 20
დაბერავს ცივი ქარი ჩრდილოეთისა და წყალი ყინულად იქცევა; დაფარავს წყლის ყოველ შესაკრებელს და აბჯარივით შემოსავს წყალს.
- 21
გადაჭამს მთებს და უდაბნოს ბუგავს და ცეცხლივით გადატრუსავს ბალახს.
- 22
მაგრამ ყველაფრის სწრაფი მკურნალია ნისლი, ჩამოყრილი ცვარი აგრილებს ხორშაკს.
- 23
თავისი ბრძანებით დააცხრო უფსკრული და აღმოაცენა მასზე კუნძულები.
- 24
ზღვაოსნები მოგვითხრობენ იქაურ განსაცდელზე და გვაოცებს, რასაც ჩვენი ყურებით ვისმენთ.
- 25
იქ არის უცნაურობანი და საკვირველებანი - ყოველგვარი ჯურის ცხოველი და ზღვის ურჩხულნი.
- 26
მისი წყალობით გზას იგნებს მისი მაცნე და მისი სიტყვით ყოველივე ერთიანდება.
- 27
ბევრს ვილაპარაკებთ და ვერ გავსწვდებით, დავასკვნით მხოლოდ: ყველაფერია იგი.
- 28
საიდან მოვიცეთ ძალა მის სადიდებლად? რადგან ყველა თავის ქმნილებაზე დიდია.
- 29
საშიშია უფალი და დიდზე დიდი, საკვირველია მისი მეუფება.
- 30
უფლის მადიდებლებმა აამაღლეთ იგი, რამდენადაც შეძლებთ, და მაინც უფრო აღმატებული იქნება. მოიკრიბეთ ძალა მისმა აღმაზევებლებმა, მაგრამ ნუ დაშვრებით, რადგან მაინც ვერ მიაღწევთ.
- 31
ვის უხილავს იგი და აღუწერია? და ვის განუდიდებია იმგვარად, როგორიც არის?
- 32
ბევრი რამ არის დაფარული ამაზე უფრო დიდი, ჩვენ კი მხოლოდ მცირე ნაწილი ვიხილეთ მის საქმეთაგან.
- 33
რადგან ყოველივე უფალმა შექმნა და სიბრძნე ღვთისმოსავებს მისცა.