ზირაქი 42
- 1
აი, რის გამო ნუ შეგრცხვება და ნუ იმლიქვნელებ, რათა არ შესცოდო:
- 2
ნუ შეგრცხვება უზენაესის რჯულისა და აღთქმის დაცვისა, და განაჩენისა ურჯულოსთვის მსჯავრის დასადებად.
- 3
ამხანაგთან და თანამგზავრებთან საუბრისა და მეგობრებისთვის მემკვიდრეობის მიცემისა,
- 4
სიზუსტისა წონასა და ზომაში, ბევრისა თუ ცოტას მოგებისა,
- 5
გამორჩენისა ყიდვა-გაყიდვისას, შვილების მკაცრად აღზრდისა და ცუდი მსახურისთვის გვერდების დასისხლიანებისა.
- 6
სადაც ცუდია ცოლი, იქ კარგია ბეჭედი; სადაც მრავალი ხელია, ჩაკეტე, რაც ჩასაკეტი გაქვს.
- 7
თუ გასცემ, ანგარიშითა და ზომით გაეცი და ყოველი გაცემა და მიღება ჩაიწერე.
- 8
ნუ გრცხვენია დამოძღვრა უგუნურისა, ბრიყვისა და მოხუცისა, რომელიც ახალგაზრდებს ეჯიბრება, და ნამდვილად აღზრდილი იქნები და ყველას მოეწონები.
- 9
ფარული საზრუნავია ასული მამისთვის და მასზე დარდი ძილს უფრთხობს: ყმაწვილქალობაშია და, ვაითუ მოძულებულ იქნასო;
- 10
ქალწულია და, ვაითუ წაიბილწოს და მამის სახლში დაორსულდესო; ქმართან არის და, ვაითუ უღალატოსო; გათხოვილია და, ვაითუ ბერწი აღმოჩნდესო.
- 11
თავნება ქალიშვილს ბეჯითად უდარაჯე, რათა მტრების დასაცინად, ქალაქის საჭორაოდ, ხალხის საკიცხველად არ გაქციოს.
- 12
ნუ უყურებ კაცის სილამაზეს და დედაკაცებში ნუ დაჯდები.
- 13
რადგან როგორც ჩრჩილი გამოდის სამოსიდან, ასევე დედაკაცისგან - დიაცური მზაკვრობა.
- 14
ავი კაცი სჯობს კეთილისმქმნელ დედაკაცს, რომელსაც სირცხვილი და უპატიობა მოაქვს.
- 15
ახლა გავიხსენებ უფლის საქმეებს, და რაც მინახავს, იმას გავაცხადებ; უფლის სიტყვითაა მისი საქმენი.
- 16
მანათობელი მზე ყველაფერს ხედავს და მისი საქმე აღსავსეა უფლის დიდებით.
- 17
უფალმა არც თავის წმიდებს მისცა უფლება, გამოეცხადებინათ ყველა მისი სასწაული, რომლებიც ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამტკიცა, რათა ყოველივე მისი დიდებით დამყარებულიყო.
- 18
მან გამოიკვლია უფსკრული და კაცთა გულები, და იხილა ხვეულები მათი, რადგან უზენაესმა იცის ყოველი საცოდნელი და საუკუნის ნიშანი აქვს განჭვრეტილი.
- 19
ის გარდასულისა და მომავლის მაუწყებელია და დაფარულთა კვალის გამომცხადებელი.
- 20
არცერთი ნაფიქრალი არ გამოეპარება და არცერთი სიტყვა არ არის დაფარული მისგან.
- 21
მან განაწესრიგა თავისი სიბრძნის სიდიადენი და არსებობს უკუნითი უკუნისამდე; არცრა შეჰმატებია და არცრა დაჰკლებია და არცრა მრჩეველი მოუთხოვია.
- 22
რაზომ სასურველია ყოველი მისი საქმე, და რა ბრწყინვალეა დასანახად!
- 23
ყოველი მათგანი ცოცხლობს და საუკუნოდ რჩება ყოველგვარი საჭიროებისთვის, და ყველანი ემორჩილებიან.
- 24
ყველაფერი წყვილად არის, ერთი მეორეს უპირისპირდება და ნაკლულევანი არაფერი შეუქმნია.
- 25
ერთი ამტკიცებს მეორის სიკეთეს და ვის მოყირჭდება მისი დიდების ცქერა?