ზირაქი 41
- 1
ო, სიკვდილო, რა მწარეა შენი გახსენება ადამიანისთვის, რომელიც მშვიდად ცხოვრობს თავის სიმდიდრეში! უზრუნველი და ყოველმხრივ ბედნიერი კაცისთვის, ვისაც კიდევ შეუძლია საჭმლის ჭამა.
- 2
ო, სიკვდილო, მშვენიერია შენი განაჩენი გაჭირვებული, დაუძლურებული ადამიანისთვის, მიხრწნილისთვის და ყოველივეზე ზრუნვით გამწარებულისთვის, სასოწარკვეთილისთვის და თმენადაკარგულისთვის!
- 3
ნუ გეშინია სიკვდილის განაჩენისა, გაიხსენე შენი წინაპრები და შენი მომავალნი.
- 4
ეს სასჯელია უფლისგან ყოველი ხორციელისთვის და როგორ უარყოფ მას, რაც უზენაესს ესათნოება. რა ათი, რა ასი, რა ათასი წელი - არ აღირიცხება სულეთში სიცოცხლის ჟამი.
- 5
ცოდვილთა შვილები საძაგლები არიან და ურჯულოებთან ერთად სახლდებიან.
- 6
ცოდვილთა შვილების მემკვიდრეობა განადგურდება და მათი შთამომავლობა სამუდამოდ სირცხვილში იქნება.
- 7
ურჯულო მამას შვილები გაკიცხავენ, რადგან მის გამო ჩაცვივდნენ სირცხვილში.
- 8
ვაი თქვენდა, ურჯულო კაცნო, რომელთაც უზენაესი ღვთის რჯული დაგიგდიათ!
- 9
როცა იბადებით, შესაჩვენებლად იბადებით, და როცა კვდებით, შეჩვენებაა თქვენი ხვედრი.
- 10
ყოველი, რაც მიწისაგანაა, მიწადვე მიიქცევა, ასევე ურჯულონიც - შეჩვენებიდან წარწყმედისკენ.
- 11
ადამიანები თავიანთ სხეულებს იგლოვენ, ხოლო ცოდვილთა უკეთური სახელიც კი წარიხოცება.
- 12
იზრუნე სახელზე, რადგან იგი უფრო დიდხანს იქნება შენთან, ვიდრე ოქროს ათასი დიდი საგანძური.
- 13
კარგი ცხოვრების დღეები დათვლილია, კარგი სახელი კი საუკუნოდ რჩება.
- 14
დაიცავით, შვილებო, მცნება და მშვიდობით იყავით. დაფარული სიბრძნე და უჩინარი განძი - რა სარგებლობაა ამ ორისგან?
- 15
თავისი სისულელის დამფარველი კაცი სჯობს კაცს, თავისი სიბრძნის დამფარველს.
- 16
ამიტომაც ყურადიღეთ ჩემი სიტყვები: ყოველგვარი სირცხვილის შენახვა როდია კარგი, და ყველაფერი ყველას მიერ ჭეშმარიტებით როდი ფასდება.
- 17
გრცხვენოდეთ გარყვნილებისა დედ-მამის წინაშე და სიცრუისა წინამძღოლის და მეუფის წინაშე;
- 18
შეცოდებისა მსაჯულისა და მთავრის წინაშე და ურჯულოებისა საკრებულოსა და ხალხის წინაშე;
- 19
უსამართლობისა ნაცნობისა და მეგობრის წინაშე და ქურდობისა იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობ;
- 20
გრცხვენოდეთ ღვთის სიმართლისა და აღთქმისა, და პურ-მარილზე იდაყვთა დაყრდნობისა,
- 21
მოტყუებისა სესხება-მიცემისას და დუმილისა მომსალმებლის წინაშე,
- 22
მეძავი ქალის ცქერისა და ნათესავისგან პირის შექცევისა,
- 23
წილისა და ძღვენის წართმევისა და გულისთქმისა გათხოვილი ქალის მიმართ,
- 24
არშიყობისა საკუთარ მხევალთან (და ახლოს არ გაეკარო მის საწოლს),
- 25
მეგობრებისთვის დასაყვედრებელი სიტყვებისა (და გაცემის შემდეგ ნუღარ დაამადლით);
- 26
გრცხვენოდეთ ჭორის გამეორებისა და დაფარულ სიტყვათა გამჟღავნებისა.
- 27
იყავი ჭეშმარიტად მორცხვი და ყოველი ადამიანის სიყვარულს მოიპოვებ.