ზირაქი 40
- 1
დიდი ჯაფაა გაჩენილი ყოველი ადამიანისთვის და მძიმეა ადამის ძეთა უღელი დღიდან მათი გამოსვლისა დედის მუცლიდან იმ დღემდე, როცა ყოველთა დედას უბრუნდებიან.
- 2
აფიქრებს ადამიანს და შიშსა ჰგვრის წინათგრძნობა და აღსასრულის დღე,
- 3
დიდებულ ტახტზე მჯდომარედან დაწყებული მიწად და ნაცრად დამდაბლებულამდე,
- 4
ძოწეულისა და გვირგვინის მატარებლიდან ჯვალოთი შემოსილამდე; ყველასთანაა გულისწყრომა და ეჭვი, შფოთი და მღელვარება, სიკვდილის შიში, ცოფი და მტრობა.
- 5
საწოლზე მოსვენების ჟამს ღამის ძილი აშფოთებს მის გონებას.
- 6
მცირე ხნით ან, თითქმის, არასოდეს ისვენებს; ამიტომაც ძილშიაც ისევე ფხიზლობს, როგორც დღისით და შეძრწუნებულია მოჩვენებებით ბრძოლის ველიდან გაქცეულის მსგავსად.
- 7
უსაფრთხოების ჟამს გაიღვიძებს და გაოცდება, რომ საშიში არაფერია.
- 8
ასე ემართება ყველა ხორციელს ადამიანიდან პირუტყვამდე, ცოდვილებს კი შვიდჯერ უფრო მეტად.
- 9
სიკვდილი და სისხლი, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი -
- 10
ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა.
- 11
ყველაფერი, რაც მიწისგანაა, მიწადვე მიიქცევა, და რაც წყლისგანაა, ზღვასვე უბრუნდება.
- 12
შეიმუსრება ყველა ქრთამი და უსამართლობა, რწმენა კი იდგომება სამარადჟამოდ.
- 13
უსამართლოთა ქონება ხევივით ამოშრება და, მსგავსად ძლიერი ქუხილისა თავსხმაში დაიგრგვინებს.
- 14
ვინც ხელგაშლილია, გაიხარებს, დამნაშავენი კი საბოლოოდ წარწყმდებიან.
- 15
უღვთოთა შთამომავლობა რტოებს ვერ გაიმრავლებს და უწმიდური ფესვები სალ კლდეზე ექნებათ.
- 16
წყლისა და მდინარის ნაპირთა ისლი ყველა ბალახზე უწინ აღმოიფხვრება.
- 17
მადლი სამოთხესავით კურთხეულია და მოწყალება საუკუნოდ დარჩება.
- 18
თავისი თავის მოიმედის და მშრომელის სიცოცხლე ტკბილია, მაგრამ განძის მპოვნელი ორივეს სჯობია.
- 19
შვილები და ქალაქის გაშენება სახელს ამკვიდრებენ, მაგრამ უმწიკვლო ცოლი ორივეს სჯობია.
- 20
ღვინო და მუსიკა ახარებს კაცის გულს, მაგრამ სიბრძნის სიყვარული ორივეს სჯობია.
- 21
სალამური და ბარბითი ტკბილ ჰანგს გამოსცემენ, მაგრამ ტკბილი ენა ორივეს სჯობია.
- 22
მადლი და სილამაზე თვალს იტაცებს, მაგრამ მწვანე ჯეჯილი ორივეს სჯობია.
- 23
მეგობარი და ამხანაგი დროდადრო ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ ცოლ-ქმრის ერთად ყოფნა ორივეს სჯობია.
- 24
ძმები და შემწეობა - გასაჭირის ჯამს, მაგრამ მოწყალება იხსნის ორივეზე მეტად.
- 25
ოქრო და ვერცხლი ფეხს მყარად ადგმევინებს, მაგრამ კეთილი რჩევა ორივეზე საიმედოა.
- 26
ქონება და ძალა გულს ამაღლებენ, მაგრამ ორივეზე უფრო - შიში უფლისა; არ იქნება უფლის მოშიშის დამარცხება და არ სჭირდება მას მფარველის ძებნა.
- 27
უფლის შიში კურთხევის სამოთხეა, ყოველგვარ დიდებაზე მეტად შემოსავს მას.
- 28
შვილო, მათხოვრის ცხოვრებით ნუ იცხოვრებ, რადგან მათხოვრობას სიკვდილი სჯობია.
- 29
სხვისი სუფრის შემყურე კაცის ცხოვრება რა ცხოვრებაა - იგი ბილწავს თავის სულს სხვისი საჭმელით; გონიერი და ზრდილი კაცი კი თავს დაიცავს ამისგან.
- 30
ურცხვის პირში სათხოვარი თითქოსდა ტკბება, მაგრამ შიგნეულში კი ცეცხლად ინთება.