ზირაქი 39
- 1
მხოლოდ ის, ვინც თავს შესწირავს უზენაესის რჯულის შესწავლას, გამოიძიებს წინაპართა სიბრძნეს და წინასწარმეტყველებაში გაიწაფება,
- 2
ის შეითვისებს სახელოვან კაცთა ანდაზებს და იგავთა ნართაულობას ჩაწვდება;
- 3
გამოიკვლევს ანდაზების დაფარულ აზრს და იგავთა გამოცანებს გამოიცნობს;
- 4
დიდებულთა შორის იმსახურებს და წინამძღოლის წინაშე წარდგება; იმოგზაურებს უცხო ტომთა ქვეყანაში, რადგან გამოცდილი აქვს სიკეთეცა და ბოროტებაც ადამიანთა შორის;
- 5
თავის გულს წარმართავს ადრე ასადგომად უფლისათვის, ვინც შექმნა იგი, რომ ილოცოს უზენაესის წინაშე, სავედრებლად გახსნას პირი და ცოდვათა მიტევება შესთხოვოს.
- 6
თუკი დიდებული უფალი ინებებს, აღივსება გონების სულით, გადმოაწვიმებს თავისი სიბრძნის სიტყვებს და ვედრებისას უფალს განადიდებს.
- 7
კეთილად წარმართავს თავის ნებასა და გონებას, და შეიმეცნებს უფლის საიდუმლოებებს.
- 8
წარმოაჩენს თავისი დამოძღვრის ხელოვნებას და უფლის აღთქმის რჯულით იამაყებს.
- 9
მის ცოდნას მრავალნი შეაქებენ და არ დაივიწყებენ უკუნისამდე; მისი სახსენებელი არ წაიშლება და მისი სახელი თაობიდან თაობაში იცოცხლებს.
- 10
მის სიბრძნეს განადიდებენ ერები და მის ქებას გამოაცხადებს საკრებულო.
- 11
სანამ ცოცხალია, ათასებზე უფრო დიდ სახელს მოიხვეჭს, და როცა განისვენებს, საკმარისი დარჩება თავისთვის.
- 12
კიდევ მაქვს სათქმელი, რაზეც მიფიქრია; სავსე ვარ, როგორც მთვარე აღვსებისას.
- 13
ისმინეთ ჩემი, ღირსეულო შვილებო, და გაიფურჩქნეთ ნაღვარევ ველზე დარგული ვარდივით.
- 14
და გამოეცით კეთილსურნელება საკმევლის ხესავით, აყვავდით, როგორც შროშანი, მოჰფინეთ სურნელება და იგალობეთ საგალობელი, ყოველი საქმით უფალი აკურთხეთ.
- 15
მიეცით მის სახელს სიდიადე, მადლი მიაგეთ მას ხოტბა-დიდებით, ბაგეთა გალობებით და ბარბითებით, და მადლობისას ასე წარმოთქვით:
- 16
ყველაფერი უფლის ნამოქმედარია, რადგან მშვენიერია ძლიერ და დროულად აღსრულდება მისი ყოველი ნაბრძანები. არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე თავის დროზე გაირკვევა.
- 17
მისი სიტყვით ზვინივით დადგა წყალი და მისი პირიდან თქმულით გაჩნდა წყალთა შესაკრებელნი.
- 18
მისი ბრძანებითაა ყველაფერი, რაც მას ეთნევა, და არავის ძალუძს დააკნინოს მისი მაცხოვრების ძალა.
- 19
მის წინაშეა ყოველი ხორციელის საქმენი და არაფერია მისი თვალებისთვის დაფარული.
- 20
ყოველივე დასაბამიდან განჭვრიტა საუკუნოდ და არაფერია მისთვის საკვირველი.
- 21
არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე საჭიროებისამებრ შეიქმნა.
- 22
კურთხევა მისი ფარავს მდინარესავით და წარღვნასავით არწყულებს ხმელეთს.
- 23
მაგრამ მის რისხვასაც გამოსცდიან ერები, როგორც ოდესღაც, როცა წყლები მლაშობად აქცია.
- 24
ღირსეულთათვის მისი გზები სწორია, ურჯულოთათვის კი შემაბრკოლებელი.
- 25
დასაბამითვე კეთილთათვის შეიქმნა სიკეთე, ხოლო ცოდვილთათვის - ბოროტება.
- 26
ადამიანისთვის სიცოცხლის სახსართაგან მთავარია: წყალი და ცეცხლი, რკინა და მარილი, ხორბლის ფქვილი და რძე, თაფლი და ყურძნის წვენი, ზეთი და სამოსელი -
- 27
ყოველივე ეს ღვთისმოსავთა სასიკეთოდაა, ცოდვილებს კი სატანჯველად ექცევა.
- 28
არის ქარები, შურის საძიებლად შექმნილნი, სიშმაგეში რომ ასასტიკებენ თავიანთ შოლტებს; ქროლვისას ძალას ღვრიან და თავიანთი შემოქმედის გულისწყრომას დააცხრობენ.
- 29
ცეცხლი და სეტყვა, შიმშილი და სიკვდილი - ყოველივე ეს შურისგებადაა შექმნილი.
- 30
მხეცთა კბილები და მორიელნი, ქვეწარმავალნი და მახვილი შურს მიაგებენ ურჯულოთა დასაღუპავად.
- 31
მის ბრძანებაზე ხარობენ, საჭიროებისთვის მზად არიან მიწაზე, რომ თავის დროზე შეასრულონ მისი სიტყვა.
- 32
ამიტომაც იმთავითვე გადავწყვიტე, განვსაჯე და დავწერე,
- 33
რომ მშვენიერია უფლის ყოველი ნამოქმედარი და დროულად მოგვმადლებს ყოველივეს საჭიროებისამებრ,
- 34
და რომ არ ეგების თქმა: ეს ამაზე უარესიაო, რადგან ყველაფერი თავის დროზე სასიკეთო გახდება.
- 35
ახლა, იგალობეთ მთელი გულითა და პირით, და აკურთხეთ უფლის სახელი.