ზირაქი 38
- 1
იმდენი პატივი მიაგე მკურნალს, რამდენადაც გჭირდება იგი, რადგან უფალმა შექმნა იგი.
- 2
რადგან მკურნალობა უზენაესისგან არის და ნიჭიც მეუფისგან ეძლევა მას.
- 3
ცოდნა მკურნალს თავს აუმაღლებს და დიდებულთა წინაშე მოუხვეჭს პატივს.
- 4
უფალმა მიწისგან შექმნა წამლები და გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მათ.
- 5
განა ხისგან არ დატკბა წყალი, რათა საცნაური გამხდარიყო მისი ძალა?
- 6
მანვე მისცა ადამიანებს ცოდნა, რათა ედიდებინათ იგი მის საკვირველ საქმეთა გამო.
- 7
მათი წყალობით მკურნალობს და უამებს ტკივილებს, წამლის მკეთებელი მათგან ნარევს ამზადებს.
- 8
და არ დასრულდება მისი საქმიანობა; მისგანაა მშვიდობა დედამიწის ზურგზე.
- 9
შვილო, შენს სნეულებას ნუ მიუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს.
- 10
განაგდე ცთუნება და გაისწორე ხელი და გული განიწმინდე ყოველგვარი ცოდვისგან.
- 11
მიუძღვენი კეთილსურნელება და გამტკიცული ფქვილის სამახსოვრო წილი, და შესწირე მსხვერპლი, როგორც შეგიძლია.
- 12
მიეცი ადგილი მკურნალს, რადგან უფალმა შექმნა და ნუ მოიშორებ, რადგან გჭირდება იგი.
- 13
არის ჟამი, როცა მათ ხელშია წარმატება.
- 14
რადგან ისინიც უფალს ევედრებიან, რომ შეეწიოს სნეულთათვის შვების მისაცემად და მათ სასიცოცხლოდ.
- 15
ვინც თავისი შემოქმედის წინაშე სცოდავს, დაე, ის ჩავარდეს მკურნალის ხელში.
- 16
შვილო, მკვდარს ცრემლები დაადინე და მძიმე სატანჯველში ჩავარდნილივით ატირდი, შემოსე გვამი, როგორც ეკადრება და ნუ დასტოვებ დაუმარხავს.
- 17
მწარე იყოს დატირება და მხურვალე - გოდება; და იგლოვე, როგორც ეკადრება, ერთი ან ორი დღე, რომ არ დაგძრახონ, და გაიქარვე დარდი.
- 18
რადგან დარდი სიკვდილსაც იწვევს და გულის მწუხარება ძალის დამშრეტია.
- 19
უბედურებას თან მწუხარებაც ახლავს და ღატაკის ცხოვრება გულის დარდია.
- 20
ნუ მიეცემი სევდას გულით და განიშორე იგი აღსასრულის გამხსენებელმა.
- 21
არ დაივიწყო ეს, რადგან დაბრუნება შეუძლებელია, ვეღარც მას არგებ და თავსაც დაიტანჯავ.
- 22
გახსოვდეს ჩემი ხვედრი, რადგან იგი შენიცაა; გუშინ ჩემი იყო, დღეს კი შენია.
- 23
მკვდრის გასვენებასთან ერთად მისი ხსოვნაც მოასვენე და მის გამო მწუხარება გადაგეყრება, როცა სული ამოხდება.
- 24
წიგნიერი სიბრძნის შეძენას მოცალეობის ხელსაყრელი ჟამი სჭირდება და მხოლოდ საქმისაგან თავისუფალი გახდება ბრძენი.
- 25
როგორ გახდება ბრძენი გუთნის დამჭერი, ტყავის შოლტით მოამაყე, ხარების გამრეკი და ამგვარ საქმეებში გართული, რომელსაც მხოლოდ მოზვრები აკერია პირზე?
- 26
მისი საფიქრალი კვლების გაყვანაა და მისი საზრუნავი ხბორების საკვებია.
- 27
ასევეა ყველა ხურო და ხუროთმოძღვარი, რომელიც ღამეს დღესავით ატარებს; ბეჭედთა ჩუქურთმების მჭრელნი ბეჯითად იღვწიან მრავალფერი სახის შესაქმნელად, მათი საფიქრალი გამოსახულების დამსგავსებაა და ცდილობენ, დროზე დაასრულონ საქმე.
- 28
ასევეა მჭედელიც, გრდემლთან მჯდომარე და რკინის ნაკეთობაზე ჩაფიქრებული; მის სხეულს აძაბუნებს ცეცხლის კვამლი და ნიადაგ ებრძვის ქურის მხურვალებას; უროს ხმა უხშობს მას ყურთასმენას, თვალები ჭურჭლის ყალიბისკენ უჭირავს, მისი საფიქრალი ნაკეთობის დასრულებაა და ცდილობს სრულყოფილად შეამკოს იგი.
- 29
ასევეა მექოთნეც, რომელიც თავის საქმეს უზის და ფეხებით ბორბალს ატრიალებს, მუდამ თავის საქმეზე ზრუნავს და მთელი თავისი ნაწარმი აღრიცხული აქვს.
- 30
ხელით სახეს აძლევს თიხას, ხოლო ფეხებით მის სიმაგრეს არბილებს; ფიქრად აქვს, გაასრულოს მოჭიქვა და, ბოლოს, მისი საზრუნავი ღუმელის გასუფთავებაა.
- 31
ყოველ მათგანს თავისი ხელების იმედი აქვს და თითოეული ბრძენია თავის საქმეში.
- 32
მათ გარეშე ვერ აშენდება ქალაქი, და არც ხალხი არ დასახლდება და არ იცხოვრებს იქ.
- 33
მაგრამ მათ არ უხმობენ სახალხო საბჭოზე და არც კრებაზე იწვევენ; არც მსაჯულის სავარძელში სხედან და არც მსჯავრის გამოტანაზე მსჯელობენ.
- 34
არც სასჯელს აცხადებენ და არც განაჩენს, და არც იგავებს იგონებენ, მაგრამ წუთისოფლის საფუძველს ამყარებენ და თავიანთი ხელოვნების წარმატებაზე ლოცულობენ.