ზირაქი 37
- 1
ყოველ მეგობარს შეუძლია თქვას, მეგობარი ვარო, მაგრამ ზოგი მეგობარი მხოლოდ სახელით არის მეგობარი.
- 2
განა სიკვდილივით საწუხარი არ არის, როცა ამხანაგი და მეგობარი მტრად გადაგექცევა?
- 3
ო, ბოროტო ზრახვავ, საიდან შემოძვერი, რომ ხმელეთი მზაკვრობით დაგეფარა?
- 4
მეგობარი ტკბება მეგობრის სიხარულით და გასაჭირის ჟამს კი მის წინააღმდეგ იქნება.
- 5
მეგობარი მეგობარს შეეწევა სტომაქის გულისთვის, ომის დროს კი ფარს დაწვდება.
- 6
ნუ დაივიწყებ მეგობარს შენს სულში და გულიდან ნუ ამოგივარდება შენი კეთილდღეობის დროს.
- 7
ყველა მრჩეველი თავის რჩევას აქებს, მაგრამ ზოგიერთი თავის სასარგებლოდ ურჩევს.
- 8
მრჩევლისგან დაიცავი თავი და ჯერ გამოიცან, რა სურს მას, რადგან შესაძლოა, თავისთვის სასარგებლო რამ გირჩიოს, შენზე კი წილი ჰყაროს;
- 9
გითხრას: კეთილია შენი გზა, მერე წინ დაგიდგეს იმის დასანახად, თუ რა შეგემთხვევა.
- 10
ნუ ითათბირებ შენს მიმართ ეჭვით მომზირალთან და შენს მოშურნეებს დაუფარე განზრახვა.
- 11
ნუ ითათბირებ ცოლთან მის რაყიფზე და მხდალთან - ომზე, ვაჭართან - გაცვლა-გამოცვლაზე და მყიდველთან - გაყიდვაზე, მოშურნესთან - მადლიერებაზე და უწყალოსთან - ქველმოქმედებაზე, მცონარესთან - ნურა საქმეზე, ერთი წლით დაქირავებულთან - სამუშაოს დასრულებაზე და ზარმაც მსახურთან დიდ საქმეზე; არანაირი ბჭობისას არ დაენდო მათ.
- 12
არამედ ყოველთვის მიმართე მხოლოდ ღვთისმოსავ კაცს, ვისზედაც შეიტყობ, რომ მცნებებს მტკიცედ იცავს, ვისი სულიც შენს სულს ეთანხმება და თუ დაეცემი, შენთან ერთად იმწუხრებს.
- 13
დაეყრდენი შენი გულის რჩევას, რადგან მასზე უფრო სანდო არავინ არ გყავს.
- 14
კაცის სული ხომ ზოგჯერ უფრო მეტს გვაუწყებს, ვიდრე მაღალზე მჯდომი შვიდი მეთვალყურე.
- 15
ყოველივე ამისთვის კი ევედრე უზენაესს, რათა ჭეშმარიტებით წარგიმართოს გზა.
- 16
დასაბამი ყველა საქმისა განსჯაა, ყოველგვარ საქმეზე უწინარესი კი - რჩევა.
- 17
კვალი გულის ცვალებადობისა ოთხ მდგომარეობას გვიჩვენებს:
- 18
ბოროტებასა და სიკეთეს, სიცოცხლესა და სიკვდილს; ენა კი მიწყივ მეუფებს მათზე.
- 19
ზოგი კაცი გაწაფულია, მრავალს მოძღვრავს, მაგრამ ურგებია საკუთარი თავისთვის.
- 20
ზოგიერთი სიტყვით ბრძენობს, მაგრამ საძულველია; ამგვარს ყოველგვარი საზრდელი მოაკლდება,
- 21
რადგან არ მიეცა მას უფლისგან მადლი და მოკლებულია ყოველგვარ სიბრძნეს.
- 22
ზოგი ბრძენია საკუთარი თავისთვის და მისი ცოდნის ნაყოფი მის ბაგეზე სარწმუნოა.
- 23
ბრძენი კაცი თავის ხალხს აღზრდის და მისი ცოდნის ნაყოფი სარწმუნოა.
- 24
ბრძენი კაცი კურთხევით აღივსება და მას შენატრის ყოველი მხილველი.
- 25
კაცის სიცოცხლე დღეების რიცხვით განისაზღვრება, ხოლო დღენი ისრაელისა კი განუსაზღვრელია.
- 26
ბრძენი დაიმკვიდრებს თავისი ერის ნდობას და მისი სახელი საუკუნოდ იცოცხლებს.
- 27
შვილო, გამოსცადე შენი სული სიცოცხლეში და ნახე, რა არის მისთვის ცუდი, და ნუ შეამთხვევ.
- 28
რადგან ყველაფერი როდია ყველასთვის სასარგებლო და ყოველ სულს როდი ესათნოება ყოველივე.
- 29
გაუმაძღარი ნუ იქნები განცხრომაში და საჭმელ-სასმელს ნუ დაეხარბები.
- 30
რადგან ბევრი ჭამისგან ჩნდება სენი და გაუმაძღრობამ გულისრევა იცის.
- 31
გაუმაძღრობით მრავალნი აღესრულნენ, თავშეკავებული კი სიცოცხლეს იხანგრძლივებს.