ზირაქი 36
- 1
შეგვიწყალე ჩვენ, მეუფეო, ღმერთო ყოველთა, მოგვხედე და ყოველ ხალხზე მოავლინე შენი შიში.
- 2
აღმართე შენი ხელი უცხო ხალხებზე, რათა იხილონ შენი ძალა.
- 3
როგორც წმიდა გახდი ჩვენში მათ თვალწინ, ასევე განდიდდი მათ შორისაც ჩვენს თვალწინ.
- 4
მათაც შეგიცნონ შენ, ისევე, როგორც ჩვენ შევიცანით, რომ არ არის ღმერთი შენს გარდა, უფალო.
- 5
განაახლე ნიშები და კვლავ მოიმოქმედე სასწაულნი, განადიდე ხელი და მარჯვენა მკლავი.
- 6
აღმართე გულისწყრომა და რისხვა გადმოღვარე, გაანადგურე მოშუღარი და შემუსრე მტერი!
- 7
დააჩქარე დრო და გახსოვდეს ფიცი, და გამოაცხადონ შენი დიადი საქმეები!
- 8
მძვინვარე ცეცხლმა შთანთქას, ვინც კი გადარჩება, და შენი ხალხის ბოროტისმყოფელებმა დაღუპვა ჰპოვონ.
- 9
შემუსრე თავები მტრების წინამძღოლთა, რომ ამბობენ, არავინ არისო ჩვენს გარდა.
- 10
შეკრიბე ყველა ტომი იაკობისა და დაიმკვიდრე ისინი, როგორც დასაბამიდანვე იყო.
- 11
შეიწყალე, უფალო, ხალხი, შენი სახელით წოდებული, და ისრაელი, რომელიც პირმშოდ შერაცხე.
- 12
შეიწყალე ქალაქი შენი სიწმინდისა - იერუსალიმი, შენი დასავანებელი ალაგი.
- 13
აღავსე სიონი შენი სიქველის ქებით და შენი ხალხით - შენი დიდებით.
- 14
მიეცი დასტური დასაბამით შენს შექმნილთ, აღმართე წინასწარმეტყველება შენი სახელით.
- 15
მიეცი ჯილდო შენს მოიმედეთ და სარწმუნონო შეიქნან შენი წინასწარმეტყველნი!
- 16
შეისმინე, უფალო, შენს მსახურთა ვედრება თანახმად აარონის კურთხევისა შენს ხალხზე.
- 17
შეიცნოს ყველამ დედამიწაზე, რომ უფალი ხარ, ღმერთი საუკუნეთა.
- 18
ყოველ საჭმელს ინელებს კუჭი, მაგრამ არის საჭმელი საჭმელის მჯობი.
- 19
სასა გამოარჩევს ნანადირევის კერძს, ასევე გონიერი გული - ცრუ სიტყვებს.
- 20
ცბიერ გულს მწუხარება მოაქვს, მაგრამ მრავალნაცადი კაცი სამაგიეროს მიაგებს.
- 21
ქალი ყველა მამაკაცს მიიღებს, მაგრამ არის ასული ასულის მჯობი.
- 22
ქალის სილამაზე სახეს ამხიარულებს და მამაკაცისათვის ყველაზე მეტად სანატრელია.
- 23
თუ მას ენაც თბილი და ალერსიანი აქვს, მაშინ მის ქმარს ვერავინ შეედრება ადამის ძეთაგან.
- 24
ცოლის მომყვანი საუკეთესო ქონებას იძენს - შესაფერის დამხმარეს და შვების საყრდენს.
- 25
სადაც არ არის ზღუდე, იქ ქონება დაიტაცება, ხოლო სადაც ცოლი არ არის, იკვნესებს მოხეტიალე კაცი.
- 26
რადგან ვინ ენდობა იარაღასხმულ ავაზაკს, ქალაქიდან ქალაქში რომ დაძრწის?
- 27
ასევეა კაციც, რომელსაც არა აქვს ბუდე და, სადაც დაუღამდება, იქ ეძებს სადგურს.