ზირაქი 35
- 1
რჯულის შემნახველი ბევრ მსხვერპლს სწირავს, მცნებათა აღმსრულებელი კი სამადლობელ მსხვერპლს სწირავს.
- 2
მადლის მიმგებელი გამტკიცულ ფქვილს სწირავს, ხოლო მოწყალების გამღები ქების მსხვერპლს სწირავს.
- 3
სათნოა უფლისათვის ბოროტისგან განშორება და შეიწყალებს იგი უსამათლობისგან განდგომილს.
- 4
ნუ წარდგები უფლის წინაშე ხელცარიელი, რადგან ყოველივე ამას მცნება მოითხოვს.
- 5
მართლის შესაწირავი გააპოხიერებს სამსხვერპლოს და მისი კეთილსურნელება უზენაესის წინაშეა.
- 6
მსხვერპლი მართალი კაცისა შეწყნარებულია და ხსოვნა მისი დავიწყებული არ იქნება.
- 7
კეთილი თვალით ადიდე უფალი და ნუ დაამცრობ შენს ნახელავთა ნათავარს.
- 8
მხიარული იყოს შენი სახე ყოველი გაცემისას და სიხარულით შესწირე მეათედი.
- 9
მიეცი უზენაესს მისი მოცემისამებრ და კეთილი თვალით - შენი ხელით მონახვეჭისამებრ.
- 10
რადგან უფალი სამაგიეროს მიმზღველია და შვიდწილად გადაგიხდის.
- 11
ძღვენს ნუ შეამცირებ, რადგან არ მიიღებს, და ნურც უსამართლო შესაწირავის იმედი გექნება.
- 12
რადგან უფალი მსაჯულია და მასთან პირფერობა არ ეგება.
- 13
იგი არ მიიბრუნებს პირს გლახაკისგან და შეისმენს მის მუდარას.
- 14
აბუჩად არ აიგდებს არც ქვრივის და არც ობლის ვედრებას, თუკი იგი სათქმელს გადმოღვრის.
- 15
განა ქვრივის ღაწვებზე ცრემლი არ მოგორავს და არ ჩივის ხმამაღლა იმათ წინააღმდეგ, ვინც დაამდაბლა ისინი?
- 16
ღვთის მსახური სათნოდ იქნება შეწყნარებული და მისი ლოცვა ღრუბლებამდე ააღწევს.
- 17
მდაბლის ლოცვა ღრუბლებს სწვდება და მანამდე არ იქნება ნუგეშცემული, ვიდრე ღმერთამდე არ მიაღწევს;
- 18
და არ შეწყვეტს, სანამ უზენაესი არ გადმოხედავს, სიმართლით არ განსჯის და სამართალს არ გააჩენს.
- 19
არც უფალი დააყოვნებს და აღარ მოუთმენს მათ,
- 20
ვიდრე წელში არ გატეხავს შეუწყალებელთ და შურისძიებას არ მიაგებს წარმართებსაც.
- 21
ვიდრე არ შემუსრავს მედიდურთა სიმრავლეს და უსამართლოთა კვერთხს დალეწავს,
- 22
ვიდრე სამაგიეროს არ მიუზღავს კაცს მის საქმეთაებრ და კაცთა საქმეებს მათი ჩანაფიქრისაებრ,
- 23
ვიდრე სამსჯავროზე არ განსჯის თავის ხალხს და არ გაახარებს მას თავისი მოწყალებით.
- 24
რადგან მისწრებაა მოწყალება გასაჭირში, როგორც საწვიმარი ღრუბლები გვალვაში.