ზირაქი 34
- 1
ფუჭი და ცრუ იმედები აქვს უგუნურ კაცს და სულელებს ფრთებს ასხამენ სიზმრები.
- 2
რაღა ჩრდილის შემპყრობელი და ქარის მდევნელი და რაღა სიზმრების მოიმედე.
- 3
სიზმრების ხილვა ერთიმეორის საწინააღმდეგოა - მსგავსება სახისა სახის პირისპირ.
- 4
უწმინდურისგან რა განიწმიდება და სიცრუისგან რა გამართლდება?
- 5
მისნობები, ფრინველებზე მკითხაობანი და სიზმრები ფუჭია და მშობიარესავით აოცნებებენ გულს.
- 6
თუკი ისინი შესაგონებლად არ არიან მოვლენილი უზენაესისგან, ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ.
- 7
რადგან მრავალნი აცდუნეს სიზმრებმა და დაეცნენ მისი მოიმედენი.
- 8
რჯული აღსრულდება ამ სიცრუეთა გარეშე და სიბრძნე სრულიქმნება მორწმუნის პირით.
- 9
მოხეტიალე კაცმა ბევრი იცის, და მრავალნაცადი გონივრულს გვაუწყებს.
- 10
ვინც გამოუცდელია, მცირემცოდნეცაა, ხოლო ვინც იხეტიალა, ცოდნაც გაიმრავლა.
- 11
მრავალი რამ მინახავს ჩემი ხეტიალისას და ბევრად მეტი ვიცი, ვიდრე ვამბობ.
- 12
მრავალჯერ სიკვდილს მივწურვილვარ, მაგრამ გამოცდილების წყალობით გადავრჩენილვარ.
- 13
უფლის მოშიშთა სული იცოცხლებს, რადგან მათი სასოება მათი მხსნელია.
- 14
უფლის მოშიში არაფერს შეუშინდება და არც სიმხდალეს გამოიჩენს, რადგან უფალია მისი იმედი.
- 15
ნეტარია სული უფლის მოშიშისა. ვის უჭირავს იგი და ვინ არის საყრდენი მისი?
- 16
უფლის თვალი მის მოყვარულთ დაჰყურებს; ის არის ძლევამოსილი მცველი და მტკიცე საყრდენი, საფარველი ხორშაკისგან და საფარველი შუადღის ხვატისგან, ამრიდებელი შებრკოლებისას და შემწე დაცემისას,
- 17
აღმაზევებელი სულისა და განმანათლებელი თვალისა, მომცემელი კურნებისა, სიცოცხლისა და კურთხევისა.
- 18
გასაკიცხია მსხვერპლი, უსამართლოდ მონახვეჭისგან შეწირული, და შეუწყნარებელია ურჯულოთა ძღვენი.
- 19
უღვთოთა შესაწირავს უზენაესი არ მიითვლის სათნოდ და არც მსხვერპლშეწირვათა სიმრავლე მიატევებინებს ცოდვებს.
- 20
რაღა შვილის დაკვლა მამის წინაშე და რაღა მსხვერპლის შეწირვა ღარიბ-ღატაკის ქონებიდან.
- 21
გაჭირვებულთა პური უპოვართა სიცოცხლეა, მისი წამრთმეველი კი სისხლისმსმელია.
- 22
ვინც მოყვასს საზრდოს ართმევს, მისი მკვლელია; და ვინც მოჯამაგირეს ჯამაგირს ართმევს, სისხლისმღვრელია.
- 23
თუ ერთი აშენებს და მეორე არღვევს, რას მოიგებენ გარდა დაღლისა?
- 24
თუ ერთი ლოცულობს და მეორე იწყევლება, ვის ხმას შეისმენს მეუფე?
- 25
ვინც განიბანება გვამის შეხების შემდეგ და ისევ შეეხება მას, რას მოიგებს ამ განბანვით?
- 26
ასევე თუ თავისი ცოდვებისთვის მარხული კაცი კვლავ წავა და იმასვე ჩაიდენს, ვინ გაიგონებს მის ვედრებას? რას მოიგებს ამ დამდაბლებით?