ზირაქი 33
- 1
უფლის მოშიშს არ შეემთხვევა უბედურება, არამედ კვლავ და კვლავ იხსნის განსაცდელისგან.
- 2
ბრძენი კაცი რჯულს არ შეიძულებს, მისი თვალთმაქცურად დამცველი კი ქარიშხალში მოხვედრილი ხომალდივითაა.
- 3
გონიერი კაცი იწამებს რჯულს და რჯულიც სარწმუნოა მისთვის, როგორც პასუხი ურიმისა.
- 4
მოამზადე სიტყვა და მაშინ მოგისმენენ, შეაუღლე ცოდნასთან და გაეცი პასუხი.
- 5
ეტლის ბორბალია ბრიყვის გული და მისი აზრები - მბრუნავი ღერძი.
- 6
ულაყ ცხენსა ჰგავს მქირდავი მეგობარი: ვინც არ უნდა შეაჯდეს, ჭიხვინებს.
- 7
რატომღა სჯობს ერთი დღე მეორეს, თუ ყოველი დღის ნათელი წელიწადში მზისგანაა?
- 8
უფლის სიბრძნით განიყვნენ ისინი, მან განასხვავა არენი და დღესასწაულნი.
- 9
მათგან ზოგნი აამაღლა და წმიდაჰყო, ზოგნი კი სადაგ დღეთა რიცხვს მიაკუთვნა.
- 10
ყოველი ადამიანი მიწისგანაა და მიწისგან შეიქმნა ადამიც.
- 11
მაგრამ ყოვლისმცოდნე უფალმა დაყო ისინი და განასხვავა მათი გზები.
- 12
მათგან ზოგნი აკურთხა და აამაღლა, ხოლო ზოგნი წმიდაჰყო და თავისთან მიიახლა, სხვანი კი დაწყევლა და დაამდაბლა და მიაქცია ისინი მათი ადგილიდან.
- 13
როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ვის ნებაზეცაა დამოკიდებული მისი ყველა გზა, ასევე ადამიანებიც მათი შემოქმედის ხელშია და ისიც მიაგებს მათ თავისი განგების მიხედვით.
- 14
როგორც ბოროტებას უპირისპირდება სიკეთე და სიკვდილს - სიცოცხლე, ასევე ღვთისმოსავს - ცოდვილი.
- 15
ამგვარად შეხედე უზენაესის ყოველ საქმეს: წყვილ-წყვილად არიან, ერთიმეორეს უპირისპირდებიან.
- 16
და მე უკანასკნელმა ვიფხიზლე, როგორც მცვრეველმა მკრეფავთა კვალზე,
- 17
და ღვთის კურთხევით მაინც ვიმარჯვე და ყურძნის მკრეფავთა მსგავსად მეც ავავსე საწნახელი.
- 18
იცოდეთ, მხოლოდ ჩემთვის როდი დავშვერი, არამედ ყველასთვის, ვინც ცოდნას ეძებს.
- 19
შეისმინეთ ჩემი, ერის დიდებულნო და საკრებულოს წინამძღვარნო, ყურად იღეთ:
- 20
შვილსა და ცოლს, ძმასა და მეგობარს ნუ დაისვამ თავზე შენს სიცოცხლეში. სხვას ნუ მისცემ შენს ქონებას, რათა არ შეინანო და არ მისტიროდე.
- 21
სანამ ცოცხალი ხარ და პირში სული გიდგას, სხვას ნურავის დაუთმობ შენს ადგილს.
- 22
რადგან უმჯობესია შვილებმა გთხოვონ, ვიდრე შენ უყურებდე შვილებს ხელებში.
- 23
ყველა შენს საქმეში პირველი იყავი და ლაქას ნუ წააცხებ შენს ღირსებას.
- 24
შენი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს და აღსასრულის ჟამს გაანაწილე მემკვიდრეობა.
- 25
საკვები, ჯოხი და ტვირთი - ვირს; პური, წვრთნა და საქმე კი - მსახურს.
- 26
დაასაქმე მონა და იპოვი მოსვენებას, გაუხსნი ხელებს და თავისუფლებას ეცდება.
- 27
ხარის ქედს უღელი და აპეურები მოდრეკენ, ცბიერ მსახურს კი - ბორკილები და წყლულები.
- 28
მიუჩინე მას საქმე, რათა არ გაზარმაცდეს, რადგან მრავალი ბოროტება უსწავლებია მცონარობას.
- 29
დააყენე საქმეზე, როგორც მას შეეფერება და, თუ არ დაგემორჩილა, მძიმე ბორკილები დაადე.
- 30
მაგრამ ნურცერთ ხორციელს ნუ მოსთხოვ ზედმეტს და განუსჯელად ნურაფერს გააკეთებ.
- 31
თუ გყავს მსახური, შენსავით იყოს, რადგან სისხლით გყავს შეძენილი.
- 32
თუ გყავს მსახური, ძმასავით მოექეცი, რადგან დაგჭირდება, როგრც საკუთარი სული.
- 33
თუკი ბოროტად მოექეცი მას და ისიც ადგება და გაიქცევა, რომელ გზაზე დაუწყებ ძებნას?