ზირაქი 32
- 1
თუ სუფრის უფროსად დაგსვეს, თავს ნუ აიმაღლებ, არამედ იყავი მათ შორის, როგორც ერთი მათგანი; ჯერ მათზე იზრუნე და მერე დაჯექი,
- 2
როცა ყოველ საქმეს აღასრულებ, რაც გევალება, რათა მათით გაიხარო და რიგიანი გაძღოლისთვის გვირგვინი მიიღო.
- 3
ისაუბრე, წინამძღოლო, რადგან ეს შეგეფერება დარბაისლური ცოდნით, და მუსიკასაც ნუ დააბრკოლებ.
- 4
როცა უსმენენ, ენად ნუ გაიკრიფები და ნუ ბრძენობ უდროო დროს.
- 5
როგორც ლალის ბეჭედია ოქროს სამკაულში, ასევე მუსიკის კეთილხმოვანებაა ნადიმზე ღვინის სმისას.
- 6
როგორც ბეჭედი სმარაგდისა ოქროს ბუდეში, ასევე მუსიკის ჰანგია ტკბილი ღვინის სმისას.
- 7
ისაუბრე, ჭაბუკო; თუ საჭირო შეიქენი, თქვი ორიოდე სიტყვა, როცა შეგეკითხებიან;
- 8
თქვი უმთავრესი, მცირედით მრავალი, და იყავი მცოდნე და შეგეძლოს დუმილის დაცვაც.
- 9
დიდებულთა შორის ყოფნისას მათ თავს ნუ გაუტოლებ და ნუ მრავალსიტყვაობ, როცა სხვა საუბრობს.
- 10
ქუხილს ელვა უსწრებს წინ, ხოლო მორიდებულ კაცს - კეთილგანწყობა.
- 11
დროულად წამოდექ და ბოლო ნუ იქნები, სახლისკენ იჩქარე და ნუღარ შეყოვნდები.
- 12
იქ გაერთე და ისე მოიქეცი, როგორც გსურდეს, მაგრამ ქედმაღლური სიტყვით ნუ შესცოდავ.
- 13
ამისთვის დალოცე შენი შემქმნელი და თავისი სიკეთით შენი კმამყოფელი.
- 14
უფლის მოშიში შეიწყნარებს შეგონებას და დილაადრიანად ამდგარნი წყალობას იპოვნიან.
- 15
რჯულის მძებნელი მისით აღივსება, ხოლო თვალთმაქცი მასში დაბრკოლდება.
- 16
უფლის მოშიშნი სამართალს იპოვნიან და ნათელივით გააბრწყინვებენ მსაჯულებას.
- 17
ცოდვილი კაცი თავს აარიდებს მხილებას და შენდობასაც თავისი ნებისამებრ მოიპოვებს.
- 18
გონიერი კაცი განსჯას არ უგულებელყოფს, უგუნურსა და ამპარტავანს კი შიში ვერ შეარყევს.
- 19
დაუფიქრებლად ნურაფერს გააკეთებ და, თუ გააკეთებ, სინანულს ნუ მოჰყვები.
- 20
ნუ გაემართები ნანგრევების გზით, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.
- 21
ნუ მიენდობი სწორ გზასაც.
- 22
და უფრთხილდი თვით შენს შვილებსაც კი.
- 23
ყოველ საქმეში შენს სულს მიენდე, რადგან ესაა მცნებათა დაცვა.
- 24
რჯულის მოესავი მცნებებს უფრთხილდება და უფლის მოიმედე არ დაზარალდება.