ზირაქი 4
- 1
შვილო, გლახაკის ქონებას ნუ მიიტაცებ და მთხოვნელს თვალს ნუ აარიდებ.
- 2
მშიერის სულს ნუ დაამწუხრებ და ნუ განარისხებ კაცს მის გასაჭირში.
- 3
განრისხებულ გულს ნუღარ შეაჭირვებ და მთხოვნელს მიცემას ნუ დაუგვიანებ.
- 4
შეწევნის მთხოვნელს, დაჩაგრულს უარს ნუ ეტყვი და პირს გლახაკისაგან ნუ მიიბრუნებ.
- 5
მთხოვნელს თვალს ნუ მოარიდებ, კაცს თავს ნუ დააწყევლინებ.
- 6
რადგან იმ კაცის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი.
- 7
თავაზიანად მოიქეცი საკრებულოში და მთავრის წინაშე თავი მოიდრიკე.
- 8
ყური მიაპყარ გლახაკს და მშვიდად და ალერსით უპასუხე.
- 9
იხსენი უსამართლოდ დაჩაგრული უსამართლოს ხელიდან და განსჯისას სულმოკლე ნუ იქნები.
- 10
იყავი ობოლთათვის როგორც მამა და მათი დედისათვის ქმრის მაგიერი, და შეიქნები ვითარცა ძე უზენაესისა, რომელიც დედაზე უფრო შეგიყვარებს.
- 11
სიბრძნემ აამაღლა თავისი ძენი და შეეწია თავის მაძიებელთ.
- 12
მის მოყვარულს სიცოცხლე უყვარს და მისთვის რიჟრაჟზე წამომდგარნი სიხარულით აღივსებიან.
- 13
მისი მფლობელი დიდებას დაიმკვიდრებს და, სადაც კი მივა, უფალი აკურთხებს.
- 14
რომელნიც მას მსახურებენ, წმინდას ემსახურებიან, და მისი მოყვარულნი უფალსაც უყვარს.
- 15
მისი მორჩილი წარმართებს განსჯის და ვინც მას რწმენით მიეახლება, დამკვიდრდება.
- 16
რომელიც ირწმუნებს, დაიმკვიდრებს მას და მისი შთამომავალნი გახდებიან მფლობელნი მისნი.
- 17
რადგან ჯერ მრუდე გზებით ივლის მასთან ერთად, შიშსა და ძრწოლაში ეყოლება, გასტანჯავს მას თავისი წვრთნით, ვიდრე არ დარწმუნდება მასში და თავის მცნებათა განსაცდელში არ გაატარებს.
- 18
კვლავ მოიქცევა სიწრფელით მისკენ და გაახარებს მას, განუცხადებს თავის საიდუმლოთ.
- 19
თუ შეცდება, მიატოვებს მას და მის დამამხობელს ჩაუგდებს ხელში.
- 20
გაფრთხილდი, ჟამი არ გამოგეპაროს, ბოროტისაგან დაიცავი თავი და შენი თავისა არ შეგრცხვება.
- 21
რადგან არის სირცხვილი, რომელსაც ცოდვა მოაქვს, და სირცხვილი, რომელიც დიდება და მადლია.
- 22
ნუ თვალთმაქცობ საკუთარი თავის წინაშე და შენი დაცემისა ნუ გრცხვენია.
- 23
ნუ დააბრკოლებ სიტყვას საჭიროების ჟამს,
- 24
რადგენ სიბრძნე სიტყვით შეიცნობა და ცოდნა - ენის მეტყველებით.
- 25
წინ ნუ აღუდგები ჭეშმარიტებას და შენი უმეცრებისა გრცხვენოდეს.
- 26
ნუ შეგრცხვება აღიარება შენი ცოდვებისა და მდინარის დინებას ნუ შეაჩერებ.
- 27
უგუნურ კაცს თავს ნუ დაუმორჩილებ და შეძლებულს ნუ მიეკერძოები.
- 28
სიკვდილამდე იღვაწე სიმართლისთვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის.
- 29
ნუ იქნები კადნიერი ლაპარაკში და ზარმაცი და დაუდევარი საქმეში.
- 30
ნუ იქნები ლომივით შენს სახლში და შარიანი სახლეულებთან.
- 31
ნუ გექნება ხელი გაწვდილი მისაღებად და მომუჭული გასაცემად.