ზირაქი 5
- 1
ნუ გეიმედება შენი ქონება და ნუ იტყვი, საკმარისი მაქვსო.
- 2
ნუ აყვები შენს სულსა და შენს შეძლებას, ნუ ივლი გულისთქმის კვალზე.
- 3
ნუ იტყვი, ვინ გამიბატონდებაო? რადგან უფალია შენი დამსჯელი.
- 4
ნუ იტყვი, შევცოდე და რა დამემართაო, რადგან სულგრძელია უფალი.
- 5
შეწყალების იმედით უშიშარი ნუ იქნები და ცოდვას ცოდვაზე ნუ დაურთავ.
- 6
ნუ იტყვი, გულმოწყალება მისი დიდია და მრავალ ცოდვებს შემინდობსო, რადგან შეწყალებაცა და რისხვაც მასთანაა და ცოდვილებზე გადმოვა მისი გულისწყრომა.
- 7
ნუ აყოვნებ მოქცევას უფლისაკენ და სახვალიოდ ნუ გადადებ, რადგან მყისვე გადმოვა უფლის რისხვა და შურისგების ჟამს წარიწყმედები.
- 8
ნუ გეიმედება უსამართლოდ მონახვეჭი, რადგან განსაცდელის დღეს სარგებლობას ვერ მოგიტანს.
- 9
ნუ აჰყვები ყველა ქარს და ყოველი გზით ნუ ივლი, როგორც ორპირი ცოდვილები იქცევიან.
- 10
იყავი მტკიცე შენს ცოდნაში და ერთი იყოს სიტყვა შენი.
- 11
იყავი სწრაფი მოსასმენად და პასუხი სულგრძელობით გაეცი.
- 12
თუ გაქვს ცოდნა, მოყვასს უპასუხე, თუ არა და, ბაგეზე გედოს ხელი.
- 13
პატივი და უპატიობა სიტყვებშია და კაცის დამღუპველი მისი ენაა.
- 14
ნუ განითქმები დამსმენად და ენით ნუ იმზაკვრებ, რადგან ქურდს სირცხვილი, ორპირს კი სასტიკი განაჩენი ერგება წილად.
- 15
ნურც დიდში და ნურც მცირეში უგუნური ნუ იქნები, თუ მოყვარე ხარ, მტრულად ნუ მოიქცევი, რადგან აუგიანი სახელი სირცხვილსა და კიცხვას დაგიმკვიდრებს ორპირი ცოდვილივით.